გერმანე გოგიტიძე
გერმანე გოგიტიძე | |
---|---|
![]() გერმანე გოგიტიძე მეუღლესთან ერთად | |
დაბადების თარიღი |
12 სექტემბერი, 1886 ოზურგეთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
7 მარტი, 1960 თბილისი |
საქმიანობა | პროდიუსერი |
მშობლები | მამა: იოსებ გოგიტიძე |
გერმანე გოგიტიძე (დ. 12 სექტემბერი, 1886, ოზურგეთი — გ. 7 მარტი, 1960, თბილისი) — ქართველი კინოხელოვანი, პროდიუსერი, ქართული კინოწარმოების ერთ–ერთი პიონერი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უმაღლესი განათლება მიიღო პარიზში. 1914 წელს ოზურგეთში გახსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ კალატოზიშვილი. იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი პირველი ქართული მხატვრული ფილმისა. 1916–1918 წლებში ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გადაიღო „ქრისტინე“. 1919 წლის 12 მარტს ფირზე აღბეჭდა საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დამტკიცება.[1]
1921 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას; 1923 წლიდან იყო „სახკინმრეწვის“ დირექტორ–განმკარგულებელი. მისი ხელმძღვანელობით კინოსექციამ გამოუშვა ფილმები „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „სურამის ციხე“ (1923), „წითელი ეშმაკუნები“ (1923), „მამის მკვლელი“ (1923). გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება.
1920-იანი წლების შუა ხანებში წელს გოგიტიძე მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად, რათა განეხილათ „ვეფხიტყაოსნის“ ეკრანიზაციის საკითხი. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას. გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე ზაჰესსა და რიონჰესს ავაშენებდითო.[2] გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
1928 წელს გოგიტიძე ეწინააღმდეგებოდა ფილმ „ჯანყი გურიაში“ გადაღებას, რადგან მიაჩნდა, რომ ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა. ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1949 წელს გოგიტიძე დააპატიმრეს და აიძულებდნენ ეღიარებინა უცხო ქვეყნის ჯაშუშობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მისი ვაჟი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, საფრანგეთში დარჩა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. წამების შემდეგ გოგიტიძემ აღიარა ჯაშუშობა და ის 15 წლით კომის ასსრ-ში გადაასახლეს, სადაც მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 1956 წელს გაათავისუფლეს.
ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | დასახელება | რეჟისორი |
---|---|---|
1919 | ქრისტინე | გერმანე გოგიტიძე, ალექსანდრე წუწუნავა |
1923 | სურამის ციხე | ივანე პერესტიანი |
1923 | წითელი ეშმაკუნები | ივანე პერესტიანი |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 198.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 62.
- გერმანე გოგიტიძე, „ქართული კინოს წარსულიდან“ — საგა, 2013 წ.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „სახალხო საქმე“ 22 ივნისი, 1919
- ↑ 'გოგოძე, კ.', ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციის საკითხისათვის // საბჭოთა ხელოვნება, ტ. N10, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966. — გვ. 32-43.