ნულის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნულის ციხე — საფორტიფიკაციო-საცხოვრებელი ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნულში.

ისტორიულ წყაროებში არავითარი ცნობა არაა ნულის კომპლექსის მშენებლობის შესახებ. მხოლოდ XVI–XVII საუკუნეების დოკუმენტებით ვგებულობთ, რომ ციხე ეკუთვნოდა დავითიშვილების გვარს. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში 1658–1876 წლებში ნათქვამია, რომ: „ელიზბარ და კონსტანტინე დავითიშვილები იყოფენ მამულს და სასახლეს, ხოლო კოშკს და ეკლესიას საერთო განმგებლობაში ტოვებენ“.

1596 წლის ორი დოკუმენტიდან ჩანს, რომ ციხე დავითიშვილის სამკვიდროა, რომელსაც ეცილება ხერხეულიძე. სიმონ მეფემ ნული დავითიშვილს უბოძა, ადრე იგი შიოშ ხერხეულიძისათვის ჰქონდა ნაწყალობევი.[1]

ციხე დგას 30 მეტრი სიმაღლის ბორცვზე, მდინარე ფრონეს ხეობის მარცხენა ნაპირზე. ნაგებია რიყის და ფლეთილი ქვით. ციხის კედლებისა და საცხოვრებელი ნაგებობათაგან ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ციხე მრავალფენიანია. თავდაპირველად აუშენებიათ მცირე ზომის, გეგმით ოთხკუთხა სიმაგრე, შემდეგ მის დასავლეთ ნაწილში დიდი ოთხკუთხა კოშკი. ამ ნაგებობათა აღმოსავლეთით მდებარე ეკლესია მათი თანადროულია. მოგვიანებით პირველი სიმაგრე და ეკლესია შემოზღუდულია ახალი ციხის კედლებით. შემდგომში გალავნის შიგნით შენდება სასახლე, ხოლო მის გარეთ, აღმოსავლეთით, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი. ასევე, აშენდა დიდი ზომის, ორსართულიანი შენობა.

თავდაპირველი ციხე გეგმით ოთხკუთხაა, მისი ზომებია: 16,5×12,2 მ. ვიწრო შესასვლელი მდებარეობს ჩრდილოეთ კედელში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობზე ციხეს წყვილი, ნახევარწრიული კონტრფორსები აქვს. ციხის კედლებიდან შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი. ამდენად, მისი სიმაღლის დადგენა შეუძლებელია.

სწორკუთხა კოშკი ნაწილობრივ დაშენებულია ციხის დასავლეთ კედელზე. მისგან შემორჩენილია სამი კედლის კვალი, ხოლო მეოთხეს სიმაღლე, დაახლოებით 10 მეტრს აღწევს. ამ კედელში სათოფურები არ ჩანს. პირველი სართულის კედელი ყრუა; მეორეზე კვადრატული ნიშია მოთავსებული, ხოლო მესამე სართულზე გაჭრილია კარი. იგი გადიოდა ხის აივანზე. შემორჩენილია აივნისკოჭის ბუდეები. მოგვიანებით კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მიაშენეს კონუსის ფორმის კონტრფორსი.

წმინდა მარინეს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის აღმოსავლეთით მდებარე წმ. მარინეს ეკლესია გეგმით (6,50×5,0 მ), სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდში ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. კონქი ოდნავ შებრტყელებულია.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. ვიწრო, არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. არქიტრავის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჯვარი მოთავსებულია ნახევარწრეში. ჯვრის დასავლეთი მკლავის ორივე მხარეს ნახევარსფეროებია გამოსახული.

სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესა და ეკლესიას შორის მდებარე სასახლე ხელოვნურ სუბსტრუქციაზეა დაშენებული. სასახლე ნაგებია აგურით კირის ხსნარზე; გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. ნანგრევებიდან ჩანს, რომ სასახლე შედგება დიდი დარბაზისა და საცხოვრებელი ოთახებისაგან. დარბაზი გეგმით სწორკუთხაა. კედლების ზედა ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. დარბაზის კედლები დანაწევრებულია თაღებით. ჩრდილოეთ კედელზე ხუთი თაღია განლაგებული. შუა თაღი თითქმის ორჯერ განიერია გვერდითებზე. გვერდითა ორი თაღი გამჭოლია. შუა თაღში მოწყობილია ნახევარწრიული, ფართო ბუხარი. დასავლეთი კედელი ასევე დანაწევრებულია სამი თაღით.

სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მცირე დარბაზი რვაწახნაგაა. ნაგებობას ოთხივე მხრიდან მაღალი, თაღოვანი კარ-სარკმლის ღიობები აქვს. დარბაზის წახნაგების კუთხეები სხვადასხვანაირადაა გადაწყვეტილი. სამხრეთ-აღმოსავლეთ წახნაგში მოწყობილია ფართო ბუხარი. დანარჩენი სამი წახნაგი ორიარუსიანია. ქვედა იარუსში მოთავსებულია ღრმა, ოთხკუთხა ნიშები, ხოლო ზედა, შუა ნაწილში, უფრო მცირე ნიშებია. სასახლის ყველა თაღი შეისრულია.

საცხოვრებელი სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის გალავნის გარეთა ნაგებობებიდან ყველაზე უკეთ შემორჩა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ჩრდილოეთი კედელი ყრუა. გრძივ კედლებში ნიშები სიმეტრიულადაა განლაგებული. დასავლეთ კედელში თორმეტი ნიშია, აღმოსავლეთით თერთმეტი, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია ბუხარი. სართულშუა გადახურვიდან მხოლოდ კოჭის ბუდეებია შემორჩენილი, მეორე სართულიდან კი უმნიშვნელო ფრაგმენტი. ნაგებობის საშენ მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა და აგური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004
  • Закарая П. В его кн. "Крепостные сооружения Картли", Тб., 1968, стр. 97.
  • Безсонов С.Б. "Крепостные сооружения в бассейне большой Лиахви". Изд. ЮОНИИ, вып. I. Сталинир, 1933.
  • ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, თბილისი, 1941, გვ. 79.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 12, ISBN 5-520-00154-5.