იასონ ბაქრაძე
იასონ (იაზონ) ბაქრაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 1869 |
გარდაცვალების თარიღი | 1938 წლის 1 აპრილი |
გარდაცვალების მიზეზი | დახვრეტა |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადი მოღვაწე. |
იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე (დ. 1869 — გ. 1 აპრილი, 1938) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადი მოღვაწე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანი, 1907 წლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ავტორი. საზოგადოება "კავკასიური"-ის წევრი და ხელმძღვანელი. ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოს ქუთაისის კანტორის მმართველი. გაასამართლეს და დახვრიტეს 1938 წლის 1 აპრილს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იასონ (იაზონ) ბაქრაძე დაიბადა რაჭაში 1869 წელს, აზნაურ თომა ბაქრაძის ოჯახში. ცხოვრების ადრეული წლების წლების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად იძებნება, ასევე მწირია ინფორმაცია მისი მეუღლის, სალომე ბაქრაძის შესახებ, უცნობია მეუღლის ქალიშვილობის გვარიც. იაზონი იყო მწერალ ელენე დარიანის ბიძა. მასთან მიმოწერით და დღიურებიდან ირკვევა, რომ ელენე წერდა მინიატურებსა და ჩანახატებსაც და რომ 1915 წელს, ქუთაისში, სამი მოთხრობა, ელენე ქართველიშვილის სახელით, გამოაქვეყნა ჟურნალ „მნათობში“.
1900 წელს იასონმა ჩააბარა ოდესის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. გერმანიის საელჩოს, გერმანია საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიის განყოფილებაში, ელჩი იაზონი მოხსენიებული ჰყავს როგორც დოქტორი, რითაც დასტურდება რომ იგი გერმანიაში დოქტორის სამეცნიერო ხარისხს ფლობდა. [1]
მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს იასონ ბაქრაძე მუშაობდა ქუთაისის სასამართლოში მსაჯულის თანაშემწედ, მოგვიანებით დამოუკიდებელ ვექილად საქმიანობდა.
საზოგადოებრივი საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოღვაწეობა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1902-1921 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი და ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. იგი აგრეთვე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი. 1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, იასონი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1906 წელს იასონი გახდა ქუთაისის სკოლის კომიტეტის წევრი დ. ბაქრაძე, კ.ლორთქიფანიძე, დ. ლორთქიფანიძე, ნ. ჭიჭინაძე, ს. ჯაფარიძე, ი. ბაქრაძე და ი.ოცხელთან ერთად. იგი იყო ამ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებას, როგორც ქუთაისის განყოფილების მდივანი, 27-ჯერ დაესწრო.
პეტიცია 1907 წლის ჰააგის კონფერენციაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იასონ ბაქრაძეს თაოსნობით შედგა და 1907 წლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა "ქართველი ხალხის" პეტიცია. პეტიციაში ეწერა, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წელს დადებული"გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობები საქართველოს მიმართ. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ხელჰყო საქართველოს ავტონომია და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის აღდგენაში დახმარებას სთხოვდნენ. პეტიციას თან ახლავს ხელმოწერები 25 ფურცლად. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს.
საზოგადოება "კავკასიური"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1911 წელს იაზონის უახლოსი მეგობარი გიორგი ზდანოვიჩი, ევგენი გეგეჭკორი და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე ქუთაისში აარსებენ საზოგადოება "კავკასიურს", რომელსაც დაფუძნების შემდეგ უერთდება იასონ ბაქარაძე, კიტა აბაშიძეს, ალექსანდრე დიასამიძეს, პეტრე ყიფიანთან და სხვებთან ერთად. ამ საპატიო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა გიორგი ზდანოვიჩი, ხოლო მდივნის როლს ითავსებდა იაზონი[1]. საზოგადოება აგებული იყო წევრების ძმობაზე, ერთგულებაზე და მოშურნეობაზე და მისი ზოგადი მიზნები იყო საზოგადოებაში ჰუმანურობის, მოთმენის, ადამიანის სიყვარულისა და მოწიწების პრინციპების დანერგვა. მიზნების პარალელურად საზოგადოება ცდილობდა შემოკრიბა ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანები და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედება ჰქონოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გიორგი ზდანოვიჩის არქივში მოიპოვება საარქივო ნომრით N 6416 / 420 სადაც იაზონი ამ საზოგადოების მეორე წევრის, კიტა აბაშიძეს თანხმობით წერს გიორგი ზდანოვიჩს, რომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მოხდეს ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და შემდგომ პატრიარქის კირიონ II-ის და სასჯელის შემსუბუქება, წერილში საუბარია ასევე ეკლესიის შევიწროების აცდენის აუცილებლობაზე. წერილის შემდეგ გაერთიანება კავკასიურის წევრების მიერ ჩატარებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა ისტორიული ფაქტის სახით ცნობილია, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ 1915 წელს კირიონის დევნა-შევიწროება შეწყვიტა და მას მღვდელმოქმედების უფლება დაუბრუნეს თუმცა საქართველოში ჩამოსვლის ნება არ დართეს.[2]

პოლიტიკური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წელს გიორგი ზდანოვიჩის გარდაცვალების შემდეგ ხდება ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოს ქუთაისის კანტორის მმართველი.[3]1917 წელს არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალისტ-ფედერალისტებიდან. 1919 წლიდან დაინიშნა საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელად გერმანიაში, მონაწილეობდა ქართველი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებაში. ასევე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლობაში გერმანიაში. 1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მთავრობის დადგენილებით, იასონ ბაქრაძე დაინიშნა მთავრობის წარმომადგენლად „კოსმოს ლიმიტედის“ ფირმასთან თამბაქოს სარეალიზაციოდ.
დაპატიმრებები, გასამართლება და დახვრეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების იაზონი ორჯერ იქნდა დაპატიმრებული შინსახკომის ორგანოების მიერ, პირველად 1923 წელს და მეორედ 1938 წელს. მეორე დაპატიმრების დროს იგი პენსიაში იყო და თბილისში, ძნელაძის ქ. N45 ცხოვრობდა.[2] ბრალად ედებოდა რომ იყო გერმანიის დაზვერვის აგენტი დაეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას. აბრალებდნენ რომ მან ჩამოაყალიბა აგენტურული ქსელი, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა. გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული საქმეზე მომხსენებელი იყო კორხმაზიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი. ბრალდებულად ცნეს 58-1-ა, 58-6 მუხლებით და დახვრიტეს 1938 წლის 1 აპრილს.
დაკრძალვის ადგილი უცნობია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იასონი ბაქრაძე თომას ძე - სტალინური სიები - https://stalin.historyproject.ge/info/2204
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი - ქშწკგს პროსოპოგრაფია პირის ID: 6254 - https://society.iliauni.edu.ge/persons/6254-iason-iazon-tomas-dze-baqradze
- იასონ ბაქრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იასონ ბაქრაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Б. И. Николаевский. Русские масоны и революция М., 1990.
- ↑ კაკაბაძე დ., გიორგი (მაიაშვილი) ზდანოვიჩი, თბილისი, 1969.
- ↑ ნორაკიძე ი., „გ. ფ. ზდანოვიჩ - მაიაშვილი და ნაროდნიკების საზოგადოებრივ - ეკონომიკური აზრის ევოლუცია საქართველოში XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში და XX საუკუნის დასაწყისში“, თბილისი, 1968.