კირიაზების ოჯახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირიაზების ოჯახი (ალბ. Familja Qiriazi ) — ცნობილი ალბანური ოჯახი ქალაქ ბიტოლიდან (ამჟამად მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე). ამ ოჯახის წევრები იყვნენ ალბანეთის ეროვნული მოძრაობის პერიოდის პედაგოგები, გამომცემლები და საზოგადო მოღვაწეები. კირიაზების ოჯახის ოთხი წევრი პირველი პროტესტანტები იყვნენ ალბანეთსა და დღევანდელ კოსოვოში.[1] [2] [3] .

ოჯახის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერასიმ კირიაზი

გერასიმ კირიაზი (1858-1894) სწავლობდა ბერძნულ სკოლაში მშობლიურ ქალაქ მონასტირში, შემდეგ ინგლისური ენის მასწავლებლის, ამერიკელი მისიონერ ჯენის დახმარებით — სწავლობდა სამოკოვის ( ბულგარეთი ) ამერიკულ ბიბლიურ კოლეჯში. კოლეჯში ოთხწლიანი სწავლის შემდეგ, მას შესთავაზეს სამუშაო ბრიტანულ და უცხოურ ბიბლიურ საზოგადოებაში (British and Foreign Bible Society). მან მიიღო ეს შეთავაზება და დაიწყო მუშაობა კორჩაში 1883 წელს. შეუდგა მუშაობას ალბანური გრამატიკის შექმნაზე და, ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ქადაგებდა ალბანურ ენაზე . 1884 წლის 12 ნოემბერს, როდესაც მოგზაურობდა ოხრიდის ტბის სამხრეთ-დასავლეთით მთებში, თავს დაესხნენ ადგილობრივი ბანდიტები და ნახევარი წლის განმავლობაში მძევლად აიყვანეს გამოსასყიდად. მოგვიანებით, მისი ექვსთვიანი „განსაცდელის“ ამბავი ინგლისურად თარგმნა ვ. ბეირდმა სახელწოდებით "დატყვევებული ბრიგადების მიერ" (Captured by Brigands) და გამოსცა ლონდონში 1902 წელს. 1887 წელს კორჩაში პირველი ოფიციალურად აღიარებული ალბანური სკოლის გახსნამ აიძულა იგი და მისი დები სევასტი კირიაზი-დაკო (1871–1949) და ფარაშხევი კირიაზი (1880–1970) გაეხსნათ გოგონათა სკოლა. ნაიმ ფრაშერის და რიგი ამერიკელი და ინგლისელი მისიონერების დახმარებით მათ მიიღეს შესაბამისი ნებართვა სტამბოლში — და 1891 წლის 15 ოქტომბერს კორჩაში გახსნეს პირველი სკოლა ალბანელი გოგონებისთვის. მომდევნო ზაფხულს მათ სკოლა უფრო დიდ შენობაში გადაიტანეს, რათა უფრო მეტი მოსწავლე დატეულიყო. როგორც ვარაუდობენ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეპარქია თავიდანვე „ფანატიკურად ეწინააღმდეგებოდა“ სკოლას და სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ საეკლესიო ხელისუფლებამ საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი მფარველის შვილის დაკრძალვაზე უარი განაცხადა. 1894 წლის 4 იანვარს გერასიმ კირიაზი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა პლევრიტით, რომლითაც ტყვეობაში დაავადდა. ის იყო ლექსების, სიმღერების, ჩანახატების, დიალოგისა და რამდენიმე სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. გერასიმ კირიაზის მიერ შეგროვებული ნამუშევრები გამოაქვეყნა მისმა უმცროსმა ძმამ გერგემ კრებულში „Christomati kater pieze“ (ანთოლოგია ოთხ ნაწილად) სოფიაში 1902 წელს.

გერჯ კირიაზი

გერჯ კირიაზი (1868-912) — უფრო მეტად ცნობილი მისი სახელის ინგლისური ვერსიით, როგორც ჯორჯ კირიასი — სწავლობდა ბერძნულ სკოლაში მშობლიურ მონასტერში და იმავე ამერიკულ ბიბლიურ კოლეჯში სამოკოვში . მოგვიანებით, როგორც მისი ძმა გერასიმე, იგი დაიქირავეს ბრიტანულ და უცხოურ ბიბლიურ საზოგადოებაში — ხელმძღვანელობდა ალბანელი გოგონების სკოლას კორჩაში ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1894 წელს. 1908 წელს გახდა მონასტრის ყრილობის დელეგატი. პოლიტიკური აქტივისტი გერგე კირიაზი იყო ალბანურენოვანი გაზეთის Bashkim i Kombit (ერის ერთობა) ერთ-ერთი დამფუძნებელი 1909 წელს. ძმის თხზულებათა ანთოლოგიის გარდა, მან 1906 წელს სოფიაში გამოსცა რელიგიური ლექსების კრებული სახელწოდებით „Kenke te sheniteruara“ („წმინდა სიმღერები“).

სევასტი

სევასტი კირიაზი (1871-1949) სწავლობდა მეტროპოლიტენ სტამბოლის პრესტიჟულ რობერტის კოლეჯში. მან აქტიური როლი ითამაშა ქალთა შორის განათლების გავრცელებაში. იგი გახდა პირველი ალბანელი ქალი, რომელიც სწავლობდა ამ ამერიკულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და დაამთავრა 1891 წლის ივნისში. ალბანეთში დაბრუნებისთანავე მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კორჩაში გოგონათა სკოლის დაარსებაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს სკოლა ჯერ კიდევ დამფუძნებლების სახელწოდებით იყო ცნობილი, როგორც „კირიაზის სკოლა“. არსებობს მოსაზრება, რომ სევასტი კირიაზი-დაკომ გამოაქვეყნა გრამატიკა დაწყებითი სკოლებისთვის (მონასტირი, 1912 წ.) და დაარედაქტირა არაერთი ტექსტი ისტორიაზე. მეუღლესთან, ჟურნალისტთან და მწერალ კრისტო ანასტას დაკოსთან და დასთან, პარასკევთან ერთად, მოგვიანებით გაემგზავრა რუმინეთში, იქიდან კი ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ Morning Star-თან.

პარასკევი

პარასკევი კირიაზი(1880-1970) —- ასევე ცნობილი როგორც პარასკევი დ. კირიასი— სწავლობდა დის მსგავსად სტამბოლის რობერტის სახელობის კოლეჯში და შემდეგ დაბრუნდა ალბანეთში პედაგოგად. 1909 წელს გამოსცა წიგნი დაწყებითი სკოლებისთვის; მოგვიანებით მან მოაწყო რამდენიმე საბავშვო საგანმანათლებლო და საღამოს სკოლა სამხრეთ ალბანეთში და ასევე დაეხმარა რეგიონში საბიბლიოთეკო სისტემის ჩამოყალიბებას. შეერთებულ შტატებში მან დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოება "დილის ვარსკვლავის" ჩამოყალიბებაში, ასევე გამოაქვეყნა ამავე სახელწოდების ილუსტრირებული პერიოდული გამოცემა, რომელიც გამოდიოდა ბოსტონში, 1917-დან 1920 წლამდე. პარასკევი ასევე მონაწილეობდა 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც ამერიკელი ალბანური თემის წარმომადგენელი.

კირიაზების ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობს რეგიონის ალბანურად მოლაპარაკე მოსახლეობაში და მრავალი დაწესებულება ამ ოჯახის წევრების სახელს ატარებს. 7 მარტი — ალბანეთში მასწავლებლის ოფიციალური დღე — ამ დღეს დაწესდა,1891 წელს კირიაზების ოჯახის მიერ სკოლის გახსნის ხსოვნის საპატივსაცემოდ.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elsie 2010.
  2. Elsie 2001.
  3. Carpenter 2016.
  4. The Albanian National Awakening 1878-1912 by Stavro Skendi, 1967. pp. 350-353, Princeton University Press, OCLC 397632