ალმათის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალმათის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი

43°15′33″ ჩ. გ. 76°57′24″ ა. გ. / 43.25942500° ჩ. გ. 76.95685694° ა. გ. / 43.25942500; 76.95685694
დაარსდა 1 აგვისტო, 1980
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა ალმათი
Map

ალმათის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი (ყაზახ. Қазақтың Халық Музыка Аспаптары Мұражайы) — ალმათში მდებარე ყაზახეთის ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი.

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკური მნიშვნელობის ყაზახური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი ჩამოყალიბდა 1980 წელს ყაზახეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით. მუზეუმის გახსნა შედგა 1981 წლის 24 აპრილს. მუზეუმის ფონდში 400-ზე მეტი 40-ზე მეტი სახეობის ყაზახური ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტია.

ხალხური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით 1981 წელს მუზეუმთან გაიხსნა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი „Сазген“.

1990 წლის 11 მარტს ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმისთვის ყაზახეთის სახალხო კომპოზიტორის, იკილას დუკენულის (1843-1916) სახელის მინიჭების შესახებ.

მუზეუმის ექსპონატი

მუზეუმის ექსპოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ინახება წარსულში ცნობილი და გამოჩენილი შემსრულებელ-იმპროვიზატორების და კომპოზიტორების ინსტრუმენტები.[1]

მუზეუმის ექსპოზიციები თავისი ტიპისა და პერიოდის მიხედვით რამდენიმე დარბაზშია მოთავსებული. ეს დარბაზებია: ხალხური მუსიკის ისტორია (თურქი ხალხის მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია); სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტები; ოსტატთა დარბაზი (გამოფენილია მუსიკალური ინსტრუმენტების დამამზადებელ ოსტატთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის პრიზიორი ინსტრუმენტები); კობიზის დარბაზი; თურქი ხალხის მუსიკალური ინსტრუმენტების დარბაზი (14 თურქულენოვანი ქვეყნის 27 მუსიკალური ინსტრუმენტი); მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური ინსტრუმენტების დარბაზი (მსოფლიოს 27 ქვეყნის 81 მუსიკალური ინსტრუმენტი).

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა 1908 წელს არის აგებული. პროექტის ავტორია ანდრეი ზენკოვი, რომელმაც შენობა რუსულ სტილში შეასრულა და დაუმატა ძველრუსული ხისკვეთის დეტალები.

1913 წლიდან შენობა გამოიყენებოდა როგორც სოფლის მეურნეობის და წარმოების პროდუქციის გამოფენის პირველი საგამოფენო პავილიონი. 1918-26 წლებში აქ ფოსტა-ტელეგრაფის შენობა იყო. 1927-29 წლებში - კინოთეატრი „წითელი ვარსკვლავი“. დიდი სამამულო ომის წლებში შენობაში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებიდან ევაკუირებული თეატრების შემოქმედებითი კოლექტივები გამოდიოდნენ თავიანთი წარმოდგენებით.

შემდეგ შენობაში ფუნქციონირებდა შუა აზიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი. 1980-1982 წლებში კი — „რესპუბლიკური თოჯინების თეატრი“.

1983 წლიდან შენობაში განთავსდა „ყაზახური ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების ყაზახეთის სსრ-ის რესპუბლიკური მუზეუმი“. (2012 წლიდან — „იკილასის სახელობის ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი“).

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა მართკუთხა ფორმის, ხის თლილ, მაღალ კოშკს წარმოადგენს. ფასადები ხეში ნაკვეთი ჩუქურთმებითაა გაფორმებული.

1979 წლის რეკონსტრუქციის პერიოდში შენობის ხის კვეთაში გამოჩნდა ყაზახური ნაციონალური მოხატულობა: „агаш“ - სიცოცხლის ხე, „шынжара“ - მორბენალი ტალღები, „узилмес“ - ხვიარა ღერო, „откизбе“ - რქისებრი ხვეულა.

ძეგლის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 4 აპრილს, სახალხო დეპუტატთა ალმა-ათის საქალაქო საბჭოს სააღსრულებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, (იმ დროისთვის) „ოფიცერთა სახლის“ შენობამ მიიღო ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი და სახელმწიფოს მიერ დაცული შენობების რიცხვში შევიდა.[2]

1982 წლის 26 იანვარს შენობა (იმ დროისთვის - თოჯინების თეატრი) შეტანილ იქნა ყაზახეთის სსრ-ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სიაში.[3]

1993 წლის 25 ნოემბერს შენობა შედის „ალმათის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული და მემორიალური ნაკრძალის“ შემადგენლობაში. ნაკრძალის ტერიტორიაზე აკრძალულია ახალი მშენებლობები, ობიექტების რეკონსტრუქცია კი მხოლოდ ყაზახეთის კულტურის სამინისტროს ნებართვითაა დაშვებული.[4]

2006 წლის 27 სექტემბერს ქალაქის ხელმძღვანელის, იმანგალი თასმაგამბეტოვის მიერ გამოიცა დადგენილება, რომელიც ყაზახეთის მთავრობას მოუწოდებდა მუზეუმის შენობა ამოეღო ქალაქ ალმათის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სახელმწიფო ნუსხიდან.[5] ზემოხსენებული დადგენილება უარყოფილ იქნა, რადგან შენობა 1982 წლიდან წარმოადგენდა რესპუბლიკური მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Достопримечательности г. Алматы. Музей музыкальных инструментов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-05. ციტირების თარიღი: 2019-01-17
  2. Решение Исполнительного комитета Алма-Атинского городского Совета народных депутатов от 4 апреля 1979 года № 139 «Об утверждении списка памятников истории и культуры города Алма-Аты». ციტირების თარიღი: 2019-01-17
  3. Постановление Совета Министров Казахской ССР от 26 января 1982 года № 38 «О памятниках истории и культуры Казахской ССР республиканского значения». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-21. ციტირების თარიღი: 2013-01-15.
  4. Постановление Кабинета Министpов Республики Казахстана от 25 ноябpя 1993 г. N 1182 «Об организации Алматинского государственного историко-архитектурного и мемориального заповедника». ციტირების თარიღი: 2019-01-17
  5. Памятники, рекомендуемые к исключению из Государственного списка памятников истории и культуры г. Алматы. Постановление акимата города Алматы от 27 сентября 2006 года № 6/1139. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2006-09-26.