აუეზოვის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუეზოვის სახლ-მუზეუმი
43°14′36″ ჩ. გ. 76°56′58″ ა. გ. / 43.24339389° ჩ. გ. 76.94956194° ა. გ. / 43.24339389; 76.94956194
დაარსდა 1963
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა ალმათი, ყაზახეთი
კლასიფიკაცია მემორიალური
Map

აუეზოვის ლიტერატურულ-მემორიალური სახლ-მუზეუმი (ყაზახ. Әуезовтің әдеби-мемориалдық музейі) — მუხთარ აუეზოვის ლიტერატურული და მემორიალური მუზეუმი ქალაქ ალმათში (ტულებაევის ქ. №185). ის 1963 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა სახლში, სადაც მწერალი ცხოვრობდა თავისი სიცოცხლის ბოლო 10 წლის განმავლობაში.

მუზეუმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი აგროვებს და პოპულარიზაციას უწევს დიდი მწერლის მემკვიდრეობას, ატარებს სამეცნიერო კვლევებს მისი შემოქმედებითი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ყოვლისმომცველი აღიარების, ლიტერატურის დარგში კვლევების მიმართულებით. მუზეუმში ექსპონატები განთავსებულია 11 დარბაზში. მუზეუმის ექსპოზიციის ერთ-ერთი აქტუალური თემაა დიდი ყაზახი პოეტის — აბაი კუნანბაევის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული აუეზოვის სახელთან და მისი სამეცნიერო და ლიტერატურული კვლევის მთავარი ნაყოფია. აბაის ლიტერატურული მემკვიდრეობის ამსახველ ექსპონატებს შორისაა მურსეითის მიერ გადაწერილი პოეტის შემოქმედების ხელნაწერები და ბიბლიოგრაფია. არის ფასდაუდებელი ისტორიული თხზულებანი, იშვიათი გამოცემები, როგორიცაა 1909 წლის სანქტ-პეტერბურგში გამოცემული თხზულებათა კრებული. მუზეუმში გამოფენილია აბაის პირველი ნამუშევრები, მისი პუბლიკაციები ყაზახურ, რუსულ და სხვა მოძმე ერების ენებზე და მსოფლიოს ერების ენებზე თარგმნილი კოლექციები. ეპოსის — „აბაის გზისადმი“ მიძღვნილ განყოფილებაში ნაწარმოების თარგმანებია სხვადასხვა ენებზე: არაბულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ, მონღოლურ, ვიეტნამურ ენებზე. მოთავსებულია, ასევე მსოფლიო ლიტერატორთა და ხელოვანების მოსაზრებები პოეტ-განმანათლებლის შემოქმედების შესახებ. დიდი პოეტის მემკვიდრეობის ყოვლისმომცველი და სიღრმისეული შესწავლისას დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობისაა აუეზოვის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი განყოფილება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აუეზოვის კვლევით ნაშრომებს (წარმოდგენილია მონოგრაფიული სტატიების კრებული, სახელმძღვანელოს სპეციალური თავები და სხვა), რომელიც აბაის შემოქმედებით ნიჭს ამჟღავნებს. აუეზოვის იმიჯი გამოსახული იყო, როგორც გამოჩენილი მასწავლებელი, აბაიტოლოგიის უნიკალური მცოდნე, რომელიც აწყობს აბაიტოლოგიის სპეციალურ კურსს და სპეციალურ აბაიტოლოგიის სემინარს, რომელიც სწავლობს დიდი პოეტის მემკვიდრეობას. იმ განყოფილებაში, რომელიც ეძღვნება იმ ადგილს, სადაც დაიწერა ეპოსი „აბაის გზა“, არის აბაის ფოტო ოჯახთან ერთად, მისი შვილებისა და რუსი მეგობრების სურათები, რომლებიც გადასახლებულნი იყვნენ სემეის რეგიონში; ფართოდ არის ნაჩვენები ლობანოვსკის პორტრეტი, აუეზოვის მემუარები პოეტის ცხოვრების შესახებ, საარქივო მონაცემები და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. მხატვრების ე. სიდორკინის, ლ. ილინას, კ. კოჟიკოვის და სხვათა ნახატები ეპოსისთვის „აბაის გზა“, ამდიდრებს აბაის თემას. განყოფილებაში „მ. აუეზოვი და თეატრალური ხელოვნება" ნაჩვენებია აბაის პორტრეტი თეატრალურ სპექტაკლში „აბაი“ და კომპოზიცია რომან-ეპოსიდან „აბაის გზა“, მხატვრული ფილმი „აბაის სიმღერები“ და სცენები ოპერიდან „აბაი“. შემორჩენილია მოგონებები პიროვნების ჩამოყალიბების შესახებ. აბაის თემა აუეზოვის პირადი არქივის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. მუზეუმის ფონდი შეიცავს ეპოსის „აბაის გზის“ თითქმის ყველა ორიგინალურ ხელნაწერს, ნაწარმოების დაწერის დროს განხორციელებულ დამატებებს და ცვლილებებს, სხვადასხვა ვერსიებს და სამეცნიერო კვლევით ნაშრომების ხელნაწერებს აბაიოლოგიის სფეროში რთული პრობლემების გადასაჭრელად. პოეტის თანამედროვეთა მოგონებები და მუზეუმის კოლექციაში მაგნიტოფონებზე ჩაწერილი სხვადასხვა ლიტერატურული და საარქივო მონაცემები ფასდაუდებელი ექსპონატია აბაის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლაში. მუზეუმის კინოარქივში არსებული დოკუმენტური ფილმი „მუხთარ აღა“ მაყურებელს აცნობს იმ ადგილს, სადაც დაიწერა ეპოსი „აბაის გზა“. ფილმში განხილულია აბაის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რომელიც ამდიდრებს მაყურებლის ცოდნას დიდი პოეტის შესახებ.[1]

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს მუხთარ აუეზოვმა მიიღო სტალინური პრემია და აღებული თანხით იყიდა ორი მიწის ნაკვეთი. 1951 წელს ამ ნაკვეთზე ააშენა სახლი. შენობის არქიტექტორი იყო ლენინგრადელი გ. გერასიმოვი. ამ სახლში მწერალმა ოჯახთან ერთად თავისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა (1951-1961). სწორედ აქ მუშაობდა თავის რომანზე „აბაის გზა“, რომლის პირველი წიგნი 1952 წელს ყაზახურ ენაზე გამოიცა. ამავე პერიოდში პრესაში აუეზოვს ადანაშაულებდნენ სამოქალაქო ყურადღების ნაკლებობაში და ის იძულებული გახდა ალმა-ათა და თავისი სახლი დაეტოვებინა მოსალოდნელი დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად. აუეზოვი სახლში მხოლოდ 1954 წელს, სტალინის გარდაცვალებისა და ყაზახეთის სსრ-ში მთავრობის ცვლილების შემდეგ დაბრუნდა.

1961 წლის 27 ივნისს მუხთარ აუეზოვი გარდაიცვალა. ამავე წლის 15 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი მუზეუმის გახსნის შესახებ.[2] მუზეუმის პირველი დირექტორი მწერლის ქალიშვილი, ლეილა აუეზოვა გახდა.

1995-1997 წლებში მუზეუმის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არქიტექტორ ს. მატაიბეკოვის პროექტით. რეკონსტრუქციის მიზანი ექსპოზიციის გაფართოების აუცილებლობა იყო.[3]

1997 წელს, აუეზოვის დაბადების 100 წლისთავზე, ახალი ლოკაცია გაიხსნა მიშენებაში, რომელიც ეზოშია. გაჩნდა ახალი საექსპოზიციო დარბაზი, სადაც ისტორიული ფოტოგრაფიები და წიგნები განთავსდა. აქ არის ასევე სხვა ნივთები, რომელსაც აუეზოვი ცხოვრებაში იყენებდა. მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლა მოსახერხებელი ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა შესაძლებელი.[4]

ძეგლის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 4 აპრილს, სახალხო დეპუტატთა ალმა-ათის საქალაქო საბჭოს სააღსრულებო კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №139 „ქალაქ ალმათის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლების სიის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც აუეზოვის სახლ-მუზეუმიც შევიდა.[5] გადაწყვეტილება ითვალისწინებდა ძეგლთა დაცვის ვალდებულებების გაფორმებასა და რესტავრაციის პროექტების შემუშავებას.

1982 წლის 26 იანვარს შენობა შეტანილ იქნა ყაზახეთის სსრ-ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ნუსხაში.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]