ევგენი დე ბოარნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევგენი დე ბოარნე
Eugène de Beauharnais, vice-roi d'Italie.jpg
იტალიის მეფისნაცვალი
მმართ. დასაწყისი: 5 ივნისი, 1805
მმართ. დასასრული: 11 აპრილი, 1814
ლოიხტენბერგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 14 ნოემბერი, 1817
მმართ. დასასრული: 21 თებერვალი, 1824
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: ავგუსტ დე ბოარნე
სხვა წოდებები: საფრანგეთისა და ვენეციის პრინცი, ფრანკფურტის დიდი ჰერცოგი, აიხშტატის მთავარი
მონარქი: ნაპოლეონ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 სექტემბერი, 1781
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 21 თებერვალი, 1824, (42 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: ავგუსტა ბავარიელი
შვილები: ჟოზეფინა, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
ევგენია, ჰოენცოლერნის პრინცესა
ავგუსტი, პორტუგალიის პრინცი
ამალია, ბრაზილიის იმპერატრიცა
თეოდორინა, ვიურტემბერგის პრინცესა
მაქსიმილიანი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი
დინასტია: ბოარნეები
მამა: ალექსანდრე დე ბოარნე
დედა: ჟოზეფინა, საფრანგეთის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ევგენი დე ბოარნე (ფრანგ. Eugène de Beauharnais; დ. 3 სექტემბერი, 1781, პარიზი, საფრანგეთი — გ. 21 თებერვალი, 1824, მიუნხენი, გერმანია) — ფრანგი არისტოკრატი ბოარნეთა გვარიდან. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის გერი, დედოფალ ჟოზეფინას ვაჟი პირველი ქორწინებიდან. იტალიის მეფისნაცვალი 1805-1814 წლებში. იქორწინა ბავარიის მეფის ასულ ავგუსტაზე, 1817 წელს კი სიმამრისგან მიიღო ლოიხტენბერგის ჰერცოგობა, რომელიც შემდოგმში მის შთამომავლებს გადაეცემოდათ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევგენი დაიბადა 1781 წლის 3 სექტემბერს პარიზში. იგი იყო ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნესა და მისი მეუღლის, ვიკონტესა ჟოზეფინა ტაშერ დე ლა პაგერიეს პირველი შვილი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და, ჰოლანდიის დედოფალი ჰორტენზია დე ბოარნე, ჰყავდა.

1794 წელს მამამისი მის ბიძაშვილ ავგუსტინთან ერთად გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბიდან მალევე, 1796 წელს დედამისი დაქორწინდა გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტზე, რომელიც გერებზე საკუთარი შვილებივით ზრუნავდა. ევგენი მამინაცვალს თან ახლდა 1796-97 წლების იტალიის კამპანიაში, 1799 წელს კი მასთან ერთად გაემგზავრა ეგვიპტეში და მონაწილეობდა აკრის ალყაში. იმავე წლის შემოდგომაზე ევგენის გენერლის ჩინი მიენიჭა.

როდესაც ნაპოლეონი პირველი კონსული გახდა, ევგენი მისი არმიის კაპიტანი გახდა. 1800 წელს მან თავი გამოიჩინა მარენგოს ბრძოლაში, რის შემდეგაც კიდევ დააწინაურეს. 1804 წლის მაისში ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორად ეკურთხა, რითაც ევგენის დედა დედოფალი გახდა. 1805 წლის 1 თებერვალს გამოცემული დეკლარაციით იგი საფრანგეთის იმპერიის პირველი კანცლერი გახდა.

მეფისნაცვალი ევგენი დე ბოარნე, შესრულებულია ფრანსუა ჟერარდის მიერ.

სულ მალე იგი იმპერიული არმიის გვარდიელი გახდა. 1805 წლის 5 ივნისს ნაპოლეონმა ევგენი იტალიის მეფისნაცვლად გამოაცხადა, რის შემდეგაც იგი მილანში გადასახლდა. ამ პერიოდში ნაპოლეონმა იტალია თავის და-ძმებსაც დაუნაწილა: ჟოზეფს ნეაპოლი შეხვდა, ელიზას ტოსკანა, ხოლო პიემონტი, სავოია და ლიგურია საფრანგეთს მიუერთდა. ამრიგად, რეალურად მისი გავლენა მხოლოდ ლომბარდიაზე, ვენეციასა და რომანიაზე ვრცელდებოდა. ცნობილია, რომ ნაპოლეონმა ევგენის ლომბარდიის მეფეთა რკინის გვირგვინი თავზე საკუთარი ხელით დაადგა.

მეფისნაცვლად დანიშვნასთან ერთად ნაპოლეონმა და ჟოზეფინამ მის დაქორწინებაზეც დაიწყეს ფიქრი. მალე ნაპოლეონმა ჩაშალა ბადენის დიდ ჰერცოგ კარლისა და ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან III-ის ასულის, პრინცესა ავგუსტა ბავარიელის ნიშნობა და 1806 წლის იანვარში ევგენი ავგუსტაზე დააქორწინა. ამ ქორწინების სანაცვლოდ ნაპოლეონმა ბავარია სამეფოდ აქცია, მას დიდძალი მიწები მიუერთა და მაქსიმილიან I მის მეფედ დასვა. ცნობილია, რომ ევგენისა და ავგუსტას საკმაოდ მყარი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ.

1809 წლის აპრილში, საჩილეს ბრძოლაში ევგენი ავსტრიის ერცჰერცოგმა იოჰანმა დაამარცხა, თუმცა იმავე წელს მან ავსტრიელები პავიისა და რააბის ბრძოლებში დაამარცხა. ასპერნ-ესლინგის ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონმა მთელი არმია იტალიიდან ავსტრიაში გადაისროლა. აქ ევგენიმ თავი გამოიჩინა ვაგრამის ბრძოლაში.

1812 წელს ევგენი ბოარნე თავის მამინაცვალს თან ახლდა რუსეთში ლაშქრობისასაც და იბრძოდა ბოროდინოს ბრძოლაში, თუმცა უკან დამარცხებული დაბრუნდა. უკან დაბრუნებისას, 1813 წელს ავსტრიელებისა და რუსების წინააღმდეგ ევგენის ლიუცენის ბრძოლის გადახდა მოუწია. ამის შემდეგ ნაპოლეონის ბრძანებით იგი სასწრაფოდ დაბრუნდა იტალიაში, სადაც უკვე შეჭრილიყვნენ ავსტრიელები.

1814 წელს ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა, რითაც ევგენიმაც დაკარგა თავისი ტახტი. ამის შემდეგ იგი ცოლ-შვილთან ერთად მანტუაში გადავიდა, სადაც დარჩა ნაპოლეონის მეორე გადადგომამდე. 1815 წელს მას იმედი ჰქონდა, რომ ვენის კონგრესზე ლომბარდიას მისცემდნენ, თუმცა ამაოდ. ამის გამო იგი ოჯახთან ერთად ცოლის სამშობლოში, ანუ ბავარიაში დაბრუნდა და მიუნხენის სამეფო კარზე დასახლდა.

1817 წელს ევგენის სიმამრმა ლოიხტენბერგის ჰერცოგობა უბოძა, რის შემდეგაც სწორედ აქ დამკვიდრდა ბოარნეთა გვარი. ევგენი ბავარიაში ბოლომდე ელოდებოდა ნაპოლეონის კიდევ ერთ დაბრუნებას, რის გამოც 1821 წელს მისმა გარდაცვალებამ იგი გაანადგურა. 1824 წლის 21 თებერვალს, 42 წლის ევგენი ბოარნე მიუნხენში გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე, წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარში. აღსანიშნავია, რომ მისი ქვრივი მეორედ აღარ გათხოვილა და ოცდაშვიდწლიანი ქვრივობის შემდეგ, 1851 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ჟოზეფინა Josephine of Sweden & Norway c 1835 by Fredric Westin.jpg 14 მარტი, 1807,

მილანი, იტალია

7 ივნისი, 1876,

სტოკჰოლმი, შვედეთი

(69 წლის)

ცოლად გაჰყვა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე ოსკარ I-ს, რომელთანაც შეეძინა

ხუთი შვილი, მათ შორის ორი მეფე: კარლ XV და ოსკარ II.

ევგენია Eugenie.jpg 22 დეკემბერი, 1808,

მილანი, იტალია

1 სექტემბერი, 1847,

ფროიდენშტადტი, გერმანია

(38 წლის)

ცოლად გაჰყვა ჰოენცოლერნ-ჰეხინგენის მთავარ კონსტანტინეს, მაგრამ შვილები

არ ჰყოლია.

ავგუსტი G. Dury - Portrait of Dom Augusto, Duke of Leuchtenberg - Google Art Project.jpg 9 დეკემბერი, 1810,

მილანი, იტალია

28 მარტი, 1835,

ლისაბონი, პორტუგალია

(24 წლის)

ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო პორტუგალიის დედოფალი მარია II,

მაგრამ შვილები არ ჰყოლია.

ამალია Retrato da D. Amélia de Beauharnais - Google Art Project.jpg 31 ივლისი, 1812,

მილანი, იტალია

26 იანვარი, 1873,

ლისაბონი, პორტუგალია

(60 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ს, რომელთანაც შეეძინა

ერთადერთი ქალიშვილი — მარია ამელია.

თეოდორინა Prinzessin Théodolinde de Beauharnais.jpg 13 აპრილი, 1814,

მანტუა, იტალია

1 აპრილი, 1857,

შტუტგარტი, გერმანია

(42 წლის)

ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის გრაფ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ოთხი

შვილი.

მაქსიმილიანი Maximilian Leuchtenberg.jpg 1 ნოემბერი, 1817,

მიუნხენი, გერმანია

1 ნოემბერი, 1852,

პეტერბურგი, რუსეთი

(35 წლის)

ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ასული

მარია ნიკოლაევნა რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adalbert von Bayern: Eugen Beauharnais, der Stiefsohn Napoleons. Ein Lebensbild. Propyläen-Verlag, Berlin 1940; 2. Auflage: Bruckmann, München 1950
  • René Blémus: Eugène de Beauharnais : L'honneur à tout vent. Edition France-Empire, Paris 1993, ISBN 2-7048-0718-3
  • Karl Theodor von Heigel: Leuchtenberg, Eugen Beauharnais, Herzog v. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 18, Duncker & Humblot, Leipzig 1883, S. 475–479.
  • Leo Hintermayr: Das Fürstentum Eichstätt der Herzöge von Leuchtenberg 1817–1833. Beck, München 2000, ISBN 3-406-10705-2
  • Rudolf Marti: Eugensberg, ein Schloss und 2500 Jahre Geschichte. Huber, Frauenfeld 1997
  • Hans Schmidt: Leuchtenberg, Eugen Herzog von. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 14, Duncker & Humblot, Berlin 1985, ISBN 3-428-00195-8, S. 369 f.