შინაარსზე გადასვლა

თათური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თათური ენა
зуун тати, zuhun tati, zuban tati, Апшероне farsi-ზე, parsi[1]
გავრცელებულია აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რუსეთის დროშა რუსეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 28 ათასი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ლათინური
რუკა


თათური ენათათების ენა, განეკუთვნება ირანულ ენათა სამხრეთ-დასავლეთ ჯგუფს. უახლოვდება სპარსულ და ტაჯიკურ ენებს. გავრცელებულია აზერბაიჯანსა და დაღესტანში. თათურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 28 ათ. ადამიანი. თათური ენის ფონეტიკური სისტემა ხასიათდება როტაციზმით, დამავალი დიფთონგებით, სინჰარმონიზმით.[2] სახელის მორფოლოგია ძირითადად ირანულ ტიპს მისდევს, გავრცელებულია ზმნათა წარმოება ინფინიტივიდან. ლექსიკა ძირითადად ირანულია.[2] აქვს 2 დიალექტი — მუსლიმანთა (აზერბაიჯანში) და იუდაისტებისა (დაღესტანში); ამ უკანასკნელს აქვს დამწერლობა.[2] აზერბაიჯანში თათურ ენაზე ლაპარაკობს 18 ათასი, ხოლო რუსეთში 2,300 ადამიანი.[3] საფრთხეში მყოფი ენაა,[4][5]; შეტანილია საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ენების იუნესკოს ატლასში.[6]

თათური ენა ძირითადად გავრცელებულია აზერბაიჯანში, სადაც მასზე საუბრობენ აფშერონის ნახევარკუნძულზე, ასევე ყუბის, შაბრანის, სიაზანის, ხიზის, ისმაილისა და შამახის რაიონებში. ენის მატარებლები ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის დაღესტნის სამხრეთ ნაწილშიც, განსაკუთრებით დერბენტის რაიონში, ხოლო მთიელ ებრაელთა დიალექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელშია გავრცელებული.[7]

თათური ენა გამოირჩევა დიალექტური მრავალფეროვნებით. თითქმის ყოველ ორ-სამ სოფელს საკუთარი მეტყველების თავისებურებები აქვს. გამოიყოფა სამი ძირითადი დიალექტური ჯგუფი: მუსლიმური თათური, რომელიც ჩრდილოეთის (სუნიტურ) და ცენტრალურ-სამხრეთის (შიიტურ) კილოებს აერთიანებს; სომხურ-თათური, რომელიც ჩამოყალიბდა იმ სომხურ მოსახლეობაში, რომელმაც დაახლოებით XV საუკუნიდან თათური ენა მიიღო; და მთიელ ებრაელთა დიალექტი (ჯუჰური), რომელიც შეიცავს ძველი ებრაული და არამეული ენებიდან მრავალ ნასესხებ სიტყვას. დიალექტების ხანგრძლივი დამოუკიდებელი განვითარების გამო, მათ შორის ურთიერთგაგება ზოგჯერ გართულებულია.[8]

თათური ენის დამწერლობა ისტორიულად განსხვავდებოდა მისი მატარებლების რელიგიური კუთვნილების მიხედვით. მუსლიმი თათები 1928 წლამდე იყენებდნენ არაბულ დამწერლობას, რის შემდეგაც ენამ დიდი ხნის განმავლობაში სტანდარტიზებული წერითი ფორმა დაკარგა. მთიელი ებრაელები თავდაპირველად ებრაულ დამწერლობას იყენებდნენ, 1928–1938 წლებში — ლათინურს, ხოლო 1938 წლიდან — კირილურს.

აზერბაიჯანში, 1990-იანი წლების დასაწყისიდან თათური ენისთვის გამოიყენება აზერბაიჯანული ანბანი (ლათინური დამწერლობა). ქვეყანაში 2024–2025 წლებში მომზადდა თათური ენის პირველი სახელმძღვანელოები დაწყებითი კლასებისათვის.[9]

  1. в книге "Языки народов СССР" т. 1, в разделе татский язык есть даже фраза "farsi äz tu xubtä müdünüm" - "лучше тебя знаю фарси (имея в виду татский Апшерона)
  2. 1 2 3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 575.
  3. Ethnologue report for Tat
  4. Published in: Encyclopedia of the world’s endangered languages. Edited by Christopher Moseley. London & New York: Routledge, 2007. 211–280.
  5. Do the Talysh and Tat Languages Have a Future in Azerbaijan?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2013-02-02.
  6. UNESCO Interactive Atlas of the World’s Languages in Danger
  7. Таты, их расселение и говоры - Проф. Б. Миллер ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-15. ციტირების თარიღი: 2026-07-17
  8. Tатоязычныe Армянe: 15 Веков от «Армянства» к «Армянству» | Heinrich Böll Stiftung | Tbilisi - South Caucasus Region en. ციტირების თარიღი: 2026-07-17
  9. Milli.Az. (2024-12-28) Azərbaycanda ilk dəfə “Tat dili” dərslikləri hazırlanıb az. ციტირების თარიღი: 2026-07-17