შინაარსზე გადასვლა

თბილავიამშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილავიამშენი
აბრევიატურა „თამ“
შეიქმნა 15 დეკემბერი, 1941
სტატუსი სს[1]
ტიპი შერეული
მიზანი სამოქალაქო, სამხედრო ავიამშენებლობის და სხვა საავიაციო მომსახურების განვითარება.
მდებარეობა ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 191, 0144, თბილისი, საქართველო
ემსახურება რეგიონს საქართველო; დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და ყოფილი სოციალისტური ქვეყნები.
გენერალური დირექტორი მიხეილ ოღლიშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია ავალიანი
თავმჯომარის მოადგილე გიორგი ზღუდაძე
მთავარი ორგანო აქციონერთა საერთო კრება;
მმართველი – დირექტორთა საბჭო[2]
დამფუძნებელი (-ები) სსრკ
ქვეყანა საქართველო
http://www.tam.ge/

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ („თამ“, ყოფილი „თბილისის საავიაციო ქარხანა“)[2]მანქანათმშენებლობის ყველაზე მსხვილი კომპანია კავკასიაში, ძირითადი საქმიანობის სფერო - თვითმფრინავმშენებლობა. 2005 წლიდან სხვადასხვა საწარმოებთან ერთად თამ ჯგუფის შემადგენლობაში[3]. ბიზნესის დივერსიფიკაციისა და საბაზრო მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირების მიზნით კომპანიამ 90-იანი წლებიდან დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო პროდუქციის წარმოება, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო ავიამშენებლობის მზარდ სეგმენტში ინვესტირება.

სს „თამ“ თბილავიამშენის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თბილავიამშენი“, რომელიც თავისხმრივ წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს.

თბილავიამშენის მიერ მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25კმ სკორპიონი

შეიქმნა როგორც სახელმწიფო საავიაციო ქარხანა 1941 წლის 15 დეკემბერს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ტაგანროგისა და სევასტოპოლის (უკრაინა) საავიაციო ქარხნები თბილისში იქნა ევაკუირებული. ევაკუაციის შემდეგ სულ მალე თბილისის საავიაციო ქარხანამ წარმოებაში გაუშვა პირველი მოიერიშე თვითმფრინავი ლაგგ-3. ომის პერიოდში ქარხანა სსრკ-ს საჰაერო ძალებისთვის უშვებდა ასევე ლა-3 და იაკ-3 მოდელებსაც. ამ პერიოდში ეს ქარხანა მოიერიშე თვითმფრინავების ერთადერთი მიმწოდებელი იყო კავკასიის ფრონტისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქარხანამ მჭიდრო კავშირები დაამყარა სსრკ-ის სხვა საავიაციო საწარმოებთან და 1946 წელს დაიწყო პირველი საბჭოთა რეაქტიული მოიერიშე იაკ-15-ის გამოშვება, მას მოჰყვა იაკ-17, იაკ-23 და ორადგილიანი საწვრთნელი რეაქტიული იაკ-23. 1950-იანი წლებიდან ქარხანამ დაიწყო მიქოიანის მიგ-15 და მიგ-17 მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება. 1957 წლიდან იწყებს ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის მიგ-21 და მისი მოდიფიკაციების წარმოებას, რომელიც 25 წლის განმავლობაში დარჩა კონვეიერზე. ამავე პერიოდში ქარხანამ დაიწყო ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა კ-10 წარმოება. 1979 წელს ქარხანამ გამოუშვა პირველი სერიული სუ-25. დღემდე "Frogfoot" სუ-25-ის ტიპის 800-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის თვითმფრინავი მიაწოდა ქარხანამ მსოფლიოს სხვადასხვა ქყვენის დამკვეთებს. ეს მოდელი დღემდე რჩება ქარხნის მთავარ სპეციალიზაციად. 1980-იან წლებში ქარხანა მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა სივრცის პროგრამაში "ბურანი" (კოსმოსური შატლის საბჭოთა ანალოგი), რისთვისაც სხვადასხვა ნაკეთობების მიმწოდებელი იყო. 1990-იანი წლებიდან ქარხანა ასევე აწარმოებდა ჰაერი-ჰაერი ტიპის რ-60 და რ-73 მართვად რაკეტებს (წელიწადში 6000 რაკეტა). 1990-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მეცნიერულ წარმატებას წარმოადგენს თბილავიამშენსა და საქართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - მოძრავი ანტენა-რეფლექტორის დაპროექტება და დამზადება, რომლის პირველი წარმატებული გამოცდა რუსულ კოსმოსურ სადგურ „მირზე“ განხორციელდა.

2004 წლამდე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოს სახით არსებობდა. 2005 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვის წესით დაახლოებით $67 მლნ გადაეცა საწარმოს კოლექტივს, შპს „თბილავიამშენს“ (დ. 2003)[4][5]. ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „თამ“ (თბილავიამშენი), მთავარი საქმიანობის სფერო - თვითმფრინავმშენებლობა (პრივატიზაციის პირობის თანახმად).

2010 წლის 1 ივლისს გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს და თბილავიამშენის ერთობლივი განცხადება, რომ სააქციო საზოგადოების ძირითადი მფლობელი შპს „თბილავიამშენი“ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის სსიპ-ის სტატუსით, რაც სამხედრო-სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას გულისხმობს. გადაწყვეტილება დიდი ხნის თანამშრომლობით და სახელმწიფო კონტრაქტების პრივილეგირებით აიხსნა (ეს უკანასკნელი პრივატიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო)[6][7][8].

ძირითადი პროდუქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი - რემონტი/მოდერნიზაცია
  • მი–8 - (სატრანსპორტო შვეულმფრენი) - რემონტი/მოდერნიზაცია
  • მი–24 - (დამრტყმელი შვეულმფრენი) - რემონტი/მოდერნიზაცია
  • რ-60 - სითბური დამიზნების ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა - რემონტი
  • რ-73 - სითბური დამიზნების ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა - რემონტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ინფორმაცია გადამხდელის შესახებ. საგადასახადო აღრიცხვის და 2006 წლის 1 ივლისიდან სამეწარმეო რეესტრის საძიებო სისტემა [1]. www.mof.ge. ციტირების თარიღი: 2010-07-18.[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 წესდება (ახალი რედაქცია) (pdf). საზოგაოდების წესდება გვ. 19. თბილავიამშენი (2005-12-22). ციტირების თარიღი: 2010-07-18.[მკვდარი ბმული]
  3. TAM-GROUP (2008). ციტირების თარიღი: 2010-07-18.[მკვდარი ბმული]
  4. ლელა კუნჭულია (2004-11-03). „”თბილავიამშენი” პირდაპირი წესით გაიყიდება“. ახალი ამბები - ეკონომიკა. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2010-07-18.
  5. „“თბილავიამშენის“ პრივატიზების პროექტი მთავრობამ მოიწონა“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 2004-11-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2010-07-18.
  6. "თბილავიამშენი" თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა“. ახალი ამბები. Expert Club (საქართველოს ექსპერტთა კლუბი). 2010-07-01 (15:30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-07-18. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  7. „”თბილავიამშენი” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 2010-07-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2010-07-18.
  8. ეკა ქევანიშვილი (2010-07-01). „რა უნდა ”თბილავიამშენს” თავდაცვის სამინისტროში?“. ახალი ამბები - პოლიტიკა / საქართველო. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2010-07-18.