ვალიკო ჩუბინიძე
ვალიკო ჩუბინიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 მაისი, 1891 |
დაბადების ადგილი | ქვაციხე, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 22 აგვისტო, 1988 |
გარდაცვალების ადგილი | ლევილი, საფრანგეთი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
მამა | ილარიონ ჩუბინიძე |
შვილ(ებ)ი | 3 |
ვალიკო ჩუბინიძე (დ. 1 მაისი, 1891, ქვაციხე — გ. 22 აგვისტო, 1988, ლევილი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. ყრმობის წლები შავი ქვის მაღაროებში გაუტარებია. აქვე ეზიარა მარქსისტულ იდეებს. 1900–1905 წლები მისი რევოლუციური ნათლობის წლებია. 1911 წელს აირჩიეს სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის ჭიათურის კომიტეტის წევრად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს, იბრძოდა გერმანიისა და თურქეთის ფრონტებზე. 1917 წლის ბოლოს, ნიკოლოზ მეორის გადადგომისა და ფრონტის მოშლის შემდეგ, ჩავიდა თბილისში და ახლად შექმნილი სახალხო გვარდის წევრი გახდა. მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში, მათ შორის - არსენალის აღებაში.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალიკო ჩუბინიძე ემიგრაციაში არ წასულა, სამშობლოში დარჩა. განაახლა მუშაობა ჭიათურის მაღაროებში და არალეგალურად განაგრძო ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ჭიათურელმა ამბოხებულებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, თითქმის უსისხლოდ აიღეს ჭიათურა და მისი ახლომახლო სოფლები. თუმცა გამარჯვებას მხოლოდ 24 საათი ზეიმობდნენ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ვალიკო ჩუბინიძე თბილისში ჩამოვიდა. აქაც არალეგალურად ცხოვრობდა, მაგრამ მიაგნეს და დაიჭირეს. პატიმრობაში დიდხანს არ ყოფილა, გაქცევა მოახერხა და თურქეთის გზით ემიგრაციაში წავიდა.
ვალიკო ჩუბინიძეს საქართველოში დარჩა ოჯახი. მან 1920 წლის იანვარში დაიწერა ჯვარი თამარ დავითის ასულ გოცაძეზე. სამი შვილი ჰყავდათ — თინა, პეტრე და დარეჯანი. ვალიკოს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მისი ცოლ–შვილი მუდმივ რეპრესიებს განიცდიდა. ყმაწვილებმა მუდმივ დევნას ვერ გაუძლეს, პეტრე ბავშვობაშივე გარდაცვლილა, თინაც ახალგაზრდა დაიღუპა. მეუღლე, თამარ გოცაძე ორჯერ გადაასახლეს, 1937 და 1951 წლებში. გადასახლებიდან დაბრუნებული მამისეულ კერას დაუბრუნდა და 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა 1991 წლის ზაფხულში.
1926 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. მუშაობდა აკაკი ჩხენკელთან. 1933 წლიდან, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველოს ემიგრანტი მთავრობის ლეგალიზაცია გააუქმა, ეწეოდა საცალო ვაჭრობას. გამოსცა ნოე ჟორდანიას ემიგრაციაში დაწერილი ნაშრომები 1956 წელს, ამავე დროს ნივთიერ დახმარებას უწევდა მას. მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა საზღვარგარეთის ქართულ პრესაში. პარიზში ორ ტომას გამოსცა „მოგონებანი“ (1938, 1953), რომელიც პირველწყაროს წარმოადგენს 1918–1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის და 1924 წლის აჯანყების ისტორიისთვის. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შარაძე გურამ, „უცხოეთის ცის ქვეშ“ ტ. 3. გვ. 186-194, თბ., 1993
- წერეთელი გიორგი. ვალიკო ჩუბინიძის მოგონებების გამო // თავისუფლების ტრიბუნა, N 5 — პარიზი, 1974.
- „ქართველები უცხოეთში“, წ.1, გვ. 201.— თბილისი, 2012