ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფ. ვარდისუბანი

ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მახლობლად, მდ. მაშავერასა და ფინეზუარის შესართავთან, მდ. მაშავერას მარცხენა ნაპირზე. გაითხარა 1989-1992 წლებში დმანისის არქეოლოგიურ ექსპედიციის მიერ (გ. ბოლქვაძე).

ეკლესია გეგმით შვერილაბსიდანი წრიული ნაგებობაა, აღმოსავლეთისკენ მიმართული სამი ნალისებური აფსიდით. ნაგებია ადგილობრივი ჯიშის ბაზალტის ქვათლილებით კირსხნარზე. წყობაში დაცულია მკაცრი ჰორიზონტალობა. კედლების სისქეა 1-1,10 მ. შემორჩენილი სიმაღლე საშუალოდ 1 მეტრია. ეკლესიის აბრისი გეგმის წრიულობა შექმნილია ერთმანეთში ჩამჯდარი კონცენტრული წრეების მეშვეობით. დიდი ზომის წრეში (დმ 17,60 მ), რომელიც ქმნის ნაგებობის აბრისს, ჩასმულია შედარებით მომცრო (დმ 8,40 მ) წრე, რომლის რკალში მოქცეული ფართობი წარმოადგენს ტაძრის ნაოსს. ნაგებობის გარშემოხაზულობა, აბრისი არაა შეკრული წრე. აღმოსავლეთიდან ის განიერი მხრებით შემოისაზღვრება. მხრებს შორისაა მოქცეული ეკლესიის ძირითადი აფსიდა, რითაც შექმნილია ტაძრის შვერილაბსიდიანობა. ნაოსის წრიულობა აღმოსავლეთდან შემოსაზღვრულია ძირითადი აბსიდის ნალისებური რკალით, ხოლო დანარჩენი მხრიდან − ბაზალტის ქვის ტრაპეციის ფორმის ბურჯებით, რომელთა შორის დატოვებულია გასასვლელები ჩრდილოეთ და სამხრეთ სადგომებში. ბურჯები ექვსია და მათ შორის შვიდი ღია გასასვლელია, რომელთაგან ერთ კარის ღიობს წარმოადგენს. წრიული დერეფანი ნაოსს ბურჯებს შორის არსებული ღიობებით უკავშირდებოდა. ნაგებობის ჩრდილოეთი ფასადის დიდი ნაწილი მოგვიანო ხანის გადაკეთებას უმსხვერპლია. ნაგებობის იატაკი მოგებული ყოფილა წითელი ტუფის ქვით. ეკლესიისს გათხრებისას მრავლად აღმოჩნდა ღარიანი და ბრტყელი კრამიტები, რომელთა შორის გვხვდება წერნაქით შეღებილი ნიმუშებიც. იქვეა გამოვლენილი ორნამენტებით შეკმული ქვის ფრაგმენტები. ერთ მათგანზე შემორჩენილია 5 ასომთავრული ნიშანი. აღსანიშნავია აგრეთვე ტუფის ქვის ჯვრის ორი მკლავის ფრაგმენტი, შემკული ვარდულით, სტილიზებული ფოთლოვანი და წიწვოვანი მოტივებით.

ეკლესიის სიახლოვეს, ჩრდილოეთით გაითხარა რამდენიმე უინვენტარო სამარხი. ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია წრიული გეგმარებით, წრიულ - სივრცეზე დაფუძნებული გუმბათითა და ინტერიერში თავისუფლად აღმართული გუმბათის საბჯენი ბურჯებით, გენეტიკურად რომაული და ელინისტური ტრადიციებით ნაგებს უკავშირდება. შესაბამისად, ის არაა ადგილობრივ ფესვებზე აღმოცენებული და მისი გეგმარება როტონდებს სხვა ხუროთმოძღვრული და კულტურული ტრადიციების მქონე სამყაროდანაა მოტანილი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ქართული საისტორიო მწერლობაში (ლეონტი მროველი) შემორჩენილი ცნობა, მირიან მეფის თხოვნით იმპერატორ კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილი ბერძენი მშენებლების ქართლში მოღვაწეობის შესახებ. შესაძლოა ისინი აღმშენებლობით საქმიანობას ქვემო ქართლშიც აწარმოებდნენ, რაც უნდა ასახულიყო კიდეც ვარდისუბნის ეკლესიის არქიტექტურაში.

ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია საქართველოში გუმბათიანი ნაგებობების ერთი პირველი ნიმუშთაგანია. ეს ხუროთმოძღვრული ტიპი ჩვენში შემდეგ აღარ განვითარებულა. ეკლესია თარიღდება IV საუკუნის მეორე ნახევრით ან V საუკუნის დასაწყისით. მას არსებობა უნდა შეეწყვიტა VII საუკუნის მიწურულისათვის. განსხვავებული მოსაზრებით ვარდისუბნის ეკლესია V-VI საუკუნეების ძეგლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩაჩხუნაშვილი, ც. 1992. „ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია“, ძეგლის მეგობარი, 1: 69-74.
  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 167-168.
  • Atac, N. & Koch, G. 2023. Die Kirche in Wardisubani/Georgien – eine Kopie der AnastasisRotunde in Jerusalem. Mitteilungen zur christlichen Archäologie, 29: 9-33.