რაჟდენ გვეტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაჟდენ გვეტაძე
დაბ. თარიღი 29 ივლისი 1897(1897-07-29)
დაბ. ადგილი ციხია, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი 1952(1952-12-01) (55 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე (დ. 29 ივლისი, 1897, ციხია, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 1 დეკემბერი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა სამკლასიანი სასწავლებელი და უსახსრობის გამო დაიწყო მუშაობა შეგირდად. პარალელურად სწავლობდა საღამოს სკოლაში. ბეჯითი ახალგაზრდა დაეწაფა წიგნებს და ამავე პერიოდში გადადგა პირველი მორიდებული ნაბიჯები ლიტერატურაში. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი „მთვარის ზღაპარი“. ამ პერიოდში იგი უახლოვდება „ცისფერ ყანწელებს“, რაც აისახა კიდეც მის იმდროინდელ კრებულებში.

რ. გვეტაძემ პროზაში შედარებით გვიან დაიწყო მუშაობა. 1929 წელს გამოვიდა მისი პირველი დიდი რომანი „თეო“. ამას მოჰყვა „ჭიაკოკონა“, ხოლო 1935 წელს ერთ სიუჟეტურ ქარგაზე აგებული ნოველების კრებული „ლაშაური საღამოები“, რომელიც ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში.

რ. გვეტაძემ მრავალი პროზაული და პოეტური ნაწარმოები უძღვნა სამამულო ომს. მათ შორის კრებულები „მართალი ნოველები“, „ცხოვრება იწყება თავიდან“, ლექსები „შვილის წერილი“ და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული ლექსი „სიმღერა შალამბერიძეზე“, რომელიც ხალხმა სიმღერად აქცია. მწერლის პროზაული ნაწარმოებები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ღრმა ემოციურობით, ხოლო მისი ლექსები მუსიკალურობითა და სიმარტივემდე სისრულით.

რ. გვეტაძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მან გაამდიდრა ქართული მწერლობა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ძეგლებით, როგორიცაა ძველინდური ეპოსი „რამაიანა“, ფრანგული ეპოსი „სიმღერა როლანდზე“. მანვე თარგმნა აგრეთვე ნეკრასოვის, ფრანკოს, და სხვა რუსი, უკრაინელი, სომეხი, ბელორუსი მწერლების ნაწარმოებები.

1935-1950 წლებში სათავეში ედგა გამომცემლობა „ფედერაციას“ (შემდგომში „საბჭოთა მწერალი“).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 104, თბ., 1994