შინაარსზე გადასვლა

ვაჩნაძიანის უსანეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის უსანეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის დასავლეთ განაპირას, სულაძეების კარ-მიდამოებში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია გრძივი კედლების უმეტესი ნაწილი, გარეთა კუთხეები და ჩრდილოეთკედლის დასავლეთ ნახევარი საძირკვლამდე აღმოსავლეთ კედელი 2,5 მეტრ სიმაღლეზეღა დგას, დასავლეთისა კი — 3,5 მეტრ სიმაღლეზე. შემორჩენილი კედლები დარბაზულია. დასავლეთ კედელი გადახრილია დასავლეთისკენ, ინტერიერში ყრია ქვები და ამოსულია ხეები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. იგი გარედან გადახურულია ნახევარწრიული თაღით, ხოლო შიგნით ხის ძელით თარაზულად ყოფილა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, აფსიდში გაჭრილია ვიწრო მაღალი სწორკუთხა სარკმელი. მსგავსი სარკმელია დარბაზის დასავლეთ კედელშიც — კარის თავზე. ამავე კედლის კიდეებში თითო სწორკუთხა ნიშაა.