ასისფორის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასისფორის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრე თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის ილის (პროვინცია), იუსეფელის ილჩეში (რაიონი). ქალაქ იუსეფელიდან 26 კილომეტრში, სოფ. ქილიჩქაიას თავზე, სოფლიდან დაშორებულია დაახლოვებით 4 კილომეტრით. ციხე საკმაოდ მაღლა, ზღვის დონიდან 1995 მეტრზე მდებარეობს. ამგვარი მდებარეობის გამო, ასისფორი, შეიძლება ერთ-ერთ რთულად ასაღებ ციხედაც კი ჩაითვალოს. ასისფორის ციხის ძირში საინფორმაციო დაფაა, რომელზეც სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, თურქული) აღნიშნულია, რომ ციხე ქართველების მიერ არის აგებული.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასისფორის სახელწოდების ზუსტი ეტიმოლოგია დღეითვის ვერ ხერხდება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასისფორი ძველ საისტორიო წყარობში დადასტურებული ტოპონიმია. VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით, ასისფორის შესახებ საუბრობს მატიანე ქართლისა. იმავე ცნობებს მოგვიანებით ვახუშტი ბატონიშვილი იმეორებს. ასისფორი დამოწმებულია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთანაც. ტაოს შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული VII საუკუნის "სომხურ გეოგრაფიაში". რომელშიც ტაოს გავარებად არის დაყოფილი და მათ შორის ერთ-ერთია არსიაც-ფორი, რომელიც ასისფორს შეესაბამება. მოგვიანებით, ამ მხარეებში ოსმალების გაბატონების შემდეგ, ტოპონიმი ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით - ერსისი/არსისი დამკვიდრდა. ბოლოს, 1928 წლიდან კი ქილიქჩაია ეწოდა.

ციხის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასისფორის ციხე საკმაოდ მიუდგომელი ციხე-სიმაგრეა. ციხე აგებულია კლდოვანი ქედის წვერზე. ასისფორის ციხის გეგმას კლდის რელიეფი განსაზღვრავს. ციხის საერთო ფართობი დაახლოებით 400 კვ.მ-ია. მდებარეობიდან გამომდინარე ასისფორის ციხის აღება რთული საქმე იქნებოდა. დღეისთვის, სამწუხაროდ, ციხის დიდი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია, გოდოლი ანუ მთავარი კოშკი, გალავანი და სამეურნეო ნაგებობები. ზოგიერთი უკეთ არის შემორჩენული, ზოგი მნიშვნელოვნად დაზიანებული და დანგრეულია. ციხე ნაგები ყოფილა ნატეხი/ფლეთილი ქვითა და კირით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული და სომხური საისტორიო წყაროები ადასტურებენ, რომ ასისფორი ძველი ქართული პროვინციის - ტაოს ნაწილს წარმოადგენდა და მისი ისტორიაც ისე წარიმართა, როგორც ტაოსი. ასისფორი და მთლიანად პარხლის ხეობა, თავიდანვე ქართული ტომებით იყო დასახლებული, დიაოხის სამეფოს (XII-VII სს.) შემადგენლობაშ შედიოდა, შემდეგ, ეს ტერიტორია, ძვ.წ IV-III საუკუნეებიდან, ძვ.წ II საუკუნის დასაწყისამდე ქართლის, ანუ იბერიის სამეფოს ნაწილი იყო. მოგვიანებით კი, როგორც ცნობილია, ტაო სომხებმა მიიტაცეს (Strabo, XI, თ. 14,5) როგორც ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი. სტრაბონი (ბერძ. Στράβων; დ. ძვ. წ. 64/63 — გ. 23/24) აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„იბერებს - პარიადრეს კალთები, ხორზენე და გოგარენე, რომელიც მტკვრის გადაღმა არის“

არმენებმა თავისი ქვეყანა იმის ხარჯზე გაზარდეს, რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს ნაწილები. ქართველებისათვის წართმეულ ტერიტორიებს ძირითადად მამიკონიანები განაგებდნენ. დიდ არმენიაში გაერთიანება ტაოში სომხური კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას იწვევდა. პარხლის მხარე, ხან ბიზანტიის ხან ქართველების ხელში გადადიოდა. საბოლოოდ, მხოლოდ VIII საუკუნის მეორე ნახევარში მოახერხეს ბაგრატიონებმა ტაოს უკან დაბრუნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 3, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • მატიანე ქართლისაი. ტექსტი მოამზადა მარიამ ლორთქიფანიძემ. ქართლის ცხოვრება. მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი. თბ.2008 გვ.255
  • ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ.IV. თბ. 1973, გვ 696.
  • დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ცხოვრება მეფეთ-დედოფლისა დავითისი. გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ. ქართლის ცხოვრება. მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი. თბ.2008 გვ.302