შინაარსზე გადასვლა

კობა ხარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხარაძე.
კობა ხარაძე
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1940(1940-10-20)
დაბ. ადგილი ჩხარი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 2021(2021-08-16) (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

კობა პავლეს ძე ხარაძე (დ. 20 ოქტომბერი, 1940 — გ. 16 აგვისტო, 2021) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი.[1] ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი.[2] საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირის გამგეობის წევრი.

კობა ხარაძემ დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1966 წელს. 1966–69 წლებში მუშაობდა წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1969–72 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში პროფესორ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით; 1973 წლიდან მუშაობს ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად; 1993 წლიდან ისტორიული გეოგრაფიის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია; შეთავსებით მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში საქართველოს გეოგრაფიის კათედრაზე; სხვადასხვა წლებში შეთავსებით მუშაობდა ქუთაისისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.[3]

კობა ხარაძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1973 წელს თემაზე: „გეოგრაფიული ცოდნის ისტორია ძველ საქართველოში (X-XVIII სს.)“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1993 წელს თემაზე „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. ქართლი“.[3]

კობა ხარაძის კვლევის სფეროა გეოგრაფიის ისტორია და ისტორიული გეოგრაფია. ჩაატარა კვლევები ქართველ გეოგრაფებსა და მოგზაურებზე, გააანალიზა მოგზაურთა შთაბეჭდილებები გეოგრაფიული რაკურსით, შეადგინა მოგზაურთა მარშრუტული რუკები; საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიაში გამოიკვლია ასეულობით ძველი ქართული ტოპონიზმი (ლოკალიზაცია, ეტიმოლოგია), შეადგინა შესაბამისი რეტროსპექტული რუკები; ახალი მონაცემების (არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, საარქივო და სხვა) საფუძველზე გამოიკვლია ისეთი საკითხები, რომლებიც ადრე ნაკლებად ან ბუნდოვნად იყო გადმოცემული (ძველი საზღვრები, ტოპონიმები, მიგრაციები და სხვა); მოახდინა რიგი რეგიონების ძველი მოსახლეობის რეტროსპექტული კარტოგრაფირება; ასევე, შეისწავლა ისტორიული სამხედრო გეოგრაფია და საეკლესიო გეოგრაფია. ამ და სხვა საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატია. მათ შორის, 25-ზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო; რამდენიმე თემატური რუკის ავტორია.[3]

კობა ხარაძემ დიდი წვლილი შეიტანა გეოგრაფიული მეცნიერების პროპაგანდის საქმეში. ამ მხრივ, ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა 300-ზე მეტი წერილი, რადიო-ტელევიზიით ათობით გადაცემა და გამოსვლა მიუძღვნა საქართველოს ბუნების ძეგლებს, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ტოპონიმებს და სხვა საკითხებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა „მემორიალური მუზეუმი“, რომელსაც საზოგადოებრივ საწყისებზე თავად უძღვებოდა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში[4] აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმები; გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა საიუბილეო კრებული — „ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 50“; დიდი წვლილი შეიტანა „საქართველოს წითელი წიგნის“ არაორგანული ბუნების ძეგლების განყოფილების ტექსტებისა და საილუსტრაციო მასალების დამუშავებაში; მისი რედაქტორობით გამოვიდა ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფიის“ ორი წიგნი — „სამცხე“ და „ქართლი“; არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და ატლასის სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გრიფით გამოვიდა 4 სახელმძღვანელო სპეციალურ საგნებში, მათ შორის, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“; მისი აქტიური მონაწილეობით ჩატარდა რესპუბლიკური 2 კონფერენცია და სხვა.[3]

  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფია : ქვემო ქართლი, თბილისი, მეცნიერება, 1991;
  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფია : შიდა ქართლი, თბილისი, განათლება, 1992;
  • გეოგრაფიული ცოდნის ისტორია ძველ საქართველოში, თბილისი, მეცნიერება, 1996;
  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფია : ზემო ქართლი, თბილისი, მეცნიერება, 2000;
  • საქართველოს გეოგრაფია (შემდგენელი) // ნაწ. I. - თბილისი, მეცნიერება, 2000;
  • საქართველოს გეოგრაფია (შემდგენელი) // ნაწ. II. - თბილისი, კაბადონი, 2001;
  • ჩხარი : ისტ.-გეოგრ. ნარკვევი, თბილისი, კაბადონი, 2001;
  • ტოპონიმიკური შტუდიები : წერილები // ნაწ. 2. - თბილისი, შპს „სვეტი“, 2019.
  1. თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი
  2. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  4. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-08. ციტირების თარიღი: 2020-11-29.