კერან ჰეთუმიანი
კერან ჰეთუმიანი | |
---|---|
თოროს როსლინის მიერ 1262 წელს შესულებული მეფე ლევონ III-ისა და დედოფალ კერანის პორტრეტი | |
სომხეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1269 |
მმართ. დასასრული: | 28 ივლისი, 1285 |
წინამორბედი: | იზაბელა ლუზინიანელი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ლუზინიანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 28 ივლისი, 1285 |
მეუღლე: | ლევონ III, სომხეთის მეფე |
შვილები: |
ჰეთუმ II, სომხეთის მეფე თოროს III, სომხეთის მეფე სმბატი, კილიკიის მეფე ზაბელი, ტირის ქალბატონი კონსტანტინე I, სომხეთის მეფე რიტა, ბიზანტიის დედოფალი ოშინი, სომხეთის მეფე |
დინასტია: | ჰეთუმიანები |
მამა: | ჰეთუმი, ლამპრონის მთავარი |
დედა: | უცნობია |
კერან ჰეთუმიანი (სომხ. Կեռան Հեթումյան; დ. უცნობია — გ. 28 ივლისი, 1285) — ჰეთუმიანთა სომხური დინასტიის ლამპრონული შტოს წარმომადგენელი. სომხეთის დედოფალი 1269-1285 წლებში როგორც მეფე ლევონ III-ის მეუღლე. სომხეთის ხუთი მეფის: ჰეთუმ II-ის, თოროს III-ის, სმბატის, კონსტანტინე I-ისა და ოშინის დედა. ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე III-ის ბებია თავისი ქალიშვილის, რიტას ხაზით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალი კერანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი იყო ლამპრონის მთავარ ჰეთუმისა და მისი უცნობი მეუღლის ქალიშვილი. ისტორიკოსთა მტკიცებით კერანის დედა წარმოშობით ფრანგი დიდგვაროვანი იყო. [1]რამდენადაც ცნობილია, კერანს სამი და-ძმა ჰყავდა: პრინცესა მარიანა, ალიქსა (შემდგომში კვიპროსის დედოფალი) და რაიმონდი, მიქაელიას მთავარი.
კერანის დაბადების სახელი ანა იყო, თუმცა მისი არისტოკრატიული წარმოშობის გამო სომხები „კერ-ანს“ უწოდებდნენ, რაც სომხურად „ქალბატონ ანას“ ნიშნავს. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მას კერანი მხოლოდ გათხოვების შემდეგ დაარქვეს, მანამდე კი გუერანი ერქვა.
1262 წლის 15 იანვარს, ან 1263 წლის 14 იანვარს, კერან ჰეთუმიანი დააქორწინეს სომხეთის მეფე ჰეთუმ I-ის უფროს ვაჟ ლევონზე, რომელიც დაახლოებით 1269 წელს სომხეთის მეფე გახდა, რითაც კერანი დედოფლად გვევლინება.
მისი თანამედროვეები დედოფალ კერანს საოცრად ასხამდნენ ხოტბას. თავად მისი ვაჟი, ჰეთუმ II-მ მის შესახებ ასეთი რამ განაცხადა: „მას საოცარი სული და არაჩვეულებრივი სხეული ჰქონდა“. მემატიანემ და მწიგნობარმა ავეტისამ მას უწოდა „ქმრის კარგი მეგობარი ჭირსა და სიხარულში“.
დედოფალმა კარენმა სულ თექვსმეტი ბავშვი გააჩინა, აქედან ათი ვაჟი და ექვსი გოგონა. თავისი უკანასკნელი ვაჟის, ალინახის დაბადების შემდეგ დედოფალმა კერანმა მიატოვა საერო ცხოვრება და ტრაზარგის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. რამდენადაც ცნობილია, მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მან თეოფანია დაირქვა. სავარაუდოა, რომ იგი აქ თავის დასთან, მარიანასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. სწორედ მონასტერში გაატარა დედოფალმა თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები და გარდაიცვალა 1285 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია იმავე მონასტერში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალ კერანსა და მეფე ლევონ III-ს თექვსმეტი შვილი ჰყავდათ:
- ვაჟი (1262-1263), გარდაიცვალა ჩვილი;
- კონსტანტინე (1265), გარდაიცვალა ჩვილი;
- ეფემია (1266), გარდაიცვალა ჩვილი;
- ჰეთუმ II (1267-1307[2]), სომხეთის სამგზის მეფე 1289-1293, 1294-1297 და 1299-1307 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ზაბელი (1269-1273), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- თოროს III (1270-1298[3]), სომხეთის მეფე 1293-1298 წლებში. პირველად იქორწინა კვიპროსის მეფის ასულ მარგარიტა ლუზინიანელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ლევონ IV. იგი პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მეორედ დაქორწინდა, მაგრამ მისი მეორე ცოლის ვინაობა უცნობია;
- რუბენი (1272-1273), გარდაიცვალა ჩვილი;
- ზაბელი (1273-1276), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- სმბატი (1276-1311), ზაბელის ტყუპისცალი, სომხეთის მეფე 1297-1298 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ზაბელი (1276-1323[4]), სმბატის ტყუპისცალი, ცოლად გაჰყვა კვიპროსის მეფე უგო III-ის ვაჟს, ტირის ბარონ ამალრიკ ლუზინიანელს;
- კონსტანტინე I (1277-1308), სომხეთის მეფე 1298-1299 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- რიტა (1278-1333), თეოდორას ტყუპისცალი, ქორწინების შემდეგ დაირქვა მარია. იგი ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ IX-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე III და ბულგარეთის დედოფალი თეოდორა პალეოლოგინა;
- თეოდორა (1278-1296), რიტას ტყუპისცალი, იგი დანიშნული იყო თესალიის მმართველ იოანე I დუკასზე, მაგრამ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა;
- ნერსე (1279-1301), აღიკვეცა ბერად;
- ოშინი (1283-1320), ალინახის ტყუპისცალი, სომხეთის მეფე 1308-1320 წლებში, პირველად იქორწინა თავის ბიძაშვილ ზაბელ კორიკოსზე, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი ვაჟი, მომავალი მეფე ლევონ V. ზაბელის გარდაცვალების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა იზაბელა ლუზინიანელზე, კვიპროსის მეფის ქალიშვილზე, რომელიც მალევე გარდაიცვალა და ოშინმაც მესამე ცოლი შეირთო ჟანა ანჟუელის სახით;
- ალინახი (1283-1310), ოშინის ტყუპისცალი, ლამპრონისა და ტარზუს ბატონი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Khachatrian, Hayk (2001). Queens of the Armenians: 150 Biographies Based on History and Legend. Yerevan: Amaras. ISBN 0-9648787-2-0.
- Rüdt-Collenberg, Wipertus Hugo: The Rupenides, Hethumides and Lusignans: The Structure of the Armeno-Cilician Dynasties, Párizs, Klincksieck, 1963.
- Rudt de Collenberg, Wipertus Hugo: Les Lusignan de Chypre, EΠETHΡΙΣ 10, Nicosia, 1980.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ W. H. Rüdt-Collenberg: The Rupenides, Hethumides and Lusignans, The Structure of the Armeno-Cilician Dynasties, Paris, Librairie Klincksieck, 1963, p. 61. speculates that the names of her children indicate her origins, and suggests that she may have been Marie of Antioch, daughter of Bohemond IV, Prince of Antioch, although according to the Lignages d'Outremer she married Thoros, by whom she had one son Buemont (Lignages d'Outremer, Marciana Ms Francese 20, CC.XCII, p. 67.)
- ↑ მეფე ჰეთუმი 1307 წელს სიკვდილით დასაჯეს ჰულაგუიანთა ილხან ოლჯაითუ-ყაენის ბრძანებით
- ↑ თოროს III სომხეთის მარშალ ოშინ კორიკოსის მეთაურობით მოკლეს შეთქმულებმა 1298 წლის 23 ივლისს
- ↑ პრინცესა ზაბელი 1323 წლის მაისში დაატყვევეს და მოკლეს სომხეთის რეგენტ ოშინ კორიკოსის ბრძანებით, რომელსაც სურდა ჰეთუმიანთა დინასტიის მემკვიდრეთა მოსპობა
|