ვიეტნამის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიეტნამის გეოგრაფია

ვიეტნამი — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. უჭირავს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი სანაპირო. სიგრძე 1650 კილომეტრი (ჩინეთის საზღვრიდან კამაუს კონცხამდე), სიგანე 50-იდან 600 კილომეტრამდე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩინეთი, დასავლეთით ლაოსი და კამბოჯა. აღმოსავლეთით აკრავს სამხრეთ ჩინეთის ზღვა ბაკბოს ყურით, სამხრეთ-დასავლეთით სიამის ყურე. ვიეტნამის ფართობი შეადგენს 331 210 კმ²-ს.

ვიეტნამის ტერიტორიის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მის ჩრდილო, ჩრდილო-დასავლეთ და შიგა რაიონებში, უჭირავს საშუალო სიმაღლის მთებს (1500-2000 მ). ქვეყნის ჩრდილო ნახევარში ჭარბობს პარალელური ქედები და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების მასივები, ყველაზე მაღალია ჰოანგლიენშონის ქედი, რომელზედაც აღმართულია მწვერვალი ფანში, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3143 მეტრი; სამხრეთ ნახევარში მთები ქმნიან ფართო მასივების, ზეგნებისა და პლატოებისაგან შემდგარ გასწვრივ ამაღლებულ ზოლს, რომლის საშუალო სიმაღლეა 500-1500 მეტრი (უმაღლესი 3280 მეტრი). ჰონგჰის დელტა, მდინარე მეკონგის ქვემოთი და ზღვის სანაპირო დაბლობი ვაკეა. სასარგებლო წიაღისეულიდან არის ქვანახშირი, რკინის მადანი, ოქრო, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ვოლფრამი, კალა, მოლიბდენი და სხვა.

ვიიეტნამის ჰავა სუბეკვატოული მუსონურია, სამხრეთით ცხელი, ჩრდილოეთით გრილი ზამთარი იცის. ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი მკაფიოდ არის გამოხატული ნოტიო მუსონურ პერიოდში. ქვეყნის დიდ ნაწილში ნალექები მოაქვს ზაფხულის სამხრეთ-დასავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ მუსონს, მშრალია ზამთრის ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონი. საშუალო სიმაღლის რაიონებში ყველაზე ცივი თვის (ჩრდილოეთით — იანვარი, სამხრეთით — დეკემბერი) საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 15°C-იდან 25,8°C-მდე იზრდება, ყველაზე თბილი თვის (ჩრდილოეთით — ივნისი, სამხრეთით — აპრილი) საშუალო ტემპერატურაა 28°C-29°C. ატმოსფერული ნალექები საშუალოდ 1500-2500 მმ წელიწადში, ზოგან (უმთავრესად მთებში) 3000 მ-ზე მეტი. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამის დაახლოებით 80 % თითქმის ყველგან მაის-ოქტომბერზე მოდის, აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში კი აგვისტო-იანვარზე.

მდინარეთა ქსელი ხშირია. ყველა მდინარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზს განეკუთვნება. მუსონური წვიმების სეზონში მკვეთრად მატულობს მდინარეების დონე (10 მეტრამდე, ზოგჯერ მეტად). მდინარეების უმეტესობა ჭორომიანია. მათ იყენებენ სარწყავად და ტვირთის გადასაზიდად. მთავარი მდინარეებია: ჩრდილოეთით ჰონგჰა (წითელი, ვიეტნამის ფარგლებში სიგრძე 475 კილომეტრი), მისი შენაკადი და (და — შავი); სამხრეთით მეკონგი (ვიეტნამს ეკუთვნის მხოლოდ ქვემო დინება, დაახლოებით 220 კილომეტრი).

ჭარბობს მთის ლატერიტული ნიადაგები. სანაპირო ზოლში და დაბალმთიანეთში წითელ-ყვითელი ლატერიტული ნიადაგებია, მდინარეთა დელტაში — ალუვიური.

ვიეტნამის ტერიტორიის დაახლოებით 1/3 (უმთავრესად მთები) დაფარულია ტროპიკული და სუბტროპიკული ტყით, მთისწინეთში და მთების ქვემო სარტყელში მარადმწვანე ტროპიკული ტყეა. ჩრდილოეთით 600-700 მეტრზე და სამხრეთით 1000-1200 მეტრზე მაღლა ტროპიკულ ჯიშებში შერეულია სუბტროპიკული და ზომიერი ჰავის მცენარეულობა: მუხა, წიფელი, წაბლი, ფიჭვი.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზეგნებსა და პლატოებზე, სავანური ტყე და სავანაა, სანაპირო ვაკეებზე კულტურული მცენარეულობა. ვაკეების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით სამხრეთით, დაფარულია ჭაობის მცენარეულობით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]