ლონდონის მეტროპოლიტენი
ლონდონის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ქალაქი | ლონდონი |
გახსნის თარიღი | 10 იანვარი, 1863 |
ხაზის სიგრძე | 402 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 272 (262 საკუთარი) |
ხაზთა რაოდენობა | 11 |
მგზავრები დღეში | 1.8 მლნ. (2021 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 296 მლნ. (2020/2021) |
ხაზების სქემა | |
ლონდონის მეტროპოლიტენი, (London Underground ან Tube) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე ესექსში, ჰერტფორდშირში და ბაკინგემშირში[1], უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. გაიხსნა 1863 წლის 10 იანვარს. ამჟამად მოიცავს 272 სადგურს[2], ხოლო ხაზების საერთო სიგრძეა 402 კმ[2]. ზოგიერთი ძველი სადგური და ხაზი ამჟამად დახურულია. 2019 წელს სისტემა 1.384 მილიარდ მგზავრს მოემსახურა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინიგზის მშენებლობა დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნის დამდეგიდან იწყება. 1854 წლისთვის დედაქალაქ ლონდონის გარეუბნებში უკვე რვა დამოუკიდებელი ტერმინალი იყო: ლონდონ ბრიჯი (London Bridge), იუსტონი (Euston), პედინგტონი (Paddington), კინგს კროსი (King's Cross), ბიშოფსგეითი (Bishopsgate) და ვატერლოო (Waterloo).
იმხანად, მხოლოდ ფენჩარჩ სთრითის სადგური მდებარეობდა ლონდონის აქტუალურ ნაწილში. ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის სწრაფი დაკავშირების სისტემის შექმნის აუცილებლობა ქუჩების მეტისმეტმა გადატვირთვამ და საცობებმა გამოიწვია. ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად, ლონდონში მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობის საკითხი პირველად 1830 წელს დაისვა, თუმცა ამ იდეას ყური ნაკლებად ათხოვეს. 1850 წელს კი მივიწყებული აზრი კვლავ გაიხსენეს და დღის წესრიგში მეტროს მშენებლობა დადგა.
პირველი მიწისქვეშა რკინიგზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1854 წელს პარლამენტის მიერ მოწონებული აქტით, პედინგტონსა და ფარინგდონის ქუჩას შორის, ქინგს ქროსის გავლით, ე. წ. მეტროპოლიტენის ანუ მიწისქვეშა რკინიგზის აგება დაიწყო, რისთვისაც ახალი ვაგონების დამზადება გახდა საჭირო.
მეტროს ქსელის აგება რამდენიმე წლით უსახსრობის გამო შეჩერდა. ლონდონ-ქალაქის კოოპერაციის იმჟამინდელ ვექილს ჩარლზ პიერსონს რამდენიმეწლიანი ლობირება დასჭირდა მეტროპოლიტენის აშენებისთვის ფინანსების მოსაზიდად. ის ყველანაირად ცდილობდა მიწისქვეშა ტრანსპორტის შესაქმნელად ყველა საფინანსო დაწესებულება დაერწმუნებინა, რათა გადატვირთული ქალაქის ცენტრიდან მგზავრთა ნაკადი გარეუბნებისკენ გადაესროლა, სადაც სწრაფი ტრანსპორტის გაჩენის შემდეგ, ბევრი დაწესებულება გადაინაცვლებდა. ამის მიუხედავად, ის მეტროპოლიტენის უშუალო მშენებლობაში არასდროს ჩართულა და მუდამ გარე დამხმარე ძალად რჩებოდა. დაბოლოს, 1859 წელს მან ლონდონ-ქალაქის კორპორაციის მესვეურნი დაიყოლია მეტროს სქემის შესაქმნელად ფინანსების გამოყოფაზე. სამუშაოები, როგორც იქნა, 1860 წლის თებერვალში დაიწყო ინჟინერ ჯონ ფოულერის ხელმძღვანელობით. პიერსონი მეტროს მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო. და მაინც, მისმა ჩანაფიქრმა სერიოზული განვითარება ჰპოვა და უამრავი ადამიანი ლონდონის ცენტრიდან გარეუბნებისკენ გადაიყვანა, რითიც ქალაქის გადატვირთული ნაწილი შეხალვათდა.
გახსნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლონდონის მეტროპოლიტენი 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ის მსოფლიოში პირველი საქალაქო მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაა მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი. გახსნიდან სულ მოკლე ხანში მეტრომ დღიურად 26 000 მგზავრის გადაყვანა დაიწყო. ჰამერსმითის და სითის ხაზი 1864 წლის 14 ივნისს შევიდა ექსპლუატაციაში. 1865 წლიდან ქალაქის მეტროპოლიტენი აღმოსავლეთით იწყებს გაფართოებას და იხსნება სადგური მორგეითს სთრითი. ამის შემდეგ პირველი მიწისქვეშა სამგზავრო რკინიგზა უწყვეტ განვითარებას იწყებს.
პირველი ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლონდონის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი ქუჩის ქვემოთ გადიოდა. ის ღია, ე.წ. მოჭრა-გადახურვის მეთოდით აშენდა. ქუჩას 10 მ სიმაღლეზე თხრიდნენ, რელსებს ჩააწყობდნენ, ზემოდან ქვის თაღებს დააშენებდნენ და მთელ ამ კონსტრუქციას აგურით ამოაშენებდნენ. მერე ქუჩაზე თავიდან აგებდნენ ქვაფენილს. 1911 წელს, როცა ესკალატორები გამოიგონეს, ღრმა გვირაბების გაყვანა დაიწყეს.
თავშესაფარი საჰაერო თავდასხმისას
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ლონდონი იბომბებოდა, ხალხი გვირაბებს აფარებდა თავს. 1940-დან 1941 წლამდე მეტროსადგურებში განლაგებული იყო საწოლები, სასადილოები და ტუალეტები. თავშესაფრის ზედამხედველები დაშავებულებს პირველად დახმარებასაც უწევდნენ და გვირაბს დატბორვისგან იცავდნენ.
ტრანსპორტ ფორ ლონდონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Transport for London (ტრანსპორტი ლონდონისთვის) 2000 წელს შეიქმნა, როგორც ლონდონის სატრანსპორტო სისტემაზე პასუხისმგებელი ინტეგრირებული სისტემა და გაერთიანება London Regional Transport შეცვალა.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სადგურები და ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | ფერი სქემაზე |
გაშვების თარიღი |
გახსნის თარიღი* |
სახელი ეწოდა |
ტიპი |
სიგრძე (კმ) |
სიგრძე (მილი) |
სადგურების რაოდენობა |
მგზავრობა /წელი (2000-იანები) |
მგზავრობა /მილი (2000-იანები) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბეიკერლოოს ხაზი Bakerloo Line |
ყავისფერი | 1906 | 1906 | 1906 | ღრმა | 23.2 | 14.5 | 25 | 95,947 | 6,617 |
ცენტრალური ხაზი Central Line |
წითელი | 1900 | 1856 | 1900 | ღრმა | 74 | 46 | 49 | 183,582 | 3,990 |
წრიული ხაზი Circle Line |
ყვითელი | 1884 | 1863 | 1949 | მიწისქვეშა | 22.5 | 14 | 27 | 68,485 | 4,892 |
დისტრიქტის ხაზი District Line |
მწვანე | 1868 | 1858 | 1868 — 1905 | მიწისქვეშა | 64 | 40 | 60 | 172,879 | 4,322 |
ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი Hammersmith & City Line |
ვარდისფერი | 1863 | 1858 | 1988 | მიწისქვეშა | 26.5 | 16.5 | 28 | 45,845 | 2,778 |
საიუბილეო ხაზი Jubilee Line |
ნაცრისფერი | 1979 | 1879 | 1979 | ღრმა | 36.2 | 22.5 | 27 | 127,584 | 5,670 |
მეტროპოლიტენის ხაზი Metropolitan Line |
იასამნისფერი | 1863 | 1863 | 1863 | მიწისქვეშა | 66.7 | 41.5 | 34 | 53,697 | 1,294 |
ნორთერნის ხაზი Northern Line |
შავი | 1890 | 1867 | 1937 | ღრმა | 58 | 36 | 50 | 206,734 | 5,743 |
პიკადილის ხაზი Piccadilly Line |
ლურჯი | 1906 | 1869 | 1906 | ღრმა | 71 | 44.3 | 52 | 176,177 | 3,977 |
ვიქტორიას ხაზი Victoria Line |
ცისფერი | 1968 | 1968 | 1968 | ღრმა | 21 | 13.25 | 16 | 161,319 | 12,175 |
ვატერლოო-ენდ-სიტის ხაზი Waterloo & City Line |
მომწვანო-ლურჯი | 1898 | 1898 | 1898 | ღრმა | 2.5 | 1.5 | 2 | 9,616 | 6,410 |
* თუ გახსნის თარიღი ექსპლუატაციაში გაშვების თარიღს უსწრებს წინ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ უწინ ეს ხაზი მეტროპოლიტენის სხვა ხაზს ან სხვა რკინიგზის კომპანიას ეკუთვნოდა. |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ An overview of the rail industry in Great Britain. UK Government - Office of Rail and Road. ციტირების თარიღი: 5 January 2017.
- ↑ 2.0 2.1 About TfL – What we do – London Underground – Facts & figures. Transport for London. ციტირების თარიღი: 17 June 2014.