ერაყის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერაყის გეოგრაფია
Iraq.A2003060.0750.500m.jpg
Iraq 2004 CIA map.jpg

ერაყი — სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, ტიგროსისა და ევფრატის ხეობებში, დასავლეთ აზიაში. ფართობი — 437 072 კმ². სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ქუვეითი, სამხრეთით საუდის არაბეთი, დასავლეთით იორდანია და სირია, ჩრდილოეთით თურქეთი, აღმოსავლეთით ირანი. სამხრეთ-აღმოსავლეთით სპარსეთის ყურეზე აქვს გასასვლელი.

ერაყის საზღვრების საერთო სიგრძეა 3631 კილომეტრი. ირანთან არსებული საზღვრის სიგრძეა 1458 კილომეტრი, იორდანიასთან 181 კილომეტრი, ქუვეითთან 242 კილომეტრი, საუდის არაბეთთან 814 კილომეტრი, სირიასთან 605 კილომეტრი, თურქეთთან 331 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა 58 კილომეტრი.

ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს ზემო და ქვემო მესოპოტამიის ვაკეებს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით სომხეთისა და ირანის მთიანეთების ქედებია, რომელთა სიმაღლე 3000 მეტრს აღემატება. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით სირია-არაბეთის ზეგნის განაპირა ზოლია, სიმაღლე 900 მეტრამდე. მესოპოტამია ანუ ჯეზირე სწორი, აქა-იქ დაბორცვილი პლატოა, სიმაღლე 300-450 მეტრი. ქვემო მესოპოტამია 100 მეტრამდე სიმაღლის ალუვიური დაბლობია. ერაყის უმაღლესი წერტილია შეეხა-დარი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3611 მეტრს აღწევს. მწვერვალი ერაყისა და ირანის საზღვარზეა აღმართული, ზაგროსის მთათა სისტემაზე. ამ მთიანის რაიონებისთვის დამახასიათებელია მაღალი სეისმურობა. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ნავთობი, აირი, ფოსფორიტები და გოგირდი.

ერაყის ჩრდილო ნაწილში ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, კონტინენტური ტიპისაა, იცის ცხელი, მშრალი ზაფხული და თბილი, შედარებით წვიმიანი ზამთარი. ივლისის საშუალო ტემპერატურა ქალაქ მოსულში 34 °C, იანვრისა — 7 °C. მთაში მინიმალური ტემპერატურა 16 °C აღწევს. სამხრეთ ერაყში ჰავა ტროპიკულია. ბასრაში იანვრის საშუალო ტემპერატურა 11 °C, აგვისტოში 34 °C, ზოგჯერ ტემპერატურა 50 °C აღწევს. ატმოსფერული ნალექები მთიან რაიონებში 500 მმ-მდეა წელიწადში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 60-100 მმ. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დამახასიათებელია ხშირი მტვრიანი ქარიშხალი.

დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მდინარეებს ტიგროსსა და ევფრატს. ქალაქ ელ-კურნასთან ისინი ერთდებიან და ქმნიან მდინარე შატ-ელ-არაბს, რომელიც ერთვის სპარსეთის ყურეს. მდინარეები გაზაფხულზე დიდდებიან, ხშირია წყალმოვარდნა. ქვემო მესოპოტამიაში ბევრია ჭალის ტბა და ლია-ლელიანი. ერაყის უდიდესი ტბაა თართარი, რომლის ზედაპირის ფართობია 2710 კმ².

უდაბნოებში უადებია. მდინარეების ტიგროსის (შენაკადებით), ევფრატისა და შატ-ელ-არაბის ხეობებში ალუვიური ნიადაგებია, ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში — წაბლა და რუხი. ქვეყნის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში მთა-მდელოს ნიადაგებია.

ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს სტეპს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით ნახევარუდაბნოსა და უდაბნოში გადადის. მთის კალთები უმთავრესად ჯაგეკლიანია, მდინარეების ხეობებში კულტურული ლანდშაფტებია.

ტყეებს ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 2 % უკავია. ყველაზე მაღალი ქედების ზემო კალთები შემოსილია ალპური მდელოებით. ერაყის სამხრეთით ფინიკის პალმა მოჰყავთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]