მარგარიტა სუასონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარგარიტა სუასონელი
სომხეთის დედოფალი
მმართ. წლები: 1373-1375
კორონაცია: 14 სექტემბერი, 1374
წინამორბედი: მარია კორიკოსელი
მემკვიდრე: სამეფომ არსებობა შეწყვიტა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 4 ივლისი, 1381
გარდ. ადგილი: კაირო, ეგვიპტე
მეუღლე: ონფრუა დე სკანდელიონი
ლევონ VI, სომხეთის მეფე
შვილები: მარია დე ლუზინიანი
დინასტია: ლუზინიანები (ქორწინებით)
მამა: ჟან სუასონელი
დედა: მარი დე მილმარი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა სუასონელი (ფრანგ. Marguerite de Soissons; გ. 4 ივლისი, 1381, კაირო, ეგვიპტე) ― ფრანგი არისტოკრატი და სუასონის გრაფის ასული. სომხეთის უკანასკნელი დედოფალი 1373-1375 წლებში, როგორც მეფე ლევონ VI-ის მეუღლე[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია, თუმცა იგი სუასონის გრაფ ჟანისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარი დე მილმარის ქალიშვილი იყო.

ცნობილია, რომ მარგარიტა თავდაპირველად დაქორწინებული იყო ფრანგ წარჩინებულ ონფრუა დე სკანდელიონზე, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო იყო, რამეთუ მისი მეუღლე ქორწილიდან მალევე დაიღუპა.

ლევონ VI, მარგარიტას მეორე ქმარი

დაქვრივებული მარგარიტა 1369 წლის მაისში კვიპროსში დააქორწინეს სომხეთის ემიგრაციაში მყოფ პრინც ლევონ დე ლუზინიანზე. იგი პრინც ჟან დე ლუზინიანისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოლდანა ბაგრატიონის უფროსი ძე და ტახტის მემკვიდრე იყო, თუმცაღა სომხეთის ტახტი ჰეთუმიანებს ეკავათ, ამიტომაც იგი იძულებული იყო კვიპროსისათვის შეეფარებინა თავი. მამის მხრიდან ლევონის მამა სომხეთის მეფე კონსტანდინ II-ის ძმისწული იყო, ხოლო დედამისი სოლდანა საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალის ერთადერთი ასული იყო. ამ პერიოდში სომხეთში კონსტანდინ IV მეფობდა ჰეთუმიანთა გვარიდან, რომლის წინამორბედმაც, კონსტანდინ III-მ დაამხო ლუზინიანები და მეტიც, ლევონისა და მისი ძმის დახოცვას აპირებდა, თუმცა სოლდანამ შვილებთან ერთად კვიპროსში გაქცევა მოასწრო.

1373 წელს სომხეთში დაემხო ჰეთუმიანთა მმართველობა, რის შემდეგაც დიდებულებმა კვლავ ლუზინიანები აღადგინეს და ლევონ VI თავიანთ მეფედ დასვეს, რითაც მარგარიტა სომხეთის დედოფალი გახდა. მომდევნო წელს, 1374 წლის 14 სექტემბერს ადანასთან ახლოს შედგა მათი მეფე-დედოფლად კორონაცია.

დედოფალ მარგარიტასა და მეფე ლევონს მხოლოდ ერთი ასული შეეძინათ, პრინცესა მარიას სახით. მას შემდეგ, რაც 1375 წელს ეგვიპტელმა მამლუქებმა დაიპყრეს მთელი კილიკიის სომხეთის სამეფო და აიღეს მისი დედაქალაქი, მარგარიტა და ლევონი დაატყვევეს და ეგვიპტეში გადაიყვანეს[2]. აღსანიშნავია, რომ კაიროს სულთნის კარზე სომეხთა სამეფო ოჯახს დიდი პატივით ეპყრობოდნენ. 1377 წელს ლევონი ჟან დარდელს, ფრანცისკელ ბერს შეხვდა, რომელიც ეგვიპტეში იერუსალიმიდან იყო ჩასული, რაც მისი პილიგრიმაჟის ნაწილი იყო. ლევონი მას მალევე დაუახლოვდა და თავის მდივნად დანიშნა. დარდელი მალევე ევროპაში დაბრუნდა სომხეთის სამეფო ოჯახის მდგომარეობის გასასაჩივრებლად. მან მოახერხა დაერწმუნებინა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან I რომ 1382 წელს მათ გასათავისუფლებლად ეგვიპტის სულთნისათვის გადაეხადა ძვირფასი ქვებით, აბრეშუმითა და მტაცებელი ფრინველებით[3].

მართალია მამლუქებმა გაათავისუფლეს ლევონი, რომელმაც ესპანეთში დაიდო ბინა, თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო მარგარიტასა და მარიასათვის, რომლებიც 1381 წელს გარდაიცვალნენ კაიროში ყოფნისას. ისინი დღემდე ერთად არიან დაკრძალულები კაიროს წმინდა მარტინის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში[4]. ესპანეთში წასული ლევონი კი მეფე ხუანმა მადრიდის მმართველად დანიშნა, სადაც იგი 1393 წელს გარდაიცვალა, თუმცა მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia, Medieval Lands
  2. Mutafian, Leon V
  3. Mutafian, Leon V
  4. Rudt de Collenberg ( 1980:236 ).