არიობარზან II
არიობარზან II | |
---|---|
სომხეთის მეფე | |
მმართ. წლები: | 2 - 4 |
წინამორბედი: | ტიგრან IV და ერატო |
მემკვიდრე: | არტავაზდ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 40 |
გარდ. თარიღი: | 26 ივნისი, 4 |
შვილები: | არტავაზდ III, სომხეთის მეფე |
მამა: | არტავაზდ I, ატროპატენის მეფე |
დედა: | ათენა კომაგენელი |
რელიგია: | მაზდეანობა |
არიობარზან II[1] (დ. ძვ. წ. 40 — გ. 26 ივნისი, 4) — რომაელთა ვასალი სომხეთის მეფე[2] ჩვ. წ. 2-4 წლებში[3]. ასევე იყო ატროპატენის მეფე ძვ. წ. 28 წლიდან გარდაცვალებამდე[4].
ოჯახი და ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არიობარზანი იყო ატროპატენის მონარქთა ძე, ბერძნულ-სომხური წარმომავლობით. მამამისი ატროპატენის მეფე არტავაზდ I იყო, ხოლო დედა კომაგენეს პრინცესა ათენა იყო. მას სახელი პაპის, არიობარზან I-ის პატივსაცემად დაარქვეს. სახელი ასევე შერჩეული იყო მისი ბერძნული ფესვების ხაზგასასმელად.
ატროპატენისა და სომხეთის მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკვე ძვ. წ. 28 წელს ატროპატენის ტახტზე არიობარზან II-მ თავისი ბიძაშვილი ასინალუსი ჩაანაცვლა. ატროპატენში მისი მეფობის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს.
არიობარზანზე ცნობები მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი სომხეთის ტახტის კანდიდატად განიხილებოდა. არტაშესიანთა დინასტიის წარმომადგენელი მეფე ტიგრან IV და დედოფალი ერატო ქვეყანაში არაპოპულარულები იყვნენ, მათი მმართველობა არც რომის იმპერატორს მოსწონდა. რომის ვასლობისგან გასვლიდან თავის ასარიდებლად, რასაც ხელს უწყობდა პართიის მეფე ფრაატ V, იმპერატორი სომხეთისთვის ახალ მეფეს ეძებდა. მას შემდეგ, რაც ტიგრან IV აჯანყებულმა სომხებმა ბრძოლაში მოკლეს, მისი ცოლი და თანამმართველი, დედოფალი ერატო ვეღარ ახერხებდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ამიტომაც მალევე გადადგა ტახტიდან[5]. ამის სანაცვლოდ ჩვ. წ. 2 წელს რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა სომხეთის მეფედ არიობარზან II დასვა. არიობარზანი არტაშესიანთა ნათესავი იყო მამის მხრიდან, რომელიც მეფე არტავაზდ II-ის დის შთამომავალი იყო, რომელიც ატროპატენის მეფე მითრიდატე I-ზე იყო დაქორწინებული[6]. შესაბამისად, მისი სომხეთში გამეფებით დიდად არ ირღვეოდა მონარქიული მემკვიდრეობის ხაზი.
არიობარზანი რომის იმპერიის ერთგულად მსახურობდა სომხეთში და ახლო აღმოსავლეთში ავგუსტუსის პოლიტიკას ატარებდა. აღსანიშნავია, რომ იგი სომხეთსა და ატროპატენს ერთდროულად მართავდა. სომხეთში შესვლისას მას ახლდა ავგუსტუსის შვილიშვილი და შვილობილი გაიუს კეისარი. ამ ფაქტს სომხებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რამეთუ მათ არ სურდათ თავიანთ ტახტზე უცხოელი მეფე, ამიტომაც, როდესაც არიობარზანი სომხეთში კეისართან ერთად შევიდა ცეცხლი გაუხსნეს, მეტიც, მათ უარი თქვეს არიობარზანის მეფედ ცნობაზე. მალევე სომხები ერთ-ერთი კაცის, ვინმე ადონის მეთაურობით აუჯანყდნენ რომაელებს.
გაიუსმა თავისი რომაული ლეგიონებით სასტიკად ჩაახშო აჯანყება, ამოწყვიტა ქალაქ არტაგირას მოსახლეობა და მეფობა ისევ არიობარზანს დაუბრუნა[7]. არიობარზანმა ამის კომპენსაციად არტაგირა თავის დედაქალაქად გამოაცხადა და დაიწყო მისი რეკონსტრუქცია. მისი ფიზიკური სილამაზის, კეთილშობილებისა და სულისკვეთების გამო, სომხებმა დაიწყეს მისი პატივისცემა[8]. არსებობს მეორე სახის წყაროებიც, რომელთა მიხედვითაც, სომხებმა არ აღიარეს რომაული პოლიტიის გამტარებელი არიობარზანი. ივარაუდება, რომ იგი ჩვ. წ. 4 წელს სომეხმა ამბოხებულებმა მოკლეს. ამის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, არტავაზდ III-მ დაიკავა, რომელიც მამის მსგავსად გამეფებიდან ორ წელში ასევე მოკლეს[9].
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არიობარზანის ცოლის ვინაობა უცნობია, თუმცა მას ორი ძე ჰყავდა:
- არტავაზდ III, სომხეთისა და ატროპატენის მეფე;
- გაიუს იულიუს არიობარზანი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Res Gestae Divi Augusti, 1st century
- P.M. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio's Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14) (Google eBook), Oxford University Press, 2004
- M. Bunsen, Encyclopedia of the Roman Empire, Infobase Printing, 2009
- Edited by Timothy Venning, A Chronology of the Roman Empire, Continuum International Publishing Group, 2011
- Azerbaijan iii. Pre-Islamic History, Atropates, Persian satrap of Media, made himself independent in 321 B.C. Thereafter Greek and Latin writers named the territory as Media Atropatene or, less frequently, Media Minor: Parthian period
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.114
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.p.114-115
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.114
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.114
- ↑ Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.36
- ↑ Cassius Dio, 36.14
- ↑ Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.47
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.129
- ↑ "A. Melqonyan, H. Avetisyan, History of Armenia, textbook, 2014. Paragraph: Armenia on the stage of competition between Rome and Parthia. Pages 114-115".