ბარდუსის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბარდუსის ციხე
ბარდუსის ციხე.jpg
დასავლეთის კედელი
კოორდინატები: 40°25′47″ ჩ. გ. 42°20′59″ ა. გ. / 40.42972° ჩ. გ. 42.34972° ა. გ. / 40.42972; 42.34972
ბარდუსის ციხე (თურქეთი)
Noun Project - Castle tower.svg
ბარდუსის ციხე (მესხეთის მხარე (VIII-X საუკუნე))
Noun Project - Castle tower.svg
ბარდუსის ციხის გეგმა.jpg

ბარდუსის ციხე (თურქ. Bardız Kalesi) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ისტორიულ ტაოში, ბარდუსის ხეობაში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ერზერუმის პროვინციის შენკაიას რაიონში, სოფელ გაზილერის მახლობლად.

აგებულია ხეობის სათავეში, სამხედრო თვალასაზრისით კარგად შერჩეულ ადგილას, ზღვის დონიდან 2490 მეტრზე. ოფიციალურად ეწოდება გაზილერის ციხე. მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ბარდუსის წყლის ხეობის მთავარ სიმაგრეს წარმოადგენდა და მისი ძირითადი ამოცანა სწორედ ხეობაში შემოსასვლელი გზის კონტროლი იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარდუსის ხეობის ჩამკეტი ციხის ფლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა ტაოს მეფისთვის, რადგან ხეობის ბოლოში, თანამედროვე შენკაიას ტერიტორიაზე, ტაოს პოლიტიკური ცენტრი - ბანა მდებარეობდა. აქ ედგა ტახტი ტაოს მეფე დავით III-ს. ამიტომ, სამეფოს დასაცავად, იგი დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდა ბარდუსის ხეობაში თავისი სამხედრო თუ საეკლესიო გავლენის სიმყარეს. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ბარდუსის ციხეზე ეკლესიის აშენება და მასზე გაკეთებული წარწერა სწორედ დავით III-ის მეფობის პერიოდიდანაა.

ბარდუსის ციხის აშენების შესახებ ცნობებს გვაწვდის ოსმალო მოგზაური ევლია ჩელები. 1647 წელს ევლია ჩელები ახალციხეში იმყოფებოდა და, როგორც თვითონ აღწერს, ახალციხიდან ყარსის მიმართულებით გაემგზავრა. გზად სწორედ ბარდუსის ხეობა გაუვლია, უნახავს ციხე, რომლის შესახებაც წერს. ჩელები ბარდუსის ციხის აშენებას აყ-ყოინლუს თურქმანებს უკავშირებდა და ციხის ირგვლივ არსებულ ნაგებობასა და სავაჭრო რიგებზეც მიუთითებდა.

XVIII საუკუნეში ბარდუსის ციხეში ახალციხიდან გადახვეწილი კათოლიკე მისიონერები ყოფილან შეხიზნული. ბარდუსის კლდეებში დამალულ ერთ-ერთ პატრს 1769 წელს რომში, კარდინალთან, დახმარების სათხოვნელი წერილიც კი გაუგზავნია, რადგან ბარდუსიდანაც ვეღარ ახერხებდნენ წასვლას. ხეობის იმდროინდელი ოსმალო გამგებლის, ნომან ფაშას ნებართვით 1770 წელს, რომიდან მოსული საპასუხო წერილის შემდეგ, პატრები ბარდუსის ციხიდან გამოუშვეს და რომში მშვიდობიანად დააბრუნეს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარდუსის ციხის რეკონსტრუქცია

ბარდუსის ციხის გალავნის დიდი ნაწილი საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული, განსაკუთრებით, შესასვლელის მხარე და ბურჯები. გალავანს ორ იარუსად გასდევს ხის ძელურები, რომლებიც, როგორც ჩანს, მშენებლობის დროს კედლის გასამაგრებლად გამოიყენებოდა. ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დაახლოებით 8 მეტრი სიმაღლის კარგად შენარჩუნებული ოთხკუთხა გოდოლია. გოდოლის კუთხეები ფერადვარაუდობენეთრი, წითელი) საპერანგე ქვით არის ამოყვანილი. გოდოლის სამხრეთ კედელში ჩაშენებულ ქვებზე კი ქართული ორნამენტები შეიმჩნევა. ეს ქვები აშკარად ეკლესიის პერანგის მოსაპირკეთებელი ქვები უნდა ყოფილიყო და ეკლესიის დანგრევის შემდეგ არის გამოყენებული მშენებლობაში.

ბარდუსის ციხეს მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. მართალია, კედელი გამონგრეულია, მაგრამ კარიბჭის სამხრეთი მხარე და თაღის ნაშთი კარგად არის შემონახული. ციხის ინტერიერის ჩრდილოეთის მონაკვეთში არის ხელოვნური ბორცვი, რომელიც, სასახლის ან ეკლესიის დანგრევის შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. ვარაუდობენ, რომ ციხის ტერიტორიაზე მრავლად უნდა იყო შენობა-ნაგებობები და თვით გალავანიც ბევრად მაღალი იყო.

კარიბჭის ჩრდილოეთ მხარეს კედელი გამონგრეულია, მაგრამ სამხრეთის მხარე და თაღის ნაშთი კარგად არის შენარჩუნებული. ამ შენარჩუნებულ კედელზე, დაახლოებით 3,5 მეტრის სიმაღლეზე ჩაშენებულ მოწითალო ფერის ქვაზე, ამოკვეთილია ორსტრიქონიანი წარწერა. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ის X საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. ქვას დაზიანებები არ ემჩნევა. იგი, სავარაუდოდ, ეკლესიის კედლის დანგრევის შემდეგ არის ციხის კედელში ჩაშენებული. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]