გრიგოლ გველესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველესიანი.

გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი (დ. 18 სექტემბერი, 1870, ქუთაისი — გ. 17 იანვარი, 1926, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1895 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გ. გველესიანი ქართული პერიოდიკის საშუალებით საზოგადოებას წარუდგა ლერმონტოვისა და კრილოვის თარგმანებით, ხოლო პირველი პუბლიცისტური წერილი „უნივერსიტეტის დაარსების გამო ჩვენში“ მოსკოვიდან გამოუგზავნა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც დაიბეჭდა 1890 წელს ივერიაში. ალბათ, არც ის იყო შემთხვევითი, რომ თბილისის უნივერსიტეტის დარსების პირველი სხდომა ივანე ჯავახიშვილმა სწორედ გ. გველესიანის სახლში გამართა.

1900 წელს გ. გველესიანი აირჩიეს ქუთაისის ქალაქის საბჭოს გამგეობის წევრად, ხოლო 1905 წელს ქალაქის თავის მოადგილედ. რევოლუციის წლებში მათი ოჯახი იმდენად ქმედითად ჩაერთო საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა დაარბია და გადაუწვა მამაპაპისეული სახლი და მდიდარი ბიბლიოთეკა. გ. გველესიანი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა იქაურობა — იმალებოდა ჯერ სამეგრელოში, შემდეგ ოჯახით გაემგზავრა ემიგრაციაში, საფრანგეთში. აქ იგი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს: ამთავრებს სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას, ეცნობა გამოჩენილ რევოლუციონერს ჟან ჟორესს, თანამშრომლობს გაზეთ „იუმინატეში“, სხვა ფრანგულ ჟურნალ გაზეთებში აშუქებდა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პრობლემებს, სწავლა-განათლების საკითხებს და სხვა.

ექვსი წლის შემდეგ გველესიანების ოჯახი როგორც იქნა დაუბრუნდა სამშობლოს. აქ გრიგოლი ბროშურისათვის „ეროვნული საკითხი და სოციალ-დემოკრატია“ სამართალში მისცეს, მაგრამ იმის გამო რომ იგი გამოქვეყნდა ავტორის ემიგრაციაში ყოფნის დროს, გაამართლეს.

გ. გველესიანმა ღრმა კვალი დატოვა თავის პუბლიცისტური მოღვაწეობით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მასში კარგად იყო შერწყმული განსწავლულობა, კრიტიკოსის ლიტერატურული გემოვნება და ალღო; აქტიურად მონაწილეობდა ჩვენში ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, იყო ეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება თუ ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შექმნა.

გ. გველესიანის პოლიტიკური მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ის, რომ იგი იყო საქაღველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მოადგილე; მას, როგორც ღრმად განსწავლულ იურისტს, დაევალა საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება. მან დავალება წარმატებით შეასრულა, მაგრამ დიდმა ჰუმანისტმა სიკვდილი როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, კონსტიტუციის პროექტში არ შეიტანა. ამაზე ნოე ჟორდანიას შეუნიშნავს: „გრიგოლ, ჩვენ მონასტრებს არ ვაშენებთ“. ქვეყანაში რთული სიტუაციის მიუხედავად, გ. გველესიანს თავისი პოზიცია არ შეუცვლია. შემდეგ კონსტიტუციის პროექტი დაამუშავა პავლე საყვარელიძემ, რომელმაც სავსებით გაიზიარა გ. გველესიანის შეხედულება. 1919 წელს იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, იყო ჯერ სენატის თავჯდომაის მოადგილე, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე.

1921 წლის თებერვალში გ. გველესიანმა უარი თქვა ემიგრაციაში წასვლაზე. გასაბჭოების შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სიცოცხლის ბოლოს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობდა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 102, თბ., 1994