კოლაუ ჩერნიავსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოლაუ ჩერნიავსკი
დაბ. თარიღი 1892
დაბ. ადგილი ბელგოროდ-დნესტროვსკი, ბესარაბიის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1947
გარდ. ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და კრიტიკოსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

კოლაუ ჩერნიავსკი (დ. 1892, აკერმანი, ბესარაბიის გუბერნია – გ. 1947) — ქართველი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი, თბილისური ავანგარდის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პოლონური წარმომავლობის სათავადაზნაურო ოჯახში. მამა ანდრეი, 1904 წელს ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სამი მცირეწლოვანი ვაჟიშვილით გადმოსახლდა თბილისში. 1912-1914 წლებში იყო თბილისის გუბერნატორი. კვლავ ქორწინდება და ცოლად ირთავს ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილის შვილს, მომღერალ ოლგა დოლგოვას. 1917 წელს ილია და კირილე ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, ზიგა ვალიშევსკისთან, ყარადარვიშთან, ალექსეი კრუჩონიხთან ერთად, აყალიბებს ჯგუფს „ფუტურისტული სინდიკატი“. კოლაუ ჩერნიავსკი 1918 წელს რუსულენოვან გაზეთ „რესპუბლიკაში“ აქვეყნებს წერილს კირილე ზდანევიჩზე: „კირილე ზდანევიჩის გამოფენა“ . კოლაუ ჩერნიავსკი სწავლობდა თბილისში ვაჟთა I გიმნაზიაში. სწავლას აგრძელებს ყაზანის უნივერსიტეტში. მისი ლექსები დაბეჭდილია 1917-1919 წლებში „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ მიერ გამოცემულ ცნობილ კრებულში, ძირითადი ნაწილი კი დაკარგულია. 1918-1920 წლებში ილია ზდანევიჩის მიერ დაფუძნებული ფუტურისტული ჯგუფის „41°“-ის აქტიური წევრია. ამ რადიკალურ ავანგარდულ ჯგუფში ყოფილი „ფუტურისტული სინდიკატის“ თითქმის ყველა წევრი გადმოდის. კოლაუ ჩერნიავსკი ზაუმის პოეტია. სერიოზულადაა დაინტერესებული ნიკო მარის ენის თეორიით, თარგმნის ტექნიკით, ისტორიული ქრონიკებით. ილია ზდანევიჩთან ერთად მუდმივად ეძებს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს, წერს ე.წ. „ორკესტრულ ლექსებს“. 1926 წელს თბილისში გამოცემულ სამენოვან (ქართული, რუსული, ფრანგული) წიგნში, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, იბეჭდება მისი ფრანგულენოვანი ტექსტი. „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ საღამოების მუდმივი თანამონაწილე, ექსპერიმენტატორი ავანგარდისტი პოეტი, არაჩვეულებრივად ერკვეოდა ხელოვნებაში, უყვარდა ფიროსმანაშვილი. იყო საინტერესო კრიტიკოსი და მშვენიერი მთარგმნელი. რუსულად თარგმნა დემნა შენგელაიას „სანავარდო“, ნიკოლო მიწიშვილის „ეპოპეა“, რაჟდენ გვეტაძის ნოველები, ტიციან ტაბიძის „როალდ ამუნდსენ“, მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“, სიმონ ჩიქოვანის ლექსები; სომხურიდან რუსულად თარგმნა ფუტურისტი ყარა-დარვიშის ლექსები და სხვა. წერდა სტატიებს და აქვეყნებდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფინი ნ, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 494, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]