თურქული (დაავადება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქულით დაავადებული საქონლის პირის ღრუ

თურქული — მწვავე, გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც ემართება მსხვილ რქოსან საქონელს, ღორს, ცხვარს, თხას, აქლემსა და გარეულ წყვილჩლიქოსან ცხოველებს. იშვიათად ფრინველს, ცხენს, კატას და ძაღლს. შეიძლება დაემართოს ადამიანსაც, განსაკუთრებით ბავშვებს. ხშირად დაავადება ცხოველთა დიდ რაოდენობას მოედება, ზოგჯერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. იღუპება დიდძალი პირუტყვი (განსაკუთრებით მოზარდეულში ავთვისებიანი თურქულის დროს) და მნიშვნელოვანი ზარალი მოსდევს.[1]

თურქულს იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი (თურქულის ვირუსი). არსებობს ამ ვირუსის 7 ტიპი და 60-ზე მეტი ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან იმუნოლოგიური თვისებებით განსხვავდებიან. დაავადება მიმდინარეობს სპორადულად ან ეპიზოოტიის სახით. მასობრივი ვაქცინაციის შემოღების (1956) შემდეგ თურქულს პანზოოტიური მიმდინარეობა არ ჰქონია. ტიპური გენერალიზებული თურქული იშვიათად გვხვდება, ხოლო ავთვისებიანი თურქული 1958 წლიდან აღარ გამეორებულა.[1]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმძვრელის ძირითადი წყაროა დაავადებული და ვირუსმტარებელი ცხოველი; დასენიანება ხდება აგრეთვე საკვებით, ცხოველთა მოსავლელი ინვენტარით, რძით, ხორცით და ცხოველური ნედლეულით.[1] ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ქარის საშუალებით ხმელეთზე 60 კმ მანძილზე. ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დაავადების კერაში მის სასუნთქ სისტემაში შეიძლება 24-48 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს ვირუსი, ამიტომ ამ პერიოდში მისი ამონასუნთქი ჰაერიდან შეიძლება გავრცელდეს დაავადება კეთილსაიმედო ფერმებში, ასევე ვირუსი მექანიკურად შეიძლება დიდ მანძილზე გადაიტანონ ფრინველებმაც. გამოჯანმრთელებული ცხოველი ვირუსმატარებელი რჩება დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ვირუსს გარემოში გამოყოფს 28 დღემდე. ცხოველები კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 4 დღით ადრე ვირუსს გარემოში გამოყოფენ ნერწყვის, ცხვირიდან გამონადენის, რძის, სპერმის, ფეკალიის, შარდის საშუალებით.[2]

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულით დაავადებული ღორის ფეხები

თურქულით დაავადებულ ცხოველებს პირის ღრუში, ტუჩების, ნესტოების და ღრძილების ლორწოვანზე უჩნდებათ აფთები, ტემპერატურა აღწევს 41 °C და უფრო მეტსაც, ეკარგებათ მადა, მცოხნავები აღარ იცოხნებიან. შემდგომში აფთები ჩნდება ჩლიქთაშუა არეებში (იწვევს კოჭლობას) და ცურზე (უფრო მოგვიანებით). თუ დაავადება გაურთულებლად მიმდინარეობს ცხოველები გამოჯანმრთელდება 10–14 დღეში.[1]

მკურნალობა და პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკურნალობენ სიმპტომური საშუალებებით, იმუნოლაქტონის რეკონვალესცენტთა შრატით, ციტრირებული სისხლის გამოყენებით და სხვ. პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებანი: მკაცრი კარანტინი, დეზინფექცია, თურქულის გავრცელების ზონაში ცხოველთა იძულებითი და პროფილაქტიკური აცრები.[1]

საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად, ორჯერადად ტარდება, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (რომლის წევრიც არის საქართველო) ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე შესყიდული შესაბამისი ტიპისა და ქვეტიპების შემცველი მაღალი ხარისხის ვაქცინებით მსხვილი რქოსანი საქონლის, ცხვრისა და თხის ვაქცინაცია.[2]

ადამიანის თურქული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანი თურქულით ავადდება თურქულის ვირუსით ინფიცირებული უმი რძის და მისი პროდუქტების მიღების შედეგად ან დაავადებული ცხოველის მოვლისას (ადამიანს ადამიანისაგან თურქული არ გადაედება). ინკუბაციური პერიოდი 3–8 დღე გრძელდება. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის, წელისა და სახსრების ტკივილით, ტემპერატურა 38°C-მდე მატულობს. 2–3 დღის შემდეგ პირის, ენის, ხახის, ლოყებისა და ტუჩების ლორწოვან გარსზე ჩნდება სეროზული სითხით ამოვსებული აფთები, რომლებიც მალე სკდება და მტკივნეულ წყლულებს ტოვებს. პირის ღრუ გაწითლებული და შესივებულია, ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა და ლაპარაკი, ნერწყვის დენა გაძლიერებულია. თურქულის მსუბუქი ფორმით დაავადებული 10-15 დღეში გამოჯანმრთელდება და მდგრად იმუნიტეტს იძენს. მკურნალობა სიმპტომურია.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ბერულავა ს., თურქული // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 27.
  2. 2.0 2.1 თურქული. სურსათის ეროვნული სააგენტო. nfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2021