ესკალატორი

ესკალატორი (ინგლ. escalator < ლათ. scala — „კიბე“) — უწყვეტი ქმედების სამგზავრო საწეველა, რომელიც წარმოადგენს მოძრავსაფეხურებიან კიბეს. დადებითი მხარეებია: მაღალი წარმადობა (9 ათასამდე მგზავრი/სთ); მგზავრების მიღების უწყვეტობა; წარმადობის დამოუკიდებლობა აწევის სიმაღლეზე; გადასაყვანი მგზავრების ნაკადის თანაბრობა; გაჩერების შემთხვევაში მისი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ჩვეულებრივი კიბის. უარყოფითი მხარეებია: მგზავრების იძულებითი ჰორიზონტალური გადაადგილება, რომელიც ზრდის საწეველას სიგრძესა და ენერგიის ხარჯს; ლიფტთან შედარებით აწევის დაბალი სიჩქარე და შედარებითი სიძვირე. მიუხედავად ამისა, ე. შვეული ტრანსპორტის საუკეთესო სახეობაა მეტროპოლიტენების, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, დიდი უნივერმაღების, მოლების, აეროპორტის გასასვლელებისა და სხვ. ნაგებობებისათვის. სამგზავროს გარდა არსებობს სატვირთო სამგზავრო ესკალატორი, რომელიც გათვალისწინებულია ხელბარგიანი მგზავრების გადასაყვანად.
ესკალატორის კონსტრუქცია 1892 წელს დააპატენტა ამერიკელმა გამომგონებელმა ჯეს რენომ, თუმცა ეს კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი დანიშნულებით თანამედროვე ესკალატორისგან და გამიზნული იყო ატრაქციონისთვის. პირველი თანამედროვე ტიპის ესკალატორი დამონტაჟდა ლონდონის მეტროპოლიტენში 1911 წელს. შემდეგ იგი სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შედარებით დიდ სიღრმეზე განლაგებულ სადგურებში. მოგვიანებით ესკალატორის გამოყენება სხვა ობიექტებზეც დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ესკალატორს შეუძლია მგზავრების გადაყვანა უწყვეტ რეჟიმში, განსხვავებით ლიფტისგან, და მაღალი მწარმოებლურობა (თეორიულად 10 ათასი მგზავრი საათში), რომელიც არ არის დამოკიდებული აწევის სიმაღლეზე, თუმცა მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა, როგორიცაა მაგალითად, აწევის შეზღუდული სიმაღლე, დამოკიდებული მექანიზმის ტვირთამწეობაზე (ჩვეულებრივ, ესკალატორით ხდება 30-40 მეტრამდე დონეთა სხვაობის გადალახვა), დაბალი სიჩქარე და როგორც კონსტრუქციული, ასევე საექსპლუატაციო სიძვირე. მეტროპოლიტენის სადგურების გარდა ამჟამად ესკალატორი გამოიყენება ზოგიერთ მრავალსართულიან ობიექტზე, არის შემთხვევები, როდესაც ის გამოიყენება დიდი დაქანების მქონე ქუჩებში ქვეითთა მოძრაობის გასაიოლებლად, ასევე აღსანიშნავია ესკალატორის ტიპის ე.წ. მოძრავი ტროტუარები, რომლებითაც მგზავრების გადაადგილება ხდება ერთ დონეზე ან მცირე დაქანებით.
ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ესკალატორის (სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგური „ადმირალტეისკაია“) სიგრძეა 137 მეტრი და დონეთა სხვაობა 68,7 მეტრი. ყველაზე პატარა ესკალატორი ფუნქციონირებს ქალაქ კავასაკის (იაპონია) ერთ-ერთ სუპერმარკეტში. მისი სიმაღლე მხოლოდ 83 სანტიმეტრია და მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ესკალატორის გამოყენება უკავშირდება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობას. პირველი ესკალატორი დამონტაჟდა სადგურ „მარჯანიშვილის“ მშენებლობისას 1959 წელს. მეტროს სადგურ „სამგორში“ დამონტაჟებულია მოძრავი ჰორიზონტალური ტროტუარი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ვესტიბიულებს (1998 წლიდან აღარ ფუნქციონირებს). XX საუკუნის 80-იან წლებში ქართველი არქიტექტორების მიერ შემოთავაზებული იქნა ესკალატორის გამოყენების იდეა თბილისის დიდი ქანობის მქონე ქუჩებისთვის სოლოლაკის, მთაწმინდისა და რიგ სხვა უბნებში. საქართველოში ესკალატორი გამოყენება აგრეთვე სართულების დასაკავშირებლად დიდ სავაჭრო ცენტრებში სტაციონარული კიბეების ნაცვლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 104.
- ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ტ. II, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 189-190, ISBN 978-9941-28-496-0.