ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლასაბჭოთა არმიის მსროლელი, საარტელერიო და ცხენოსანი დანაყოფების მეთაურთა მოსამზადებელი საშუალო სასწავლებელი.

დაარსდა 1921 წლის სექტემბერში თბილისში, ქართული სამეთაურო კურსების ბაზაზე და 1923 წლამდე ქართული შეერთებული სამხედრო სკოლა ეწოდებოდა. იგი ვაკეში, ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში (დღევენდელი მე-9 საავადმყოფოს ყოფილი შენობა) იყო განთავსებული.1923 წელს გადაეცა საქართველოს ცაკის წითელი დროშა და ოფიციალურად ეწოდა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა.

იგი შედგებოდა მსროლელი, მეტყვიამფქვევეთა ასეულების, საარტეტილერიო და ცხენოსანი განყოფილებებისაგან. სწავლის ხანგრლივობა — 1,5—2 წელი. კურსანტთა პირველ ნაკადში 43 კომუნისტი და კომკავშირელი იყო. არსებობის მანძილზე ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლამ 5 ნაკადი (1922, 1924, 1925, 1926, 1927) გამოუშვა (სულ 591 ახალგაზრდა მეთაური). სკოლის უფროსებად სხვადასხვა დროს იყვნენ შალვა დანელია, ვალიკო ტალახაძე, ალექსანდრე გედევანიშვილი, კომისრებად — ბორის ძნელაძე, კონსტანტინე ჭკუასელი, თედორე (სოსო) ბუაჩიძე, ა. რამიშვილი, გაიოზ დევდარიანი, შალვა ოკუჯავა. ზოგადსაგანამანათლებლო საგნებს ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები და სწავლულები. ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა დაამთავრეს გენერალ-პოლკოვნიკებმა, საბჭოთა კავშირის გმირებმა: კონსტანტინე ლესელიძემ და პორფილე ჩანჩიბაძემ, გენერალ-ლენტენანტმა ვასილ მჟავანაძემ, გენერალ-მაიორებმა პავლე აბრამიძემ, ივანე ბაბალაშვილმა, ნიკოლოზ თავართქილაძემ, ნიკოლოზ კალაძემ, დიმიტრი ნამგალაძემ, ილია რაზმაძემ, მიხეილ როსტომაშვილმა, ისიდორე სილაგაძემ, პანტელეიმონ შიოშვილმა, ვალერიან ძაბახიძემ, გიორგი ჯინჭარაძემ, კონტრ-ადმირალმა მიხეილ ჯინჭარაძემ და სხვებმა.

ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის რაზმები მონაწილეობდნენ ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში ხევსურეთსა (1922) და გურიაში (1923). 1927 წელს თბილისის სამხედრო ქვეითთა სკოლის, ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, აზერბაიჯანის და სომხეთის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სამხედრო სკოლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამშობლოს სადარაჯოზე. ნარკვევები, მოგონებები, თბ., 19825;
  • ყურაშვილი გ., სამშობლოს ერთგული შვილები, თბ., 1965;
  • ცქიტიშვილი კ., ჩინჩილაკაშვილი ტ., საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან, თბ., 1977;