კრონშტადტის ფუტშტოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრონშტადტის ფუტშტოკი
Кронштадтский футшток

კრონშტადტის ფუტშტოკის მარეოგრაფის შენობა
კოორდინატები 59°59′21″ ჩ. გ. 29°45′44″ ა. გ. / 59.98917° ჩ. გ. 29.76222° ა. გ. / 59.98917; 29.76222
მდებარეობა კრონშტადტი
რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი სამეცნიერო ობიექტი
თარიღდება 1840
მდგომარეობა მოქმედი

კრონშტადტის ფუტშტოკი (რუს. Кронштадтский футшток) — წყლის დონის დასაკვირვებლად განკუთვნილი დანაყოფებიანი ლარტყა, რომელიც მიმაგრებულია ქალაქ კრონშტადტის შემოვლითი არხის ლურჯი ხიდის გრანიტის ბურჯს. 1840 წელს მიხეილ რეინეკეს წინადადებით, მასზე აღინიშნა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გამოვლინებული ზღვის საშუალო დონე.[1] იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჰიდროგრაფიული, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდეზიური ობსერვატორიული ობიექტია.[2] კრონშტადტის ფუტშტოკით წყლის დონის რეგულარული დაკვირვება დაიწყო 1806 წლიდან. 1824 წლის 19 ნოემბერს მომხდარი წყალდიდობის გამო კრონშტადტის ფუტშტოკი აიღეს, ხოლო შემდეგ კვლავ აღადგინეს.[3]

1840 წელს მიხეილ რეინეკეს წინადადებით, რომელიც 15 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ატარებდა ზღვის დონის აზომვას, ლურჯი ხიდის ქვის ბურჯზე კრონშტადტის შემოვლითი არხის გავლით დაიტანეს ხაზი, რომელიც შეესაბამებოდა ფინეთის ყურის წყლის საშუალო დონის 1825–1840 წლების დაკვირვების შედეგს. შემდეგდროინდელმა მრავალწლიანმა აზომვებმა დაადასტურა რეინეკეს აზომვების სიზუსტე, რის გამოც კორექტირების აუცილებლობა არ დამდგარა.[4]

1871–1904 წლებში ვიქტორ ფუსმა კრონშტადტის ასტრონომიული ობსერვატორიიდან განახორციელა კრონშტადტის ფუტშტოკის ნულის კონტინენტზე ნიშნების სანიველირო კავშირები. 1886 წელს ასტრონომ-გეოდეზისტმა ფიოდორ ვიტრამმა ნულოვანი ნიშნის ადგილზე ჰორიზონტალურ ხაზთან ერთად დადგა სპილენძის ფირფიტა, რომელიც წარმოადგენს კრონშტადტის ფუტშტოკის ნულს. 1898–1899 წლებში შემოვლითი არხის ნაპირთან, ხის სახლში დაიდგა მარეოგრაფი.[5]

კრონშტადტის ფუტშტოკი მეტრულია. 1946 წლის 7 აპრილს სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე შემოიღეს ერთიანი ბალტიის სიმაღლეთა სისტემა, რომლის ათვლის საწყისად მიჩნეული იყო კრონშტადტის ფუტშტოკის მახლობლად წყნარ მდგომარეობაში მყოფი ბალტიის ზღვის საშუალო დონე ანუ კრონშტადტის ფუტშტოკის დონებრივი ზედაპირი.[6]

საბჭოთა კავშირში აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ კრონშტადტის ფუტშტოკის ნულიდან. სსრკ-ში მასზე გაკეთდა წარწერა: „Исходный пункт нивелирной сети СССР“ — „სსრკ სანიველირო ქსელის საწყისი პუნქტი“, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ გადაკეთდა წარწერით: „Исходный пункт нивелирной сети России“ — „რუსეთის სანიველირო ქსელის საწყისი პუნქტი“.[7]

1836–2009 წლების დაკვირვების პერიოდში კრონშტადტის ფუტშტოკის საშუალო მრავალწლიურმა დონემ ბალტიური სისტემით შეადგინა 1 სმ. მაქსიმალური საშუალო წლიური დონე (24 სმ, ბს) აღინიშნა 1983 წელს, მინიმალური საშუალო წლიური დონე (–17 სმ, ბს) 1937 და 1960 წლებში. შესაბამისად, საშუალო წლიური დონის რყევა შეადგენს 41 სმ-ს.[3]

1999 წლის 30 აპრილის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დედამიწის ზედაპირის წერტილების ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლეების ათვლის საწყის ნიშნულად მიღებულ იქნა კრონშტადტის (ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია) ფუტშტოკის ნული (სიმაღლეთა ბალტიის ზღვის 1977 წლის სისტემა).[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кронштадтский футшток | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-13. ციტირების თარიღი: 2022-10-13.
  2. Известия Русского географического общества. ноябрь-декабрь, Т. 142, Вып. 6. СПб., 2010
  3. 3.0 3.1 История Кронштадтского футштока | Северо-Западное управление по гидрометеорологии и мониторингу окружающей среды
  4. Известия Всесоюзного географического общества, Географическое общество СССР, Изд-во Академии наук СССР, 1990
  5. Ю. Д. Буланже. Состояние уровнемерных наблюдений и проблема Кронштадтского футштока. 1986.
  6. Серия: Проблемы исследования Вселенной, Том 8. общество, 1979
  7. Большаков В. Д., Левчук Г. П., Багратуни Г. В., Справочник геодезиста, книга 2, москва, 1975
  8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №206. საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატორთა სისტემის შესახებ