დაბლა ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: დაბლაციხე.
თბილისის ვახუშტისეული გეგმა. „ციხე დაბალი“ აღნიშნულია, როგორც „ც“.

დაბლა ციხეთბილისის საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილი, ქალაქის ისტორიული ნაწილის სამხრეთით, ციხის უბანში.

ადგილის სახელად „დაბლა ციხე“ გაჩნდა როსტომ მეფის მიერ XVII საუკუნის 30-იან წლებში ციხისა და ქალაქის გამყოფი კედლის (კალის ციხიდან მეტეხის ხიდამდე) აგების შემდეგ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „მეფემან როსტომ, ჩამოზღუდა კალა ციხიდამ ხიდის ყურამდე და მისცა სპარსთა; ...არს კუალად დაბალს ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანი და აწ ცარიელი, და სხუანი გუმბათიანნი არიან. ...ხოლო ხიდის ყურს აღაშენა მეჩითი შაისმაილ“.

დაბლა ციხეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა წავკისისწყალი, აღმოსავლეთიდან — მტკვარი (მეტეხის ხიდთან), ჩრდილოეთიდან — ახლად შემოზღუდული კედელი, დასავლეთიდან — კალის ციხე. წავკისისწყლის მარცხენა ნაპირს აყოლებულ კედელში დატანებული „აბანოს კარით“ დაბლა ციხე უკავშირდებოდა აბანოთუბანს, ხოლო ქვემო მოედანზე (ახლანდ. ვახტანგ გორგასლის მოედანი) გადიოდა ჩრდილოეთიდან კალის ციხიდან ჩამოზღუდულ კედელში დატანებული „ციხის კარით“. დაბლა ციხეში ძირითადად თბილისელი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. აქ იდგა სომხური გრიგორიანული „ციხის დიდი ეკლესია“ და „ციხის პატარა ეკლესია“ (მთავარანგელოზის), მეტეხის ხიდთან — შიიტების მეჩეთი, „ბერძენხანაში“ — წმ. ეკატერინეს ბერძენთა ეკლესია. პაპუნა ორბელიანის ცნობით, 1750 წელს „ბძანა მეფემან და აღიღეს გალავანი ქალაქისა, რომელი იყო ციხესა და ქალაქს შუა და გააერთნეს ციხე და ქალაქი“; თეიმურაზ II-ის ამ ღონისძიებით მუსლიმანთა კომპაქტურად დასახლებული უბანი მოიშალა და დანარჩენ ქალაქს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]