ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში — მუზეუმი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში.
ისტორიული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალის ცენტრალურ ნაწილში. სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე, ხისსვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს. აივანი მხოლოდ გვერდებიდანაა გახსნილი. აივნიდან სწორკუთხა შესასვლელით ვხვდებით ვიწრო ტალანში, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ფართობის თითო ოთახია, ორივე ოთახის ფანჯრები აივანზე გამოდის. პატარა ოთახს ორი სწორკუთხა ფანჯარა აქვს, მოზრდილს — სამი. ორივე ოთახში თითო ბუხარია. ოთახებიდან თავდაპირველი ვაჟას მამის (პავლე რაზიკაშვილი, 1831-1890 წლები.) მიერ აგებული პატარა (16 კვადრატული მეტრი) ოთახია, ამ ოთახში დაიბადა და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ცნობილმა ქართველმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ (ლუკა რაზიკაშვილი 1861-1915 წლები.). მეორე ოთახი (ფართობი 20 კვადრატული მეტრი), რომელიც ვაჟას ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, მუზეუმის გახსნის წელსაა (1935) მიშენებული. 1976 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანებამ (ხელმძღვანელი თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვა. 1986 წელს, აღდგენილ იქნა საბძელ-გომური, წყლის წისქვილი, წყარო. 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა-ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება — კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმაღლე 5 მეტრი) თავი (მოქანდაკე — ბ. ავალიშვილი). ქანდაკების უკან, მუზეუმის სახურავზე, ვიწრო, სწორკუთხა კვარცხლბეკზე დგას არწივის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ვაჟას მიერ შექმნილ პოეტურ სახეს განასახიერებს.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. მასში დაცულია, როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქვე ინახება პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები. მუზეუმში აგრეთვე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფონდში, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი ერთეული ინახება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი ფ., დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 338-339.