აღა მუჰამედ იაჰია ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღა მუჰამედ იაჰია ხანი
აღა მუჰამედ იაჰია ხანი
პაკისტანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მარტი, 1969 – 20 დეკემბერი, 1971
წინამორბედიმუჰამად აიუბ-ხანი
მემკვიდრეზულფიკარ ალი ბჰუტო

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი, 1969 – 20 დეკემბერი, 1971
წინამორბედიმიიან არშად ჰუსეინი
მემკვიდრეზულფიკარ ალი ბჰუტო

დაბადებული4 თებერვალი, 1917
ჩაკვალი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი10 აგვისტო, 1980
რავალპინდი, პაკისტანი
მამასაადატ ალი ხანი
განათლებასანდჰიორსტის სამეფო სამხედრო აკადემია, პენჯაბის უნივერსიტეტი

აღა მუჰამედ იაჰია ხანი (აზერ. Ağa Məhəmməd Yəhya xan Qızılbaş, ურდუ. آغا محمد یحیی خان) (დ. 4 თებერვალი, 1917 — გ. 10 აგვისტო, 1980)— პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი. პაკისტანის მესამე პრეზიდენტი და ამასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრიც (1969-1971 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღა მუჰამედ იაჰია ხანი დაიბადა 1917 წლის 4 თებერვალს ბრიტანეთის ინდოეთის ქალაქ ჩაკვალში. იგი აზერბაიჯანული წარმოშობისა იყო, მიეკუთვნებოდა ყიზილბაშების ტომს[1][2][3][4][5]. მისი მამა საადატ ალი ხანი, წარმოშობით პეშავარიდან იყო. პენჯაბის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იაჰია ხანი შევიდა დეჰრადუნის ინდოეთის სამხედრო აკადემიაში. 1938 წელს დაიწყო მუშაობა ბრიტანეთის ინდოეთის არმიის იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო ტერიტორიებში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი თავის მოვალეობებს ასრულებდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ერაყში დაიტალიაში. ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდეგ იაჰია ხანმა მთავარი როლი ითამაშა კვეტაში პაკისტანის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის დაარსების საქმეში. 1965 წლის ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომის პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა ქვეით დივიზიას. 1966 წელს იგი გახდა გენერალი და დაინიშნა პაკისტანის სახმელეთო ძალების მეთაურად. 1969 წელს მთელ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. მუჰამად აიუბ-ხანი იძულებული გახდა ხელისუფლება გადაეცა ქვეითი ძალების შტაბის მეთაურს გენერალ იაჰია ხანს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იაჰია ხანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან შეცვალა კონსტიტუცია, დაითხოვა ეროვნული და პროვინციული პარლამენტები. 1969 წლის 31 მარტს იაჰია ხანი ოფიციალურად გახდა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი[6].

პაკისტანის სხვა მმართველებისაგან განსხვავებით იაჰია ხანი არ ყოფილა დაინტერესებული თავისი მმართველობის გაგრძელებით. ქვეყნის შიგნით სტაბილური მდგომარეობის დამყარებისთანავე დაიწყო იმ ადამიანის ძებნა, ვისაც ხელისუფლებას გადააბარებდა. 1970 წლის 29 მარტს წარმოადგინა დროებითი კონსტიტუციის პროექტი. 1970 წლის დეკემბერში პაკისტანში გაიმართა არჩევნები. პრობლემები დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა არჩევნების შედეგები. ავამი ლიგამ მუჯიბურ რაჰმანის ხელმძღვანელობით ქვეყნის პარლამენტში აღმოსავლეთ პაკისტანისათვის გამოყოფილი 162 ადგილიდან მიიღო 160 ადგილი. მიუხედავად ამისა, დასავლეთ პაკისტანში მათ არცერთი ადგილი არ მიუღიათ. მეორე მხრივ, პაკისტანის სახალხო პარტია ზულფიკარ ალი ბჰუტოს მეთაურობით გახდა უდიდესი პარტია პენჯაბიდან და სინდიდან, სადაც მიიღო 81 ადგილი. ამან განაპირობა ქვეყნის გახლეჩვა და პოლიტიკური ქაოსი. აღნიშნული ქოსიდან ქვეყნის გამოყვანა იაჰია ხანმაც ვერ შეძლო. აღმოსავლეთ პაკისტანში აჯანყდნენ ბენგალელები. ამან გამოიწვია ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომის დაწყება 1971 წლის ზამთარში[6].

ამ ომში იაჰია ხანი იყო პაკისტანის არმიის მთავარსარდალი. საერთო ჯამში პაკისტანმა წააგო ომი. დაკაში პაკისტანის არმიის დანებებამ იაჰია ხანი საკმაოდ უარყოფით პიროვნებად აქცია პაკისტანში. მოსახლეობამ დაიწყო მისი გაკრიტიკება. მას სხვა გზაც არ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ხელისუფლება გადაეცა გაყოფილ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული პარტიისათვის. 1971 წლის 20 დეკემბერს გადადგა და თანამდებობა დაუთმო ზულფიკარ ალი ბჰუტოს. 1972 წელს ბჰუტომ გასცა განკარგულება იაჰია ხანის შინაპატიმრობაში აყვანის შესახებ[6].

იაჰია ხანი გარდაიცვალა 1980 წლის 10 აგვისტოს ქალაქ რავალპინდში[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Keay, «India: A History. Revised and Updated».
  2. Nikhat Ekbal, «Great Muslims of undivided India».
  3. Hugh Tinker, «South Asia: A Short History" University of Hawaii Press», 1990. — ISBN 0824812875.
  4. Shahid Javed Burki, «Historical Dictionary of Pakistan». — ISBN 1442241489.
  5. Agha Humayun Amin, «India Pakistan Wars-1947 to 1971-A Strategic and Operational Analysis».
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Yahya Khan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-21. წაკითხვის თარიღი: 2012-01-30.