დოდოს რქა
დოდოს რქა | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°17′55″ ჩ. გ. 45°42′17″ ა. გ. / 41.29861° ჩ. გ. 45.70472° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
დოდოს რქა, დოდორქა — მონასტერი ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.
შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს — XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი.
კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) — ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე — მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი).
დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIII-XVIII საუკუნეებში გარეშე მტრების შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა, ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიალურად რუსთავის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე — ნინოწმინდელ ეპისკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთდეს. გასული საუკუნის მიწურულს გაუკაცრიელდა.
წინამძღვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1440 წელს მონასტრის წინამძღვრად იხსენიება დავითი — წმინდა დოდოს მონასტრის წინამძღვრის წერილი კათოლიკოს შიოსადმი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჩუქურთმა
-
ფრესკის ფრაგმენტი
-
ფრესკის ფრაგმენტი
-
ფრესკის ფრაგმენტი
-
გამოქვაბული
-
საკურთხეველი და კანკელი
-
კანკელის ფრაგმენტი
-
კანკელის ფრაგმენტი
-
კანკელის ფრაგმენტი
-
გამოქვაბული
-
გამოქვაბული
-
გამოქვაბული
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საყვარელიძე თ., ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 604-605.
- ლომინაძე ბ., საყვარელიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 467-468.