გულების ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულების ჯამე

გულების ჯამემეჩეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებში. სოფლის თავში, შემაღლებულ ადგილას, მდინარე აჭარისწყლის ხეობის მარჯვენა მხარეს. ძეგლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა, აქედან კარგად ჩანს აჭარისწყლის ხეობის საკმაოდ ვრცელი არეალი და დაბა ქედის მიმდებარე სოფლები.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი რელიეფზეა მორგებული, ჩრდილო-დასავლეთ მხარე თითქმის ემთხვევა მიწის თანამედროვე ზედაპირს, ხოლო დასავლეთი და სამხრეთი მაღალია და სამხრეთი კედლის ნაწილი ამოყვანილია დაახლოებით 2 მ. სიმაღლის და 50 სმ. სისქის ქვის მშრალი წყობით.

მეჩეთის საძირკველი ჩრდილოეთის მხრიდან დაფუძნებულია ქვის სხვადასხვა ფერისა და ზომის წესიერ წყობაზე. ქვები ერთმანეთთან დაკავშირებულია კირხსნარით. სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე დაფუძნებულია ხის სვეტებზე, ხოლო აღმოსავლეთ მხარე — ნაწილი ხისა და ნაწილი 2 მ. სიმაღლის ქვის მშრალ წყობაზე. ეზოში გვხვდება ერთი საფლავის ქვა, რომელზეც ოსმალური წარწერაა დატანილი. მაჰმადიანური საფლავის ქვები ქრონოლოგიურად XIX საუკუნეს მოიცავს.

მეჩეთი არის ორ სართულიანი კვადრატული ფორმის ხის ნაგებობა. გაფორმებულია ხალხური მხატვრული ორნამენტებით, გადახურულია თუნუქის სახურავით.მისი ზომებია: სიგრძე 10 მ. სიგანე 7 მ. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, საძირკველთან ახლოს მოწყობილია ნახევარწრიული ფორმის სამი საფეხური. მეჩეთში შესვლამდე მოწყობილია აივანი.

შესასვლელი გაფორმებულია ქართული ორნამენტებით. ეს გაფორმება გვხვდება სვეტებზე, რომელიც საფეხურების შემდეგაა მეჩეთის შესასვლელამდე. აივანი ჩუქურთმებიანი სვეტებითა და კარებით იწყება, ოთხი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა მეჩეთის მეორე სართული. დასავლეთი მხარის ერთი სვეტი შედარებით გვიანი პერიოდისაა, მასზე მცირე სახით გვაქვს ორნამენტი (რომბი), ხოლო აღმოსავლეთ მხარეს ჩაყოლებული სამი სვეტი მეჩეთის თანადროულია და შემკულია ორნამენტებით (ბორჯღალი, ვაზის ფოთლები, ირიბად დახრილი ტეხილი ხაზები). რაც მნახველზე უშუალო ემოციურ იმპულსირებას ახდენს, აივნის მდებარეობა მტკიცედ იყო განსაზღვრული, ძირითადად ჩრდილოეთის მხარეს.

მეჩეთს ჩრდილოეთის მხრიდან, შესასვლელი კარის ორივე მხარეს აქვს ორი სარკმელი, რომელიც შემკულია დახრილი, ტეხილი, ფერადი ორნამენტით. სარკმლის ზომებია: სიგანე 50 სმ. სიმაღლე 100 სმ.

მეჩეთის შესასვლელ კარზე გამოსახულია ვაზი, ასევე შესასვლელი კარის თავზე, მეჩეთის მთელ სიგრძეზე პირველი და მეორე სართულის დამაკავშირებელ სვეტზე მოცემულია ფერადი (მწვანე, ყავისფერი) მცენარეული ორნამენტი. შესასვლელი კარი წყვილფრთიანია (სიმაღლე 172 სმ, მთლიანი სიგანე 90 სმ). ორივე კარზე ორნამენტია ამოკვეთილი. კარისქვედა ნაწილზე ვაზი მილტუჩა და სახელურიან სურაშია ჩაშვებული, სურას თავ-ბოლოზე კონცენტრირებული წრეები აქვს შემოვლებული. სურის ყელიდან ამოსული სწორი ღერო სიმეტრიულად ხუთჯერ განშტოებული და დახრილია რკალური ღეროებით. თითოეულ ღეროზე თითო მტევანია ჩამოკიდებული. მტევნები ერთნაირი ზომისაა და შვიდ-შვიდი ცალი მარცვალი აქვს. მტევნებს ორივე გვერდით ხორბლის მარცვლისებური მოყვანილობის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებული სახეები ახლავს. სურების გასწვრივ ორივე მხარეს ამოკვეთილია მტევნების სამი რიგი. შუა მტევანი ექვსი მარცვლიანია, ხოლო ზედა და ქვედა — სამ-სამი მარცვლიანი. ყურძნის მარცვლები თანაბარი სიდიდისა და ფორმისაა. კარის ზედა მოჩუქურთმებულ ნაწილზე გამოსახული ვაზი დეკორატიული სურის გარეშეა, კონცენტრირებული ნახევარწრეებიდან იწყება და ზევით ვერტიკალურადაა აღმართული სწორი ხე, რომლის გარდი-გარდმო ვაზის მიმოხვეული ღერო ზევით მიემართება და მტევნებითაა დახუნძლული. მტევნები მარცვალთა რაოდენობით სხვადასხვაა, არის ერთი, სამი, ექვსი და შვიდი მარცვლიანი. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვაზი პირველად გვხვდება კარის გარე ზედაპირზე.

ინტერიერი ასევე გაფორმებულია სხვადასხვა ფერისა და ფორმის ორნამენტებით. სამხრეთ კუთხეში მდებარეობს მუსლიმ მლოცველთათვის განკუთვნილი ნიშა მირჰაბი, რომელიც გაფორმებულია ფოთლისებური და წიწვისებური ფორმის ფერადი ორნამენტებით.

მიჰრაბის გვერდით დასავლეთ მხარეს მდებარეობს მინბარი, რომელიც შემკულია ფერადი სიცოცხლის ხის ორნამენტით. მინბარი შვიდ საფეხურიანია.

მეჩეთს აქვს შვიდი სარკმელი პირველ სართულზე, მათ შორის ორი აღმოსავლეთის, ორი ჩრდილოეთის, ორი დასავლეთის და ერთი სამხრეთის მხარეს.

პირველიდან მეორე სართულზე ასასვლელად გამოიყენება რვა საფეხურიანიკიბე ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, რომელიც არის ინტერიერში.

მეორე სართული პირველთან შედარებით უფრო სადაა, ორნამენტებით მხოლოდ სვეტებია გაფორმებულია. ორნამენტის ძირითადი სახეა ერთი წერტილიდან გამომავალი ოვალური მოყვანილობის ოთხი ფოთოლი, რომლის შიდა ზედაპირი დაშტრიხულია და ჩასმულია მართკუთხა ფორმის ჩარჩოებში, თითოეულ სვეტზე დაახლოებით ოთხი მართკუთხა ფორმის ჩარჩოა.

მეორე სართულზე არის ოთხი სარკმელი, ორი დასავლეთ მხარეს, თითო — ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს.

ჭერი ასევე შემკულია ორნამენტებით, ცენტრალურ ნაწილში მოცემულია გვირგვინის მსგავსი გადახურვა, რომელიც სამ საფეხურიანია და შემკულია მდიდარი ორნამენტებით. ჭერის ჩუქურთმები უნდა ეკუთვნოდეს ცნობილ ოსტატს სოფელ ორცვიდან ხუსეინ ქაჯაიას (ვარშალომიძე, 1979:33).

ქვედა ნაწილში მოცემულია გვირილის მსგავსი მცენარეული მოტივები, ერთნამეთთან დაკავშირებული ოვალები, რომლის ცენტრალურ ნაწილში მოცემულია სხვადასხვა ფორმის დეკორი. გვაქვს ასევე ტალღისებური ორნამენტი. შიგნით გვირგვინში ძირითადად გვხვდება ორი ფერი — წითელი და ცისფერი, გაფორმებულია გეომეტრიული და მცენარეული მოტივებით.

მეორე სართული ეყრდნობა რვა სვეტს, რომლებიც ასევე გაფორმებულია სხვადასხვა ფერადი ორნამენტებით.

სოფელ გულების მეჩეთი წარმოადგენს ქართული ტრადიციული ხელოვნების დამახასიათებელ ნიმუშს, რომლის შემოქმედებს მეჩეთის მშენებლობისას სრულიად ჰქონდათ გააზრებული მისი მნიშვნელობა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისათვის და ის სრულიად ქართული ორნამენტებითა და დეკორით შეამკეს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვარშალომიძე ჯ., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრულ-დეკორატიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები აჭარს მუსლიმანურ საკულტო ნაგებობებზე, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები I, ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათ., 2007;
  • ვარშალომიძე ჯ., ორნამენტი ხეზე, ბათ., 1979;
  • ზოიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურა ოსმალთა ბატონობის ხანაში, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები II, ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათ., 2008;
  • მგელაძე ნ., ტუნაძე თ., ქართულ-ოსმალური ურთიერთობის შესწავლის მატერიალური წყაროები (ქართველი მუსლიმების საფლავის ქვები), ისტორიული რეპრეზენტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები, აკადემიკოს მარიამო ლორთქიფანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბ. 2014;
  • ჭიჭინაზე ზ., ქართველი მუსლიმები, თბ., 2004;
  • დიასამიძე თ., გულების ჯამე. კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა, კონფერენციის მასალები, ბათ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11398