შინაარსზე გადასვლა

ატროპატენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატროპატენა და მეზობელი ქვეყნები ძვ. წ. I საუკუნეში.

ატროპატენა, მცირე მიდია, მიდია ატროპატენა (ძვ. სპარსული Āturpatkān, პეჰლ. Āturpātākān, კლასიკური სპარს. آذربایجان (Āδarbāδāgān/Āδarbāyagān), ბერძ. ᾿Ατροπατήνη, ბიზანტ. ბერძ. Άδραβιγνων, სირ. Aδorbāyγān, აზერ. Atropatena, სომხ. Ատրպատական, არაბ. آذربایجان) — ირანის აზერბაიჯანის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ატროპატენა მოიცავდა თალიშის მთების, მდ. არაქსისა და ურმიის ტბის მიდამოებს. სახელწოდებას ჩვეულებრივ უკავშირებენ ამ ოლქის მმართველის, აქემენიდთა სატრაპ ატროპატის (ძვ. წ. IV საუკუნე) სახელს (ზოგი მკვლევარის აზრით, სახელწოდება დაკავშირებულია ტიტულ ატროპატთან — თეოკრატიული მმართველი). მოგვიანებით ატროპატი ატროპატენას მეფე და სამეფო დინასტიის მამამთავარი გამხდარა. ანტიკურ ავტორთა ცნობებით, ატროპატენა, როგორც ჩანს, ამ რეგიონის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო და ზოროასტული რელიგიის ერთ-ერთი ცენტრი იყო. მისი დედაქალაქი ყოფილა გაზაკა (განძაკი; გვიანდელი არაბული წყაროებით — ჯანზა). ძვ. წ. III საუკუნეში ატროპატენა არტაბაზანეს მეთაურობით აქტიურად იბრძოდა სელევკიდების დაპყრობითი პოლიტიკის წინააღმდეგ, შემდეგ, ძვ. წ. I საუკუნეში კი რომის ექსპანსიას ებრძოდა. ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში ატროპატენა მოიცავდა ქ. სახიჩევანის ტერიტორიასაც. VII საუკუნეში ატროპატენა არაბთა სახალიფომ დაიპყრო.