გეოგრაფიული მდებარეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგრაფიული მდებარეობა — დედამიწის ზედაპირზე რაიმე პუნქტის ან ტერიტორიის მდებარეობა სხვა ობიექტის მიმართ. მათემატიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ამა თუ იმ პუნქტის ან ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით; ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით — მდებარეობით კონტინენტების, ოკეანეების, მთების, მდინარეების, ტბებისა და სხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების მიმართ; ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია გეოგრაფიულ მდებარეობაში გულისხმობს დასახლებული პუნქტის, რაიონის, ქვეყნის თუ სხვა ობიექტის მდებარეობას ეკონომიკურ-გეოგრაფიული (გზების, ბაზრების, სამეურნეო ცენტრების და სხვა) და ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების მიმართ. გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის, რაიონის, ქალაქის და სხვა განვითარების ერთ-ერთი პირობაა. გეოგრაფიული მდებარეობის პრაქტიკული მნიშვნელობა იცვლება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციებში.[1] გეოგრაფიული ტაქსონების კონკრეტული შესწავლისას განასხვავებენ მიკრომდებარეობას (ლოკალური გარემოცვა სხვა გეოგრაფიულ ობიექტებთან უშუალო კონტაქტის არეალში), მეზომდებარეობას (მდებარეობა რეგიონში, ქვეყანასა და სხვა), მაკრომდებარეობას (თანაფარდობა გეოგრაფიულ გარსთან ან მთლიანად დედამიწის ზედაპირის მსხვილ მონაკვეთებთან). განსაკუთრებით გამოიყოფა აგრეთვე ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა და სხვა.[2] „გეოგრაფიული მდებარეობის“ გაგება ცნობილია XVIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც დომინირებდა გეოგრაფიული დეტერმინიზმის პარადიგმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 72.
  2. გეოგრაფიული მდებარეობა — გეოგრაფიული ენციკლოპედია