კამეჩები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კამეჩი
Wasserbüffel (25787818312).jpg
კამეჩები შრი-ლანკაში
აღწერა
ორი გვარის ცხოველთა საერთო სახელწოდება
მშობლიური ტაქსონი
მცოხნელები
გვარები
სურათები ვიკისაწყობში

კამეჩებიმცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანთა რიგის ძროხისებრთა ოჯახისა. შეტანილია პლანეტის ყველაზე დიდტანიანი და ძლიერი ცხოველების ხუთეულში. აქვს მასიური სხეული, მოკლე კისერი, დაბალი და მძლავრი ფეხები, განიერი თავი, დინგის წვეროს ზედა ტიტველი ნაწილი, 4 ძუძუ, გრძელი კუდი გრძელბალნიანი ფუნჯით ბოლოვდება. არსებობს მოშინაურებული და გარეული. კამეჩები ველურ ბუნებაში გავრცელებული არიან სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურად ცხოვრობენ. მაკეობა 12 თვემდე გრძელდება. აფრიკული კამეჩი, რომელიც სავანებში ცხოვრობს, სპორტული ნადირობის ობიექტია და ბევრგან უკვე მოისპო.[1]

შინაური კამეჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანმა უძველესი დროიდან მოაშინაურა ინდური, ანუ აზიური შინაური კამეჩი (Bubalus bubalis), რომელიც გავრცელდა სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოშინაურებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში. აზიური ში­ნაური კამეჩი იყოფა ინდურ (ანუ მდინარის) და ფილიპინურ (ანუ ჭაობის — კარაბაო) ჯგუფებად. მსხვილი, ღონიერი, დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში 130 სმ. ცოცხალი მასა ფურკამეჩისა 450 კგ, ზოგჯერ 600 კგ აღწევს, კუროკამეჩისა 700 კგ. კამეჩებს მეურნეობაში 18–20 წლამდე იყენებენ სარძეო ცხოველად, ზოგჯერ მუშადაც. ხასიათდება კარგი სამუშაო თვისებებით. ძროხასთან არ ჯვარდება. ფურკამეჩის ნაყოფიერება 100%-ს აღწევს, ანუ ყოველწლიურად იძლევა 1 ნაშიერს (ზაქს). ლაქტაციური მონაწველი – 1400–1600 კგ, რეკორდული – 4500 კგ რძე. მაღალი წველადობით გამოირჩევიან მურაჰისა (ინდოეთი) და ნილი-რავის (პაკისტანი) ჯიშები. კამეჩებს უმთავრესად აშენებენ ცხელ კლიმატურ პირობებში, მდინარეების, არხებისა და სხვა წყალსატევების მახლობლად. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით (ისლი, ლაქაში, ლერწამი). კამეჩების ძირითადი პროდუქციაა რძე, ხორცი, ტყავი (იხ. კავკასიური კამეჩი).კარგად უძლებს დაავადებებს — ჰერმოსპორიდიოზს, ჯილეხს, თურქულს, ბრუცელოზსა და სხვა.[1][2] კავკასიური კამეჩის ცალკე ჯილაგია ქართული კამეჩი.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია კამეჩების ორი გვარი: აზიური (Bubalus) და აფრიკული (Sincerus).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კამეჩები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 349.
  2. გოგოლი გ., კამეჩი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 507.