შინაარსზე გადასვლა

ვაჯრა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჯრა
ვიშვავაჯრა ანუ „ორმაგი ვაჯრა“ გამოსახულია ბჰუტანის ემბლემაზე.

ვაჯრა (დევანაგარი: वज्र, ჩინ: 金剛 jīngāng; ტიბ: རྡོ་རྗེ რდორჯე/დორჯე; იაპ: 金剛 ქონგოო) არის სანსკრიტული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ელვასა და ალმასს.[1] ვაჯრა არის რიტუალური საგანი, მოკლე მეტალის იარაღი - იაპონურ იავარას მსგავსი რამ, რომელსაც აქვს ალმასისა (შეუძლია გაჭრას ნებისმიერი საგანი, მაგრამ არა თავისი თავი) და ელვის სიმბოლური ბუნება (მოუგერიებელი ძალა).

ვაჯრა მიიჩნევა სულისა და სულიერი ძალის სიმაგრედ.[2] ესაა რიტუალური ან სულიერი იარაღი, რომელიც სიმბოლურად გამოიყენება ბუდიზმში, ჯაინიზმსა და ინდუიზმში. მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო ვაჯრა ინდური რელიგიისა და კულტურის გვერდით გავრცელებულია აზიის სხვა მხარეებში. იარაღად და სიმბოლოდ გამოიყენებოდა ნეპალში, ინდოეთში, ტიბეტში, ბჰუტანში, სიამში, კამბოჯაში, მიანმარში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში.

ტიბეტურში სიტყვის ექვივალენტია დორჯე,[1][3] რომელიც ტიბეტსა და ბჰუტანში მამაკაცის გავრცელებული სახელიცაა. დორჯე აგრეთვე აღნიშნავს პატარა კვერთხს, რომელიც რელიგიური ცერემონიებისას ლამებს უჭირავთ ხელში.

ბირმულ ენაში პალიდან სამი სიტყვა წამოვიდა - ვაჯირა (ბირმ. ဝဇိရ), „ალმასი“ (ბირმ. စိန် სეინ ან ბირმ. ဝဇီရ ვაზირა) და „ელვა“ (ბირმ. ဝရဇိန် ვაზარეინ).

ტანტრულ ბუდიზმში ვაჯრა და გჰანტა (ზარი) ლამას მიერ ბევრ წესდებაში გამოიყენება. ვაჯრა გამოხატავს კაცის საწყისს, ხოლო ზარი - ქალისას. ზოგიერთი ღვთაება გამოსახულია ორივე ხელში ვაჯრითა და ზარით, რაც სიბრძნისა და თანაგრძნობის ძალების ერთიანობას გამოხატავს.


  1. 1.0 1.1 Vajra or Dorje. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2010-12-21.
  2. Ritual Implements in Tibetan Buddhism: A Symbolic Appraisal
  3. Vajra - Dorje - Benzar - Thunderbolt - Firespade - Keraunos


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჯრა“-დან