ციხის კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ციხის კარი — ქალაქისა და ციხის დამაკავშირებელი კარი, ისტორიულ წყაროებში თბილისის ციხე პირველად გვხვდება IV საუკუნის ამბების აღწერისას.

ბუნებრივია, მას ჰქონდა კარი, მაგრამ წერილობით წყაროებში ტერმინი „ციხის კარი“ პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. აღსანიშნავია, რომ თბილისის 3 დამცველი ციხესიმაგრიდან ტერმინი „ციხის კარი“ მხოლოდ თბილისის ციხესთან დაკავშირებით გვხვდება. XVII საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისამდე თბილისში ორი ციხის კარი არსებობდა. XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ თბილისი ციხიდან ავლაბრის ხიდის ყურამდე აგბულ ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებულ კარს „ციხისას" ეძახდნენ. 1638 წელს როსტომ მეფის მიერ შედგენილ „ყანუნ-ლამაში“ საუბარის თბილისის ციხის უფროსის-მინბაშის სასარგებლოდ დაწესებულ ბაჟზე. მოხმობილ დოკუმენტში მოხსენიებულია ციხის კარი, როგორც ჩანს, ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებული კარია, რადგან ქალაქის ციხის უფროსის უფლებები ვრცელდება როგორც, მაღლა, ისე დაბლა ციხეზეც. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან ქალაქში შემოსულ ყველა მგზავრს და შემოტანილ საქონელს ქალაქში შესვლამდე უნდა გაელო დაბლა ციხე. „ამავე წელს (1735 წელს)... ნადინ შაჰი ქალაქში რომ შემობრძანდება, დაბლა მეიდნის ბოლოს ციხის კარი იყო, იქიდამ არმის კარამდის ფეიდიზი გაუშალეს"(იესე ბარათაშვილი, ცხოვრება-ანდერძი, კრებული, ქართული პროზა, ტ. 5, თბ., 1983). იმავე ამბავს სეხნია ჩხეიძე ასე გადმოგვცემს:

ვიკიციტატა
„მოვიდა ქალაქს თამაზ-ხანი დიდისა დიდებით, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი ციხის კარიდამა ალაყაფის ჩარდახამდის („ცხოვრება მეფეთა").“

1747-1748 წლებში მეფე ერეკლემ ყიზილბაშებს ერთმანეთის მიყოლებით წაართვა თბილისი ყველა დამცვეკი ციხესიმაგრე. პაპუნა ორბელიანი დაბლა ციხის აღების ამბავს ასე მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„...რა ეს შეიტყვეს ქართველთა, აღარ იყოვნეს და მიადგნენ დაბლა ციხესა... გარდაუცვივდნენ ციხეში და მოადგენენ შიგნიდამ ციხის კარსა... კარიც გააღეს და სულ ციხე ჯარით აივსო...“

ვახუშტის თბილისის 1735 გეგმაზე ციხისა და ქალაქის გამყოფ კედელში დატანებული ციხის კარს მინიშნებული აქვს მხოლოდ „კარის" აღმნიშვნელი პირობითი ნიშნით. 1750 ქალაქისა და ციხის გამყოფი კედლის აღების შემდეგ, ასევე მოიშალა აღნიშნულ კედელში დატანებული ციხის კარიც. რაც შეეხება მაღლა ციხის კედელში დატანებულ ციხის კარს, იგი გვხვდება პიშჩევჩის თბილისი 1785 გეგმაზე N56-ით; „ციხის კარი სამოცი საჟენის სიმღლეზე, სადაც წინათ იყო რეზიდენცია სპარსეთის ხანისა", და კიდევ, კაპიტან ჩუიკოს 1800 თბილისი გეგმაზე N 8-ით:„ციხის კარი მიწისქვეშა შესასვლელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 950