დავითიშვილ-ბაგრატიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავითიშვილ-ბაგრატიონების გერბი

დავითიშვილ-ბაგრატიონებიბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოება, რ-იც XVI საუკუნიდან ფეოდალურ სათავადოდ ჩამოყალიბდა.

წარმოდგება ბაგრატიონთა კახეთის შტოსგან. 1511 წელს გიორგი ბატონიშვილმა მოკლა მამა — კახეთის მეფე ალექსანდრე I, ხოლო ძმას — დიმიტრი ბატონიშვილს — თვალები დასთხარა (ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით, „აღმოქადა მასცა თუალნი“) და ცოლშვილიანად გააძევა. ქართლში გადასვლის შემდეგ დიმიტრის შთამომავლებისაგან დაიწყო ბაგრატიონთა სახლის საგვარეულო განშტოება, რომელთაც „თვალდამწვრიანები“ უწოდეს. შემდგომში ეს განშტოება სათავადო სახლად ჩამოყალიბდა. დიმიტრი „თვალდამწვრის“ ჩამომავალ დავითიდან ისინი დავითიშვილებად იწოდნენ.

დავითიშვილთა თავადურ სახლში დიმიტრის ძის — დავით თვალდამწვრიანის შვილის — რამაზ დავითიშვილის შთამომავლობით კი, კიდევ ერთი საგვარეულო განშტოება — რამაზიშვილები — დაფუძნდა. XVI–XVIII საუკუნეებში ამ ორ შტოს შორის ხშირი იყო დავები, რაც ისტორიულ საბუთებშია ასახული: რამაზიშვილები თავიანთ განაყოფს მამულებს ედავებოდნენ, ხოლო დავითიშვილები მათ „სახლიკაცობას“ არ ცნობენ. ისტორიული წყაროებით, დავითიშვილების სამფლობელო ყოფილა შიდა ქართლის შემდეგი სოფლები: თავდაპირველად — დირბი, ბრეთი, ბებნისი, შემდეგ — ნული, ფცა, აბანო, თორმანეული, ღვერთეთი, თიხევი, ბროწლეთი, ტკოცა. ნულში ჰქონდათ სასახლე, კოშკი, საყდარი და ა. შ. დიმიტრი ბაქრაძის აზრით, ბაგრატიონთა საგვარეულოს ამ განშტოების საძვალე რუისის ტაძარში უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით საგვარეულოს თავისი გერბიც გაუჩნდა. იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ცხინვალში „წყლის ხეობასა შინა“ ცხოვრობენ თავადი დავითიშვილნი და „არიან გუარით ბაგრატოანნი“. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნეში თავადურ გვართა ერთმა ნაწილმა თავისი ძველი, ძირითადი გვარი დაიბრუნა. ეს დავითიშვილებმაც შეძლეს — 1783 წლის ტრაქტატს თანდართულ ქართლ-კახეთის თავადებისა და აზნაურების ნუსხაში მათი წარმომადგენელი მოხსენიებულია როგორც „თავადი დავითისშვილი–ბაგრატოვანი“. ამ პერიოდში დავითიშვილის გვარისა და, შესაბამისად, ბაგრატიონობის დაბრუნება რამაზიშვილებმაც მოახერხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 1;
  • ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
  • ნინიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012 წელი.