შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ თევზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევზაძე.
ნიკოლოზ თევზაძე
დაბ. თარიღი 9 მაისი, 1908(1908-05-09)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 1985(1985-01-24) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ნიკოლოზ არტემის ძე თევზაძე (დ. 9 მაისი, 1908 — გ. 24 იანვარი, 1985) — ქართველი გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1962), სა­­ქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი (1930) და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1936). 1941–85 წლებში იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, სოხუმისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.

თევზაძის შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდეზიური ასტრონომიის, გეოდეზიური გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორიულ საფუძვლებს. ავტორია საინჟინრო გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–85), რომელშიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის თევზაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1988).

თევზაძის შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი ­სპეციალობა — საინჟინრო გეოდეზია. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლოგიური პირობების მქონე თბილისის მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდეზიური საფუძვლის პროექტირებასა და მის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს, ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების პრეზიდიუმის, სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის კომპლექსური გამოკვლევის სამეცნიერო საბჭოს, ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალი კორპუსების მშენებლობის პირველი მთავარი ინჟინერი საზოგადოებრივ საწყისებზე.

1973–85 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გეოდეზიის სექციის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები.

  • განაზომთა შეცდომების თეორია, ნაწ. 1, თბ., 1957;
  • განაზომთა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, თბ., 1960;
  • უმცირეს კვადრატთა მეთოდი, თბ., 1964; საინჟინრო გეოდეზია, [ტ.] 1–10, თბ., 1974–85.
  • პაპავა თ., ჯავრი­შვი­ლი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 647.