ბალტიის სიმაღლეთა სისტემა
ბალტიის სიმაღლეთა სისტემა (რუს. Балтийская система высот) — ნორმალური სიმაღლეების სისტემა, რომლის ათვლა ხდება კრონშტადტის ფუტშტოკის ნულიდან, რომელიც წარმოადგენს ბალტიის ზღვის მრავალწლიურ საშუალო დონეს. საერთოდ, ბალტიის ზღვის დონე საშუალოდ 70–80 სანტიმეტრით მაღლაა შავი ზღვის დონესთან შედარებით. ბალტიის ზღვის დონეზე დაკვირვების სამსახური შეიქმნა 1707 წელს.[1]
1840 წელს ცნობილმა რუსმა ჰიდროგრაფმა და ვიცე-ადმირალმა მიხეილ რეინეკემ კრონშტადტის ლურჯი ხიდის შემოვლითი არხის გრანიტზე ნიშანი დაიტანა, რომელიც შეესაბამებოდა წყლის საშუალო დონეს ფინეთის ყურეში 1825–1839 წლებში.[1]
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გეოდეზიური სამუშაოებისათვის 1926 წელს სახელმწიფო საგეგმო კომისიაში ჩატარებული პირველი გეოდეზიური თათბირის გადაწყვეტილებით სიმაღლეთა ათვლის საწყისად მიღებული იყო კრონშტადტის ფუტშტოკის ნული. მიუხედავად ამისა, 1946 წლამდე სარგებლობდნენ ძველთაგან შემორჩენილი მრავალი სისტემის კატალოგებით. ერთიანი სიმაღლეთა სისტემის შემოღების მიზნით, რაც განაპირობებდა მტკიცე საფუძვლის ჩაყრას სანიველირო ქსელების განვითარების რთული საკითხების მოწესრიგების საქმეში და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის ნიველობის მონაცემთა სრულყოფილად გამოყენებისათვის, 1946 წელს საგანგებო დადგენილებით საბჭოთა კავშირში შემოიღეს „ერთიანი ბალტიის სიმაღლეთა სისტემა“, რომლის სათავედ მიჩნეული იყო კრონშტადტის ფუტშტოკის ნული.[2]
მაშასადამე, საბჭოთა კავშირში გეოიდს, ამ შემთხვევაში კვაზიგეოიდს წარმოადგენდა კრონშტადტის ფუტშტოკის დონებრივი ზედაპირი. მისი გეოგრაფიული მდებარეობა არახელსაყრელია, მხოლოდ სიმაღლეზე იშვიათი მდგრადობით (სტაბილურობით) და ზღვის ადგილობრივ საშუალო დონის ნიშნულთან სიახლოვით დიდი უპირატესობის მქონეა სხვა საწყის ფუტშტოკებთან შედარებით.[2]
ამ ფუტშტოკზე დაკვირვებები დაიწყეს 1825 წლიდან. მაგალითად, ბალტიის ზღვის საშუალო დონე აღნიშნული ფუტშტოკის ნულის მიმართ, დაწყებული 1940 წლიდან, როცა იგი იყო 0,000 მეტრი, პერიოდულად იცვლებოდა — 0.034 მეტრამდე (1894, 1911 წწ.) და 1939 წლისათვის — 0.017 მეტრს უდრიდა. ფუტშტოკის ნდობის ხარისხი მით მეტია, რაც უფრო ხანგრძლივად ხდება მასზე სისტემატური დაკვირვებები.[2]
1946 წლის 7 აპრილს სსრკ-ში შემოიღეს „ერთიანი ბალტიის სიმაღლეთა სისტემა“, რომლის ათვლის საწყისად მიჩნეული იყო კრონშტადტის ფუტშტოკის მახლობლად წყნარ მდგომარეობაში მყოფი ბალტიის ზღვის საშუალო დონე ანუ კრონშტადტის ფუტშტოკის დონებრივი ზედაპირი,[3] თუმცა შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ციმბირში მიზანშეწონილად ჩათვალეს დაეტოვებინათ წყნაროკეანური სიმაღლეთა სისტემა.[4]
1950 წლისათვის დასრულდა სსრკ-ის ევროპული და აღმოსავლეთი რეგიონების სანიველირო სამუშაოები. აღმოსავლეთი სანიველირო ქსელი შედგებოდა 140, ხოლო დასავლეთი 100 პოლიგონისგან, რომელთა სიგრძე შეადგენდა შესაბამისად, 108 და 30 ათ. კმ-ს. 1952 წელს სანიველირო სამუშაოებისა და მათი განტოლების შედეგებით გამოიცა სსრკ-ის სანიველირო ქსელის სიმაღლეთა კატალოგი. 1954 წელს მოიხაზა I კლასის 28 ხაზის ტრასა, რომელიც უზრუნველყოფდა სსრკ-ით გარშემორტყმული ყველა ზღვის დონეების კავშირს. მათი ჩაგების პროგრამა დამტკიცდა 1968 წლის 29 იანვარს. იგი ითვალისწინებდა ახალი სანიველირო ქსელების განვითარებას, საზღვაო დონესაზომი საგუშაგოების გაუმჯობესებას, ტექტონიკით, სეისმურობითა და მსხვილი ჰიდროტექნიკური მშენებლობით განპირობებული დედამიწის ქერქის თანამედროვე ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას. 1970 წლის შუა ნახევარში სსრკ-ში ააგეს მაღალი სიზუსტის მქონე I და II კლასის სანიველირო ქსელი.[5][6]
1977 წელს დასრულდა განტოლება ნორმალური სიმაღლეების სისტემაში (ბსს-77). I კლასის ხაზის საერთო განფენილობამ შეადგინა 70 000 კმ, ხოლო II კლასის ხაზისამ 360 000 კმ. განტოლების გასაადვილებლად მთელი ქსელი 2 ბლოკად გადანაწილდა — „დასავლეთი“ და „აღმოსავლეთი“, რომელთა შორის საზღვარი გადიოდა I კლასის ხაზზე, არხანგელსკი — ყაზანი — არალის ზღვა — არისი. სისტემა შედგება 500 პოლიგონისგან, რომლის საერთო სიგრძე შეადგენს 110 000 კმ-ზე მეტს და აითვლება კრონშტადტის ფუტშტოკის ნულიდან. სანიველირო სვლის სკც-მ 1 კმ-ზე შეადგინა: I და II კლასში ბლოკი „დასავლეთი“ — 1.6 მმ და 2.1 მმ, ხოლო ბლოკში „აღმოსავლეთი“ — 2.7 მმ დ 3.6 მმ. კრონშტადტის ფუტშტოკიდან 10 000 კმ-ზე მეტად დაცილებული პუნქტები განსაზღვრულია საშუალო კვადრატული შეცდომით არა უმეტეს 15 სმ-სა. 1977 წელს გამოსაცემად მომზადდა სანიველირო კატალოგთა ხუთი ტომი, აგრეთვე ქვეყნის ყველა დონესაზომი საგუშაგოს კატალოგი.[6] 1980-იანი წლების შუა ნახევარში მოსალოდნელი ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით კრონშტადტსა და ლომონოსოვში შეიქმნა დუბლიორები. ერთდროულად გამოიკვეთა ბალტიის რეგიონის არასაკმარისი გეოლოგიურ-ტექტონიკური შესწავლილობა.[7]
აღსანიშნავია, რომ დონეთა გაზომვების შედეგები დაჰყავთ ერთ განსაზღვრულ დონეზე, რომელსაც სიღრმის ნული ეწოდება. იმ ზღვებში, სადაც მოქცევა და უკუქცევა არ არის და წყლის რყევადობა მცირეა, სიღრმის ნულად საშუალო მრავალწლიურ დონეს ღებულობენ. საბჭოთა კავშირში ასეთები იყო შავი და აზოვის ზღვები. ბალტიის ზღვაში სიღრმის ნულად მიღებულია წყლის დონე, რომელიც კრონშტადტის წყალსაზომ ლარტყის ნულზე გადის. კრონშტადტის ლარტყის ნული საშუალო მრავალწლიურ დონეზე რამდენიმე სანტიმეტრით დაბლაა. იმ ზღვებში, სადაც მიმოქცევის დონეთა ამპლიტუდა დიდია, სიღრმის ნულად ღებულობენ უკუქცევის მომენტის მინიმალურ დონეს.[8]
ამჟამად, ბალტიის სიმაღლეთა სისტემა, შემოკლებით ბსს-77 მოქმედებს რუსეთსა და დსთ-ის რიგ სახელმწიფოში, ამას გარდა, ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, სერბეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში.[9] საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დედამიწის ზედაპირის წერტილების ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლეების ათვლის საწყის ნიშნულად მიღებულია კრონშტადტის ფუტშტოკის ნული, ესე იგი ბალტიის სიმაღლეთა ზღვის 1977 წლის სისტემა.[10] ბალტიის სიმაღლეთა სისტემაში იქმნებოდა საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Доценко В. Д., Миронов В. Ф. Морские музеи Санкт-Петербурга. Справочник-путеводитель. 2001
- ↑ 2.0 2.1 2.2 ნიკოლოზ თევზაძე, საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : ნაწილი II, თბილისი : განათლება, 1974, გვ, 45
- ↑ Метеорология и гидрология: научно-техническтй журнал / гл. ред. В.А. Бугаев; Выпуски 1–6, 1968, ст. 62
- ↑ Известия высших учебных заведений, Геодезия и аэрофотосъемка, 1988
- ↑ В. В. Авакян. Опорные инженерно-геодезические сети // Прикладная Геодезия. — Москва-Вологда: Инфра-Инженерия, 2017. — С. 19. — 587 с.
- ↑ 6.0 6.1 И. С. Пандул, В. В. Зверевич. История и философия геодезии и маркшейдерии. — Санкт-Петербург: Политехника, 2008. — 340 с.
- ↑ Комаровский Ю.А. Использование различных референц-эллипсоидов в судовождении, — Владивосток: Мор. гос. ун-т, 2005. — 341 с.
- ↑ ნოე უკლება. ზოგადი ჰიდროლოგია : [სახელმძღვ. სტუდენტებისათვის]. თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1967, გვ. 364
- ↑ Andreas Pfeufer. Fehlerquelle Höhensystem DEGA Galabau, 2/2010. www.zuechtungskunde.de
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №206. საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატორთა სისტემის შესახებ