შინაარსზე გადასვლა

ზევსის ტაძარი ოლიმპიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XIX საუკუნის რეკონსტრუქცია

ზევსის ტაძარი ოლიმპიაში — ძველბერძნული საკულტო არქიტექტურის ძეგლი, ზევსის სალოცავის ცენტრი. ააგეს ოლიმპიაში ძვ. წ. 470 და 456 წლებს შორის, არქიტექტორი — ლიბონი ელიდიდან. წარმოადგენს დორიული ორდერის პერიპტერს (მოკლე გვერდებზე — 6, ხოლო გრძელ გვერდებზე 13 სვეტით) ბაზისით (27,68 × 64,12 მ). აგებულია ადგილობრივი კირქვით, სვეტები შემდგომი შეღებვისათვის დაფარული იყო მარმარილოს ბათქაშით. გეგმა ფორმირებულია ინტერკოლუმნიუმის სიგრძის ტოლი მოდულის საფუძველზე (5,22 მ). სვეტების სიმაღლე (10,51 მ) თითქმის შეესაბამება პართენონის სვეტთა სიმაღლეს (10,43 მ), რომლის აგების დროსაც ოლიმპიის ტაძარი ნიმუშად გამოიყენეს. ტაძრის სკულპტურული დეკორი (დღეს დაცულია ოლიმპიის არქეოლოგიურ მუზეუმსა და პარიზის ლუვრში) წარმოადგენს ადრეული კლასიკის ცენტრალურ ძეგლს. ფრონტონების ჯგუფები (აღმოსავლეთ ფრონტონზე — მითი პელოფზე, დასავლეთ ფრონტონზე — კენტავრომაქია) შექმნილია ძვ. წ. 468–456 წლებში. ცელას რელიეფურ მეტოპებზე (6–6 ტორსულ მხარეებზე) გამოსახულია ჰერაკლეს გმირობები. აკროტერიუმი შესრულებულია ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილი მოქანდაკის პეონიოსის მიერ. ძვ. წ. 438 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ტაძრისათვის ქრისოელეფანტური ტექნიკით შექმნა ზევსის 12-მეტრიანი ქანდაკება, რომელიც შემდეგ მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად აღიარეს. იმპერატორ თეოდოსიუს II-ის ბრძანებით (ახ. წ. 426) დაიწყო ოლიმპიის წარმართული სალოცავების განადგურება, რომელიც VI საუკუნეში მიწისძვრებმა დაასრულა. 1875 წლიდან მიმდინარეობს ტაძრის ნანგრევების სისტემატური კვლევები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Асимов Н. Н. Зевса храм в Олимпии // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 357–358.