ანრი გრეგუარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბატი გრეგუარი. მხატვარი: ჟოზეფ ფრანსუა, 1800.

ანრი ჟან-ბატისტ გრეგუარი (ფრანგ. Henri Jean-Baptiste Grégoire; დ. 4 დეკემბერი, 1750, ვოე, საფრანგეთი, — გ. 20 მაისი, 1831, პარიზი) — ფრანგი სასულიერო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ხშირად აბატ გრეგუარის (Abbé Grégoire) სახელითაც იხსენიება. ცნობილია, როგორც კონსტიტუციური ეკლესიის — ნაციონალიზებული რომაულ-კათოლიკური ეკლესიის — პრინციპის, ასევე ებრაელებისა და ზანგების უფლებების დამცველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვოეში (ლუნევილის ახლოს) ღარიბი გლეხის ოჯახში. შეუდგა სასულიერო კარიერას. სახელი გაითქვა 1788 წელს ებრაელების უფლებათა შესახებ გამოქვეყნებული ესეთი. 1789 წელს გენერალური შტატების დეპუტატად აირჩიეს სასულიერო წოდებიდან. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისში იღვწოდა ეროვნულ კრებაში სასულიერო წოდების წარმომადგენლების ერთიანობისთვის, მოითხოვდა ებრაელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას და მონობის გაუქმებას. გამოდიოდა ეკლესიის ნაციონალიზაციის პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის წინააღმდეგ, თუმცა 1790 წლის ივლისში შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ რჩებოდა რევოლუციის ერთგული. მოგვიანებით დაინიშნა „კონსტიტუციურ ეპისკოპოსად“ ლუარსა და შერში.

როგორც ეროვნული კონვენტის წევრი, 1792 წლის სექტემბერში გრეგუარი გამოვიდა მონარქიის გაუქმების წინადადებით, ხოლო ნოემბერში მოითხოვა ლუი XVI-ს გასამართლება. 1793-1794 დექრისტიანიზაციის კამპანიის დროს განაგრძობდა საეკლესიო სამოსლის ტარებას და ღიად აცხადებდა საკუთარ რწმენას. საზოგადოებრივი განათლების კომიტეტში მუშაობისას ცდილობდა გადაერჩინა სამონასტრო ბიბლიოთეკები და რელიგიურ თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. 1794 წლის ივლისში იაკობინელების რადიკალური რეჟიმის დამხობის შემდეგ ხელი შეუწყო აღმსარებლობის თავისუფლების აღდგენას და ხელმძღვანელობდა „კონსტიტუციური ეკლესიის“ რეორგანიზაციას.

1799 წელს გრეგუარი წინააღმდეგი იყო 18 ბრიუმერის გადატრიალების, რომელმაც გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი ხელისუფლებაში მოიყვანა. 1801 წელს სენატში მისი არჩევა ნაპოლეონის კონსულობის და იმავე წლის პაპთან გაფორმებული კონკორდატის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ნაბიჯი იყო. 1804 წელს გრეგუარმა ხმა მისცა ნაპოლეონის იმპერატორად გამოცხადების წინააღმდეგ. 1807 წელს ის იყო ნაპოლეონის მიერ მოწვეული სინედრიონის ებრაელი წარმომადგენლების მრჩეველი. გრეგუარი ემხრობოდა საფრანგეთის კოლონიის ჰაიტის დამოუკიდებლობას, ხოლო მისი აბოლიციონისტური ნაშრომი „ზანგური ლიტერატურა“ („De la littérature des Nègres“, 1808) ამტკიცებდა, რომ ზანგებს ჰქონდათ ისეთივე ინტელექტუალური შესაძლებლობები, როგორც თეთრკანიანებს. 1815 წელს ბურბონთა მეორე რესტავრაციის შემდეგ მტკიცედ იცავდა საკუთარ შეხედულებებს სამოქალაქო უფლებებისა და კონსტიტუციის შესახებ. 1819 წელს აირჩიეს დეპუტატად, მაგრამ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგი გააუქმა. დევნის მიუხედავად გრეგუარი ინარჩუნებდა გავლენას ლიბერალურ წრეებში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლიტერატურულ საქმიანობას და იმ დროის ინტელექტუალებთან მიმოწერას დაუთმო. გარდაიცვალა 1831 წელს. დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Byrnes, Joseph F. (2014). Priests of the French Revolution: Saints and Renegades in a New Political Era. University Park PA USA: Penn State Press. ISBN 978-0-271-06490-1.
  • Popkin, Jeremy D.; Popkin, R. H. (2000). The Abbé Grégoire and his World. Boston-London-Dordrecht: Klewer. ISBN 978-0-7923-6247-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]