ესენიურთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესენიურთის ციხეციხე თურქეთში. მდებარეობს გუმუშხანე ერზიჯანისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. მთლიანი მანძილი გუმუშხანეს ცენტრიდან ციხემდე 20,5 კმ-ია.

უშუალოდ ციხე ერზიჯანისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა წყალგამყოფი ქედის ყველაზე შემაღლებულ კლდოვან ბორცვზეა აშენებული. ოთხივე მხრივ კარგად მოჩანს უზარმაზარი სივრცეები. კლდოვანი ბორცვი ოთხივე მხრივ ფრიალო, ციცაბო კლდოვანი რელიეფით დაბლა ეშვება. საკუთრივ კლდოვანი ბორცვი სამხრეთ-დასავლეთისკენაა წაგრძელებული. ერთად ერთი შედარებით იოლი და ვიწრო მისადგომიც მას სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. დანარჩენი მხარეები მიუვალია. ამიტომაცაა, რომ ციხის მშენებლებს ცენტრალური კარიბჭეც ამ მხრიდან გაუმართავთ. საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ კარიბჭის ეს მონაკვეთიც. მას კარგად იცავს და ამაგრებს შესასვლელის მარცხენა მხარეს გალავნის კედლებისაგან წინ გამოწეული ნახევარწრიული გეგმის კოშკი. იგი საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი ორი სართული შემორჩენილია. შუა წელზე კოჭებისათვის დატანილი აქვს ფოსოები. ჩანს, მისი პირველი სართული ყრუ კედლებით იყო შემოსაზღვრული, ხოლო მეორე სართულზე დატანილია სათვალთვალო სარკმლები. კოშკის შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 10-11 მეტრია. ციხეს აქვს სხვა რამდენიმე, როგორც ნახევარწრიული, ისე ოთხკუთხა ფორმის კოშკებიც. საკუთრივ კარიბჭე გამართულია გალავნის კედლის ცენტრალურ ნაწილში. იგი საკმაოდ ფართე და მაღალია, თაღი ნახევარწრიულია. სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. კარიბჭეს მარჯვენა მხრიდან იცავს შედარებით მცირე მოცულობის ასევე ნახევარწრიული გეგმის კოშკი.

საკუთრივ ციხის მთლიან გეგმას, კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს და იგი მართკუთხა გეგმისაა. სიგანე შესასვლელთან 13,30 მეტრია. ცენტრალურ ნაწილში 39 მეტრი. ხოლო ბოლო მონაკვეთში 12 მეტრია. ჩართულია მრგვალი და სამკუთხა ბურჯები ჩართულია გალავნის კედლებში. ციხის შიდა სივრცეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, თავმოყრილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა თა ნაშთები, რომლებიც დღეისათვის მთლიანადაა აღდგენილი. აღდგენისას დაუფარავთ ადრეული წყობები, ამიტომ შეუძლებელი ხდება ძველ ნაგებობათა გეგმისა და ხასიათის განსაზღვრა. აქა-იქ დაცული ნაშთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჩანს, რომ ზოგიერთი მათგანი სამზარეულო ოთახი, ბუხრიანი ნაგებობა თუ წყლის რეზერვუარი უნდა ყოფილიყო. ციხის სამხრეთ ნაწილში გამართული იყო შიდა ციხე. იგი საკმაოდ დიდი მონუმენტური ნაგებობა ჩანს. აქაც დაფარულია ძველი წყობები. როგორც ჩანს, აღდგენისას მისი ზომები განსაზღვრეს ადრეული კედლის ნაშთების მიხედვით. იგი თითქმის კვადრატული ფორმისაა. ამ შენობის აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია კლდეში ჩაჭრილი მოზრდილი წყლის რეზერვუარი. აქვეა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებიც. გალავნის კედლებიდან ყველაზე უფრო დაზიანებული ჩანს სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი. აქვე შიდა სივრცეში ფიქსირდება ოთხი პატარა ზომის შენობის ნაშთები. ისინი ორსართულიანია და ზედა ნაწილის კედლებში დატანილია სათოფურები. ბრაიერმა და ვინფილდმა აქ დამალული გასასვლელი აღმოაჩინეს. შიდა ნაგებობათა კედლების სიფართე კი 80-90 სანტიმეტრია. თუ დავუკვირდებით ადრეულ ნაშთებს, კარგად ჩანს, რომ ციხის გალავნის კედლებში გამოყენებული ქვები აშკარად განსხვავდება შიდა სივრცის ნაგებობათა კედლის ქვებისაგან. განსხვავებულია დუღაბის ფერიც.

რაც შეეხება საკუთრივ ციხის გალავნის კედლებს, მათი დიდი ნაწილი დანგრეულია. ამჟამად იგი თურქ რესტავრატორებს აღუდგენიათ, მაგრამ ძალიან ცუდად. თითქმის გამქრალია ძველი წყობები. მიუხედავად ამისა აქა-იქ შემორჩენილი ნაშთების მიხედვით მაინც შეიძლება ციხის მშენებლობაში სამი პერიოდის გამოყოფა. ეს სხვაობები შედარებით კარგად ფიქსირდება აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეს. მათ კარგად ემჩნევათ სხვადასხვა დროში ნგრევისა და აღდგენის კვალი. პირვლი ციხის საძირკვლების დონეზე აქა-იქ, განსაკუთრებით კი სამხრეთი გალავნის კედლის ძირში, დღემდეა შემორჩენილი უსისტემო, მოშავო ფერის მოზრდილი ქვების წყობის ნაშთები, რომელიც ციხის მშენებლობაში ყველაზე ადრეული ჩანს. დუღაბის ფერიც განსხვავებულია. მეორე სამშენებლო დონე შედარებით მოგვიანოა და იგი შეიძლება ბიზანტიური ეპოქით დათარიღდეს. შედარებით ბევრგანაა კარგად დაცული ამ ეპოქის ნაშთები. წყობებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული, თითქმის სტანდარტული საშუალო ზომის ქვები. რიგების ჰორიზონტალურობა ძირითადად დაცულია. ციტადელის ნაწილში კარგად ჩანს ბიზანტიური ეპოქის ციხეებისათვის დამახასიათებელი სარტყლისათვის განკუთვნილი წყობები, სადაც აგურის ნაცვლად აგურის ფორმის ქვის ფილებია გამოყენებული. დუღაბის ფერიც განსხვავებულია როგორც ქვედა, ისე ზედა ნაწილისაგან. მესამე პერიოდი-ესაა ციხის გალავნის კედლების ზედა ნაწილი, რომელიც ოსმალთა სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. წყობების ამ ნაწილში გვხვდება სათოფურებიც. ასე, რომ ციხის მშენებლობაში გამოკვეთილი სამი სამშენებლო დონე ვფიქრობთ სამ პერიოდს უნდა შეესატყვისებოდეს. I საამშენებლო დონე, როდესაც აქ ციხე პირველად აიგო, ადგილობრივი ჭანური მოსახლეობის სახელს უნდა დავუკავშიროთ. II საამშენებლო პერიოდი ბიზანტიელთა ამ რეგიონში დამკვიდრებას და III კი-უშუალოდ ოსმალთა სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ციხის სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იგი ყველა დროში იყო გამოყენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 32-34 ISBN 978-9941-8-1990-2