ზედა ვანის მთავარანგელოზის ეკლესია
ზედა ვანის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში. თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს მიშენებული აქვს ეგვტერები, ხოლო დასავლეთით — ნართექსი. ეგვტერისა და ნართექსების კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. პირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მეორე — XVII საუკუნისს უგვიანესი არ უნდა იყოს. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავულია. დარბაზი განათებულია თაღოვანი სარკმლებით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ჩაწერილი აფსიდაა, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. მხრებს კონქის საბჯენი თაღი ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე სამი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული დარბაზისგან. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადასული. ასეთივე ნახევარპილასტრებია დასავლეთი კედლის კუთხეებში. კედლები დეკორატიული თაღნარითაა გაფორმებული. მინაშენები დანგრეულია. ტაძრის ჩრდილოეთ და დასავლეთი კედლების ფასადებზე შერჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. განირჩევა მეწამული საღებავი.
ტაძარი აღდგა 2015 წელს. აღდგენის პროცესში აღმოჩნდა ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი, რომელზეც იკითხება:
„მეოხ ეყავ სულსა გიორგისასა.“
|
ქვით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო XIX საუკუნეს მიეკუთვნება. პირველი სართული გადახურულია შეკრული კამარით, მეორე სართული გახსნილია, მესამე სართული კი თაღებით დაკავშირებული სვეტებისაგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საღარაძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 330-331.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9958