განუყრელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
განუყრელა
Rosy-faced lovebird (Agapornis roseicollis roseicollis) flock.jpg
წითელყელა განუყრელა (A. roseicollis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Agapornis (Selby, 1836)

განუყრელა[1] (ლათ. Agapornis) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. ცნობილია 9 სახეობა.[2]

ჯმუხი აგებულების მცირე ზომის კუდსოლა თუთიყუშებია. სხეულის სიგრძე 13–18 (ხშირად დაახლ. 15) სმ შეადგენს, მასა 25–31 -დან (რუხთავა განუყრელა) 49–66 გ-მდე (ფრთაშავი განუყრელა; A. taranta). ფრთები მახვილია; ბოლო — მოკლე, მომრგვალებული ან საფეხუროვანი; ნისკარტი — ფერად ღია რუხი, შავი ან წითელი; ფეხები მუქია. თვალები მცირე ზომის, ხოლო მისი ფერადი გარსი ჩვეულებრივ მუქია; 4 ახლომონათესავე სახეობას მის გარშემო თეთრი ზოლი ახასიათებს. მამლის შეფერილობაში ნაჯერი მწვანე ტონები ჭარბობს. სახეობათა შორის განმასხვავებლის როლს თამაშობს კაშკაშა წითელი, შავი, ცისფერი, ლურჯი და ყვითელი მონაკვეთები თავზე, კისერზე, მკერდზე, წელზე, ზედაბოლოსა და ბოლოზე. დედლები მამლებს ჰგვანან ან მცირე დეტალებით განსხვავდებიან (3 სახეობა). ახალგაზრდა ფრინველები უფრო მკრთალები არიან.

გავრცელებული არიან აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, რუხთავა განუყრელა (A. canus) — მადაგასკარზე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებსა და ტყისპირებში, სავანებში, ბუჩქნარიან ნახევარუდაბნოებში და კულტურულ ლანდშაფტებში, მათ შორის ქალაქის პარკებში; მთებში ზღვის დონიდან 3400 მეტრ სიმაღლემდე ბუდობენ (ფრთაშავი განუყრელა).

უმთავრესად თესლებით იკვებებიან (უპირატესად აკაციის მარცვლებით), აგრეთვე კვირტებით, ყვავილებით, ნორჩი ფოთლებით, კენკრითა და ნაყოფებით (მ. შ. ლეღვი და მანგო).

წყვილები მუდმივია (მონოგამია) და ძირითადად ერთად ცხოვრობენ (აქედან სახელწოდება); მრავლდებიან წვიმის სეზონზე. ჯამისებურ, გვერდითაშესასვლელიან ბუდეს ხის ან ბუჩქის ტოტებს შორის აშენებენ, მასალად იყენებენ წნელსა და გამხმარ ღეროებს, რომლებსაც ზურგის ქვედა მხრისა და ზედაბოლოს ბუმბულებით ეზიდებიან. საბუდრად ზოგჯერ ფუღუროებს, მერცხლის, კვირიონის და ალკუნის სოროებს, ფეიქრების, ჭიანჭველებისა და ტერმიტების მასიურ ნაგებობებსაც იყენებენ. დედალი 3–8 კვერცხს დებს; ინკუბაცია 22–25 დღე გრძელდება; ბარტყებს ბუდეში 38–44 დღის მანძილზე კვებავენ.

IUCN-ის წითელ წიგნში სამი სახეობაა შეტანილი: ლოყაშავი განუყრელა (A. nigrigenis) მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნება; გადაშენებასთან ახლოს მყოფ განუყრელებს ტყვეობაში ამრავლებენ და ძალიან პოპულარულები არიან მოყვარულებში, ასეთია წითელყელა (A. roseicollis) და ნიღბოსანი განუყრელა (A. personatus); გამოყვანილია რამდენიმე ორიგინალური ფერადი ფორმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лоскот В. М. НЕРАЗЛУЧНИКИ // Большая российская энциклопедия. Том 22. Москва, 2013, стр. 487

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 55, 108, 182, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 110—111. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.