თათები
თათები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
10 900 – 22 041 | |
ენები | თათური, აზერბაიჯანული და რუსული |
რელიგიები | ისლამი |
თათები — ჩრდილოეთ კავკასიაში (დაღესტანში) მცხოვრები პატარა ხალხი[1][2][3]. ისინი აგრეთვე ცხოვრობენ აზერბაიჯანსა და ირანში. თათების თავდაპირველი განსახლების არეალია ირანი. აქ თათები ირანის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, თეირანსა და ყაზვინს შორის გაბნეულად არიან განსახლებულნი.
თათების თვითსახელწოდებაა „თაგ“. თათები ლაპარაკობენ თათურ ენაზე, რომელიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფში შედის. სამეცნიერო ლიტერატურაში იმასაც აღნიშნავენ, რომ თათური ენა ფარსის დიალექტია, რომელზედაც თავდაპირველად ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთ მიდიაში და ის ახლოს იყო მაზანდარანულთან, თალიშურთან, გილანურთან და დარიულთან. დღევანდელ თათურს ორი დიალექტი აქვს: სამხრეთული და ჩრდილოური. ჩრდილოური დიალექტი დაღესტნის ერთ-ერთი ლიტერატურული ენაა. დამწერლობა ეფუძნება რუსულ ანბანს. ოქტომბრის გადატრიალებამდე თათები სამწერლობო ენად სპარსულს იყენებდნენ, იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კავკასიელი მთის ებრაელების დედა ენა თათური ენა იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ XXს-ის 30-იან წლებიდან მთის ებრაელები პიროვნების დამადასტურებელ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებში თათებად ჩაწერა.
აზერბაიჯანში თათების ორ სოფელში ქრისტიანობის სომხური მიმართულება - გრიგორიანობა მიიღეს. საბჭოთა პერიოდში ისინი პრაქტიკულად გასომხდნენ და ყარაბახის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და რუსეთში მიგრირდნენ. დაღესტანში თათები განსახლებულნი იყვნენ ქ. დერბენტის დასავლეთით, მთისწინა ზოლში. მთიელი ებრაელები და თათები სრულიად სხვადასხვა წარმოშობის ხალხია, რომლებიც უბრალოდ ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. მათი მიგრაციაც კავკასიაში სხვადასხვა დროს განხორციელდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოფჩიშვილი, როლანდ; ხუციშვილი, ქეთევან, „კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია“, თბ., 2007
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ H. Pilkington,"Islam in Post-Soviet Russia",Psychology Press, Nov 27, 2002 . pg 27: "Among other indigenous peoples of Iranian origin were the Tats, the Talishes and the Kurds"[1]
- ↑ R. Khanam,"Encyclopaedic Ethnography of Middle-East and Central Asia:P-Z, Volume 1",Global Vision Publishing Ho, 2005. pg 746:"The contemporary Tats are the descendants of an Iranian-speaking population sent out of Persia by the dynasty of the Sasanids in the fifth to sixth centuries."
- ↑ T. M. Masti︠u︡gina, Lev Perepelkin, Vitaliĭ Vi͡a︡cheslavovich Naumkin, "An Ethnic History of Russia: Pre-Revolutionary Times to the Present",Greenwood Publishing Group, 1996 . pg 80:""The Iranian Peoples (Ossetians, Tajiks, Tats, Mountain Judaists)" [2]