თიანეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიანეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ბაღიანების უბნის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში. კომპლექსში შედის მთავარანგელოზთა ეკლესია, კოშკი და გალავანი. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,4 x 4,6 მეტრი). დგას გალავნით შემოფარგლული ეზოს შუა ნაწილში. ნაშენია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია : კამარა და კონქი ჩამონგრეულია, თითქმის მთლიანად დანგრეულია სამხრეთი კედელი. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან უნდა ჰქონოდა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. კონქის შემორჩენილ ნაწილში რეზონატორის კვალი ჩანს.

კოშკი (3,5 x 3,5 მეტრი) ორსართულიაია, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. მისი სამხრეთ-დასავლეთ კედელი გალავანშია ჩართული. I სართული კარიბჭეა, გალავანში ჩართულ კედელში გაჭრილი კარი გარედან თაღოვანია შიგნით — სწორკუთხა. მეორე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი სწორკუთხაა. სართული ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. II სართლზე მოხვედრა შეიძლებოდა მისადგმელი კიბით. აქ, სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ზემოთკენ შევიწროებული და ბრტყლად გადახურული შესასვლელია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში კი — ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. კოშკი გადახურულია ნატეხი ქვის ფილებით, სახურავი ორფერდაა. გალავანი თითქმის წრიული მოხაზულობისაა. იგი თითქმის მთელ პერიმეტრზეა შემორჩენილი (სიმაღლე 0,8–1,3 მეტრი). გალავნის ჩრდილო—დასავლეთ ნაწილში კარიბჭის ნაშთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]