გრაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრაფი — ქართულად - „კომსი“ (იხ. დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონები). (გერმ.: Graf, ლათ.: Comes, ინგლ.: Earl, ფრანგ.: Comte, იტალ.: Conte) — ადრინდელი შუა საუკუნეების ევროპაში მეფის მოხელე, რომელიც სალიკური სამართლის მიხედვით საგრაფოს განმგებელი, სარდალი და მოსამართლე იყო. ფეოდალიზაციის შედეგად გრაფები იხვეჭდნენ მამულებს, პოლიტიკურ გავლენას და ცდილობდნენ მემკვიდრეობით გადაეცათ თავიანთი თანამდებობა. 870 წლის პარტკულარით შარლ მელოტმა დააწესა გრაფის თანამდებობის მემკვიდრეობითობა, ხოლო 877 წლის ე.წ. კერსის პარტიკულარით არსებითად დასრულდა გრაფის თანამდებობის ფეოდალურ ტიტულად ქცევა.

ევროპის მონარქიულ ქვეყნებში გრაფის ტიტული ფორმალურად დღესაც არსებობს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „გრაფი“ გერმანული ენიდანაა ქართულში შემოსული. ტერმინის ეტიმოლოგია:
გერმანული ენა — „გრაფი“ (Graf)
ძველი ლიტერატურული გერმანული ენა — „გრაფიო“, „გრაფო“ (Grafio, Gravo)
სავარაუდოდ საშუალო ლათინური ენა — „გრაფფიო“ (Graffio)
ბიზანტიის ხანის ბერძნული ენა — „გრაფეუს“, „სუგგრაფეუს“

ბერძნული „გრაფეუს“ ითარგმნება, როგორც: „ის, ვინც საბჭოს კრებს“. გვიანრომაულ ხანაში ლათინური „კომეს“ ეწოდებოდა მაღალი რანგის საიმპერიო საფინანსო საქმეთა მოხელეს (ლათ.: comes largitionum).

მეროვინგების და ფრანკების სამეფოს დროს გრაფი სამეფო სახელის მატარებელი პიროვნება იყო, რომელიც რაიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (საგრაფო, გაუ) ხელისუფლებით იყო აღჭურვილი და გარკვეულ ხვედში (მარკა, სამეფო ციხესიმაგრე, სამეფო სასახლე/დარბაზი, სამეფო დომენი) მეფისნაცვალს წარმოადგენდა. თავდაპირველად გრაფები სამხედრო უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი, შემდგომში ამას დაემატა სასამართლო, ფინანსური და ადმინისტრაციული ძალაუფლება. გრაფის-კომსის ინსტიტუტი ფრანკების სამეფოდან გავრცელდა საფრანგეთში, ინგლისში (ქაუნტი), ესპანეთში, იტალიაში და უნგრეთში (კომიტატი). XI-XII საუკუნეებში გრაფის ინსტიტუტი სამოხელეო ინსტიტუტიდან საგვარეულო-არისტოკრატულ ტიტულარულ ინსტიტუტად გადაიქცა. ასე რომ გვიან შუა საუკუნეებში გრაფ-კომსიი, როგორც მოხელე მხოლოდ მემკვიდრეობითი არისტოკრატი შეიძლება ყოფილიყო.

გერმანული არისტოკრატია იყოფოდა 2 კლასად: მაღალ და დაბალ არისტოკრტებად. გრაფები მაღალი არისტოკრატიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. გრაფის მეუღლე იყო „გრაფინ“ (გერმ.: Gräfin), ვაჟები ასევე „გრაფებად“ ან „ვიკონტებად“ იწოდებოდნენ, ხოლო გაუთხოვარი ქალები „კომტესად“ (გერმ.: Komtess). ზრდილობიანი მიმართვის ფორმები იყო:

  • „მაღალკეთილშობილებავ“ (გერმ.: Hochwohlgeboren) — დაბალი არისტოკრატიიდან წარმომავალი გრაფები, რომლებიც მემკვიდრეობით ფეოდს არ ფლობდნენ.
  • „უგანათლებულესობავ“ (გერმ.: Erlaucht ) — მაღალი არისტოკრატიიდან წარმომავალი გრაფები, რომლებიც მემკვიდრეობით ფეოდს ფლობდნენ.

გერმანიაში არსებობდა ე.წ. „მეორეხარისხოვანი გრაფის“ ტიტულიც, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საგრაფო ფეოდის მფლობელი და შემდგომში მისი მემკვიდრე, ურავლეს შემთხვევაში უფროსი ვაჟი, (იხ.: ფიდეი კომისუმ) რჩებოდა გრაფად, ხოლო დანარჩენი მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილი შვილები ბარონის ტიტულს ატარებდნენ. 1919 წელს გერმანიაში წოდებების გაუქმების შემდეგ ბევრმა „მეორეხარისხოვანმა გრაფებმა“ გრაფის ტიტულის, როგორც გვარის შემადგენელი ნაწილის ტარების უფლება დაკარგეს.

გრაფის ტიტული არსებობდა ცარისტულ რუსეთშიც. შემოიღო პეტრე I-მა, გაუქმდა 1917 წელს. ფეოდალურ საქართველოში მას შეესაბამებოდა ტახტის (სამეფო) აზნაურის წოდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]