ვაჩნაძიანის მეორე კოშკი
ვაჩნაძიანის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი ოთხსართულიანი. ზემოთკენ შევიწროვებული ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვით. კუთხეებში ოდნავ მოზრდილი ქვებია გამოყენებული. კედლის ზედაპირი შიგნიდან და გარედან გასწორებულია ბათქაშით. ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის კედლების ნაწილი. ჩამონგრეულია ხის სართულშუა გადახურვები. კოშკი აღმოსავლეთიდან დასავლეთით წაგრძელებული სწორკუთხედია. შესასვლელი პირველ სართულზეა აღმოსავლეთიდან. კარი ორივე მხრიდან შეისრულთაღოვანია. პირველი სართულის სამხრეთ კედელში გეგმით ნახევარწრიული, რიყის ქვითა და აგურითა ნაგები შეისრულთაღოვანი ბუხარია. სართულის კედლებში მოწყობილია სწორკუთხა ნიშა რომლებსაც ფიცრული გადახურვა ჰქონიათ. გარდა ამისა, ერთი ნიშაა სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშიც. ადრე ამ ადგილას პატარა თაღოვანი ღიობი ყოფილა, რომელიც მოგვიანებით ნიშად გადაუკეთებიათ და მასში ცალმაგი სათოფური მოუწყვიათ. სართული სამი შეწყვილებული სათოფურითა აღჭურვილი ორი აღმოსავლეთ კედელშია, შესასვლელის გვერდებზე, ხოლო ერთი — ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კედლის ნახევარში. შიდა სივრცეს ოთხი სარკმელი აშუქებდა; ორი მათგანი სამხრეთითაა თითო-თითო აღმოსავლეთითა და დასავლეთით. სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი მასიური ქვის კიბე.
მეორე სართულის კედლები პირველი სართულის კედლებთან შედარებით ოდნავ თხელია, რის გამოც სართულშუა გადახურვის დონეზე, სართულის მთელ პერიმეტრზე შექმნილია მცირე საფეხური, რომელსაც გადახურვის კოჭები ეყრდნობოდა, ამგვარი საფეხური მესამე და მეოთხე სართულებს შორისაცაა, მაგრამ იგი აქ მხოლოდ სამ კედელს გაუყვება. მესამე სართულზე არის ბუხარი, რამდენიმე სწორკუთხა ნიშა და სათოფურები აღმოსავლეთ კედლის შუაში და სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში ფართო ღიობებია, რომლებითაც შესაბამისი კედლების მხარეს მოწყობილ ღია აივნებზე გადიოდნენ. აღმოსავლეთ აივანი კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა, სამხრეთ აივანი ბევრად უფრო პატარა ყოფილა. ამჟამად აივნებზე გასასვლელი ორივე ღიობი ამოშენებულია, ხოლო აივნებიდან მხოლოდ მათი საყრდენი ხის კონსოლების ნაწილებიღაა შემორჩენილი. აღმოსავლეთ აივანზე გამოსასვლელი სწორკუთხა კარის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. მეოთხე სართულის კედლების მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი. სამხრეთით ბუხარია საკმაო რაოდენობითაა სათოფურები განათებისთვის სართულის თითოეულ კედელში თითო ფართო ღიობია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 96-98.